Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩორჩანის გარშემო შექმნილი ვითარების გამო სპეციალური შეხვედრა იგეგმება


ჩორჩანა
ჩორჩანა

საქართველოს მთავრობის და რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა იგეგმება.

ოსური მხარის ინფორმაციით, შეხვედრა ჩატარდება ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, თუმცა, არა ერგნეთში, სადაც ტრადიციულად იმართება ამ ფორმატის შეხვედრები.

დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა, მურატ ჯიოევმა სააგენტო „რეს“-ს უთხრა, რომ ტექნიკური შეხვედრა 30 აგვისტოს გაიმართება იმ რაიონში, სადაც „ქართულმა პოლიციამ უკანონო საგუშაგო დადგა.“

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, ჩორჩანაში ჩავიდნენ სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი რუდოლფ მიხალკა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი, რომლებმაც კონსულტაცია გამართეს ადგილზე მყოფ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„არსებობს ვარაუდი, რომ შესაძლოა შედგეს გარკვეული შეხვედრა ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებთან მათი მხრიდან, რომელსაც შეიძლება ასევე, დაესწროს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები. ვნახოთ, მოვლენებს არ გავასწროთ. ჩვენ მოწოდებული ვართ იმისთვის, რომ კონსტრუქციული კუთხით გავაგრძელოთ თანამშრომლობა“ - უთხრა ჟურნალისტებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ რუდოლფ მიხალკასა და ერიკ ჰოგთან საუბრის შემდეგ.

შეკითხვას, შეხვედრის შემთხვევაში იქნება თუ არა ქართული მხარის პოზიცია უცვლელი, რომ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგო არ დაიშლება, კახა ქემოკლიძემ უპასუხა, რომ პოზიცია იქნება ისეთი, როგორიც წაადგება ცენტრალური ხელისუფლების სახელმწიფო ინტერესებს. ქემოკლიძემ კვლავ გაიმეორა, რომ პოლიციის საგუშგოს განთავსება ემსახურება ადგილზე უსაფრთხოებას, რომელიც მოცემული მომენტისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

29 აგვისტოს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო შეხვედრაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოს მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა და მოთხოვა, რომ 30 აგვისტოს, დილის 6 საათამდე აიღოს ჩორჩანაში განთავსებული პოლიციის საგუშაგო. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩორჩანა ოკუპირებული ზნაურის რაიონის სოფელ წნელისს ესაზღვრება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG