Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურის წერილის თანახმად არ არსებობს დვალი-აქიმიძის საქმეზე დევნის დაწყების საფუძველი


სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი „ფეისბუკზე“ აქვეყნებს საქართველოს გენერალური პროკურატურიდან 22 აგვისტოს მიღებულ წერილს.

პროკურატურის წერილში ნათქვამია, რომ დვალი-აქიმიძის საქმეზე კონკრეტულ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ამასთან პროკურატურამ დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს აცნობა, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

2015 წლის 14 თებერვალს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს. სწორედ, იმ დროს გადაკვალიფიცირდა საქმე ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლზე.

„გამოძიებას საკმარისი მასალა დაუგროვდა იმისთვის, რომ ეს დასკვნა გაეკეთებინა“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დავით დვალმა.

როგორც დვალი ამბობს, დღეს კი პროკურატურა აცხადებს, რომ ფაქტობრივად, დამნაშავე არ არის და ბრალს არავის წარუდგენენ.

„წერილში არც კი არის გამოყენებული ისეთი სიტყვები, როგორიცაა „ჯერ“ ან „ამ ეტაპზე“. როგორც საბოლოო დასკვნა ისე არის აღნიშნული, რომ ბრალს ვერ წარუდგენენ“, - გვეუბნება დავით დვალი.

სხვა ეპიზოდები

14 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში გენერალური პროკურატურა მიუთითებდა, რომ დვალისა და აქიმიძის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის საფუძველი იქიდან გამომდინარე არ არსებობდა, რომ ფაქტზე მიმდინარე გამოძიება სხვა ეპიზოდებსაც მოიცავს.

როგორც დავით დვალი განმარტავს, საქმე ის არის, რომ ეს გამოძიება ეხება არამხოლოდ 2004 წლის ამბებს [რომელიც დვალს და აქიმიძეს ეხება], არამედ მთლიანად, 2012 წლის ჩათვლით, „რუსთავი 2“-ის ხელიდან ხელში გადასვლის შემთხვევებს. როგორც დვალი ამბობს, მასალა მართლაც ბევრია და რაღაც ეპიზოდებისთვის ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის.

„ჩვენ თავიდან გავუგზავნეთ შეკითხვა, ხანდაზმულობა, რომ გადის, რას აპირებთ? გვიპასუხეს, რომ არ გასდის, იმიტომ, რომ სხვა ეპიზოდებია. თუმცა ჩვენმა ადვოკატებმა განგვიმარტეს, რომ სხვა ეპიზოდზე შეიძლება, მაგრამ კონკრეტულად ჩვენსაზე ბრალს ვერავის წარუდგენენ, რადგან ხანდაზმულობის ვადა გასული იყო. ახლანდელი პასუხი ნიშნავს იმას, რომ ხანდაზმულობა კი არა, უბრალოდ არ იკვეთება არავის დანაშაული“, - ამბობს დავით დვალი.

რამ განაპირობა პროკურატურის ასეთი პოზიცია?

„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი გენერალური პროკურატურის პროკურატურის მოტივაციის შესახებ საუბრობს და საკუთარ ვერსია აქვს, იმის შესახებ, საერთოდ, რატომ არ ხურავენ მათ საქმეს.

„რადგანაც „რუსთავი 2“ უკვე სახელისუფლებო მფლობელობაში გადავიდა, მგონია, რომ მცდელობა აქვთ, ეს საქმე „ჩაფარცხონ". მათი მიზანი არ არის ნამდვილი მესაკუთრის დადგენა. მათი ამოცანა შესრულებულია. ყველამ დავინახეთ, რომ მათი ამოცანა „რუსთავი 2“-ზე კონტროლის დამყარება იყო და არა ის, რომ სამართლიანობა აღედგინათ და დამფუძნებლებისათვის, ვისაც პირველად წაართვეს ტელევიზია, დაებრუნებინათ ის“, - თქვა დვალმა.

დავით დვალის განცხადებით, იმით, რომ საქმეს არ ხურავენ, მას სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელების საშუალება ეზღუდება.

„ვერ გეტყვით ამ ეტაპზე, რას იზამენ, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ [პროკურატურის საპასუხო წერილის] მეორე აბზაცი პრაქტიკულად პირველს უარყოფს და გვეუბნება, რომ გამოძიება კვლავ გრძელდება. ეს იმის მანიშნებელია, რომ ფაქტობრივად საქმის დახურვას არ აპირებენ, რომ მე არ მომეცეს იმის საშუალება, რომ საქმე სტრასბურგში წავიღო და ვიდავო - სახელმწიფომ ჩემი უფლება დაარღვია და არ გამოიძია საქმე“, - აღნიშნავს დავით დვალი.

2004 წლის 16 ივნისს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის წილების შესაძლო იძულებით გადაცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2012 წლის 8 დეკემბერს.

18 ივლისს ცნობილი გახდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება. ევროსასამართლომ ვერ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მფლობელობასთან დაკავშირებული დავის განხილვისას. შედეგად ქიბარ ხალვაშმა და მისმა კომპანიამ „რუსთავი 2"-ს 100%-იანი წილი ოფიციალურად გადაიფორმეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG