Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა გორგოძე შეიძლება საქართველოს ნაკრებში დაბრუნდეს


საქართველოს სარაგბო ნაკრები მსოფლიოს თასზე შეიძლება ყოფილ კაპიტანთან - მამუკა გორგოძესთან ერთად გაემგზავროს. „რადიო თავისუფლების“ წყაროს ინფორმაციით, 35 წლის სპორტსმენი საქართველოს რაგბის კავშირის შეთავაზებას უკვე დათანხმდა და წინასწარი შეთანხმება მიღწეულია საფრანგეთის „ტულონთანაც“, სადაც გორგოძე თამაშობს. თუმცა, რაგბის კავშირი და საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.

მამუკა გორგოძემ „ბორჯღალოსნების“ რიგებში ბოლო თამაში 2017 წელს გამართა, რუმინეთის წინააღმდეგ. ნაკრებში მის დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება დიდი ხნის წინ დაიწყო. ამ დღეებში კი, საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რადგან მილტონ ჰეიგის გაწვრთნილ გუნდს მსოფლიოს თასის წინ ტრავმის გამო გამოაკლდა მესამეხაზელი გიორგი ცუცქირიძე.

ერთი კვირის წინ, მსოფლიო რაგბის მმართველმა ორგანიზაციამ თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა იმ მორაგბეებისგან დაკომპლექტებული სიმბოლური გუნდი, რომელთაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული არასოდეს მოუპოვებიათ და საუკეთესო თხუთმეტეულში მამუკა გორგოძეც შეიყვანა, ჯონა ლომუს, ოდრისკოლისა და სხვა ლეგენდარული სპორტსმენების გვერდით.

რაგბიში მსოფლიოს თასი იაპონიაში 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე გაიმართება და საქართველოს ნაკრები D ჯგუფში ავსტრალიის, უელსის, ფიჯისა და ურუგვაის ნაკრებებს დაუპირისპირდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG