Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირმა ნადირაშვილი: სალომე ზურაბიშვილი ქურდების პრეზიდენტია


ირმა ნადირაშვილი
ირმა ნადირაშვილი

საპარლამენტო ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“ სამარცხვინოს უწოდებს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, შეეწყალებინა პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირი.

სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არის უპასუხისმგებლო და უსინდისო ადამიანი - განაცხადა პარლამენტის წევრმა „ევროპული საქართველოდან“ ირმა ნადირაშვილმა. მისი თქმით, მსგავსი გადაწყვეტილებები არღვევს სახელმწიფოს ფუნდამენტს, რადგან თავს უსაფრთხოდ ვერ იგრძნობენ პოლიციელები და შესაბამისად, მოქალაქეებიც.

„პრეზიდენტმა შეიწყალა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული, მაშინ, როცა ციხეში ზის დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომლის დანაშაულზე ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. ციხეში ზის ბატონი ნაკანი, რომელიც არის სპეცრაზმის უფროსი, ადამიანი, რომელიც არაერთი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელია და საკუთარი მკერდით იცავდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას" - თქვა ნადირაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ქურდების პრეზიდენტია, რადგან მის მიერ შეწყალებული მსჯავრდებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ლავასოღლის გუნდის წევრია.

საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს შეიწყალა 34 მსჯავრდებული. მათ შორის აღმოჩნდა რამაზ დევაძე, რომელსაც ბათუმში პოლიციელის მკვლელობისთვის 2015 წელს მიესაჯა 12-წლიანი პატიმრობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG