Accessibility links

დე ფაქტო მთავრობის ულტიმატუმის ვადის გასვლიდან ორი საათის შემდეგ საგუშაგოსთან სიმშვიდეა


დილის 8 საათის მდგომარეობით სიმშვიდეა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში. ქართული პოლიციის საგუშაგოსთან იმყოფება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმი.

მოპირდაპირე ფერდობზე მდებარე ოკუპირებული სოფლიდან, წნელისიდან ვითარებას აკვირდება დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურების ათამდე წარმომადგენელი.

ჩორჩანის საგუშაგოსთან მყოფი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბარში აცხადებს, რომ ოფიციალური თბილისის მთავარი ინსტრუმენტი საერთაშორისო პარტნიორების უპირობო მხარდაჭერაა.

„ამ ადგილს ყოველთვის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებდა. ამას საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები აღნიშნავდნენ", - თქვა ლაშა დარსალიამ.

როგორც მინისტრის მოადგილე ამბობს, მნიშვნელოვანია, რომ არსებული ინციდენტის და ზოგადად, ვითარების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეს.

„ამ მიზნით ჩვენ დაუყოვნებლივ ავამოქმედეთ ჩვენ ხელთ არსებული საშუალებები. გუშინვე შევკრიბეთ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. პარალელურ რეჟიმში საქართველოს შესაბამის საელჩოებს მიეცათ ინსტრუქცია, რომ პარტნიორი ქვეყნების დედაქალაქებში ემოქმედათ. 24-საათიან რეჟიმში პარტნიორებთან კონტაქტზე ვართ. სწორედ მათი უპირობო მხარდაჭერაა ჩვენი ყველაზე მთავარი ინსტრუმენტი", - განაცხადა ლაშა დარსალიამ. მისი თქმით, არის რაღაც ნაწილი, რაც საჯაროა და ყველა ხედავს, მაგრამ პარალელურად არის პრაქტიკულად, ყოველწუთიერი მუშაობა პარტნიორებთან ერთად.

ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ულტიმატუმი 29 აგვისტოს წაუყენა და სოფელ ჩორჩანაში განთავსებული პოლიციის საგუშაგოს ასაღებად დრო 30 აგვისტოს, დილის 6 საათამდე მისცა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG