Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა არ ასაჯაროებს კიწმარიშვილის, ოქრუაშვილის, ხალვაშის და სხვების ჩვენებებს - ამბობს დავით დვალი


დავით დვალი პროკურატურიდან მიღებულ მეორე წერილს „ფეისბუკზე“ აქვეყნებს. სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის თანადამფუძნებელებს, დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს უფროსი პასუხობს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის, საქმის მასალების სრულად ან ნაწილობრივ გასაჯაროება.

რადიო თავისუფლება დაინტერესდა, კონკრეტულად, რა მასალების გასაჯაროებას მოითხოვდნენ დვალი და აქიმიძე.

„საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვდით, საქმეში არსებული ყველა ჩვენების გასაჯაროებას“, - გვითხრა დავით დვალმა.

დვალმა რამდენიმე გვარიც დაგვისახელა, ვისი ჩვენებებიც საქმეში ფიგურირებს: „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის, „რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მესაკუთრის, ქიბარ ხალვაშის, ნოტარიუს ნუნუ გინტურის, დიმიტრი ქიტოშვილის და სხვ.

რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, როგორც დავით დვალი განმარტავს, მას გრიფით საიდუმლო ადევს.

დვალის შეფასებით, პროკურატურის პასუხი ცოტა არეული ჩანს.

მასში ნათქვამია, რომ საქმე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე (ფულის გათეთრება) სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს წარმოებაშია, მაშინ, როდესაც საქმეს კვალიფიკაცია დვალის და აქიმიძის დაზარალებულად ცნობის დღესვე შეეცვალა. ამჟამად გამოძიება ძალადობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების კვალიფიკაციით მიმდინარეობს.

კიდევ ერთ წერილში, რომელიც დვალმა და აქიმიძემ პროკურატურიდან მიიღეს, აღიშნულია, რომ მათ საქმეზე კონკრეტულ პირთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთვის შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ამასთან პროკურატურამ მათ აცნობა, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება.

2004 წლის 16 ივნისს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის წილების შესაძლო იძულებით გადაცემის ფაქტზე გამოძიება 2012 წლის 8 დეკემბერს დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG