Accessibility links

ქართული მხარე ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს გაუქმების საკითხს არ განიხილავს


ირაკლი ანთაძე

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს.

ევროკავშირის და ეუთოს შუამავლობით, საქართველოს ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები განიხილავენ საოკუპაციო ხაზთან ბოლო ხანს შექმნილ დაძაბულობას.

„ჩვენი მიზანია, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და შენელდეს დაძაბულობა, რაც შეინიშნება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს“ - განაცხადა შეხვედრის წინ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგო დაკომპლექტებულია სტანდარტული პირადი შემადგენლობით, რომელსაც სტანდარტული ეკიპირება აქვს და არ შეიძლება იყოს რაიმე საფრთხის შემცველი. „პირიქით, მისი ამოცანაა ადგილზე უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფა“ - თქვა ირაკლი ანთაძემ.

მისი ინფორმაციით, დღევანდელ ტექნიკურ შეხვედრაზე ისაუბრებენ ნაბიჯებზე, რაც ხელს შეუწყობს დაძაბულობის შემცირებას პირველ ყოვლისა, სოკუპაციო ხაზს მიღმა მდებარე სოფლებში, რათა ყველა დარწმუნდეს, რომ აუცილებელია ადგილზე სტაბილური გარემოს შენარჩუნება.

ირაკლი ანთაძის განცხადებით, ჩორჩანის საგუშაგო ცალსახად მდებარეობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, უზრუნველყოფს სიმშვიდეს და სტაბილურობას და მისი მოშლის საკითხი არ განიხილება.

„ეს დღის წესრგში არ არის. ვსაუბრობთ მხოლოდ იმ ნაბიჯებზე, რაც ხელს შეუწყობს დაძაბულობის გარდუსის დაწევას და ბოლოს მოუღებს აჟიოტაჟს, რომელიც მუდმივ სტრესში ამყოფებს განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზს მიღმა სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას“ - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

საოკუპაციო ხაზთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც აგვისტოს ბოლოს, საქართველოს შსს-მ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგო განათავსა. საპასუხოდ, მოსაზღვრე ოკუპირებულ სოფელ წნელისთან შეინიშნებოდა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების კონცენტრაცია.

29 აგვისტოს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 95-ე შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა პოლიციის საგუშაგოს აღება მოითხოვეს.

30 აგვისტოს, ეუთოს და ევროკავშირის წარმომადგენელთა მონაწილეობით, მხარეებმა ტექნიკური შეხვედრა წნელისთან გამართეს. ამ შეხვედრაზე რაიმე შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG