Accessibility links

site logo site logo

პრემიერ-მინისტრის გადადგომამ პარლამენტის დღის წესრიგი გაზარდა


3 სექტემბერს, პლენარული სხდომით გაიხსნება საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესია. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მამუკა ბახტაძის გადადგომის გამო, საშემოდგომო სესიის პირველი კვირის დღის წესრიგში პრიორიტეტული გახდა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი.

პარლამენტისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის და მთავრობის შემადგენლობის წარდგენის შემდეგ, განხილვა კომიტეტებსა და ფრაქციებში დაიწყება. „შესაბამისად, მიმდინარე სასესიო კვირა, როგორც ის იყო დაგეგმილი პლენარული სხდომების თვალსაზრისით, შეიცვლება და ამ კვირაში ჩვენ ჩავატარებთ საკომიტეტო მოსმენებს და ფრაქციებთან შეხვედრებს. შემდგომში უკვე გვექნება პლენარული სხდომა, რომელიც დაეთმობა პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მიმართ ნდობის გამოცხადებას“, - განაცხადა 2 სექტემბერს, ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

3 სექტემბერს, 11 საათზე დანიშნულია პარლამენტის ბიუროს სხდომა, ხოლო 12-ზე საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა.

საშემოდგომო სესიის პირველ კვირაში განსახილველ სხვა საკითხებს შორისაა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტის გამოქვეყნებას საყოველთაო-სახალხო განხილვისთვის და ამ მიზნით 13 წევრიანი საორგანიზაციო კომისიის შექმნას.

დეპუტატები ამ შინაარსის ორ დადგენილებას მიიღებენ, რადგან პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების ორი პროექტია ინიცირებული. ორივე მათგანი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას ითვალისწინებს.

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებებით, მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება უკვე მომდევნო, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები და არა 2024 წლიდან, როგორც ამას დღეს მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს. „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი ე.წ. ნულოვანი ბარიერით უნდა შეიცვალოს და აიკრძალოს საარჩევნო ბლოკების შექმნა.

20 ოპოზიციური პარტიის მიერ 200 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერით პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, 2020 წლის პროპორციული არჩევნები უნდა ჩატარდეს 3%-იანი ბარიერით და არ უნდა აიკრძალოს საარჩევნო ბლოკების შექმნა.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ მაჟორიტარული სისტემის 2020 წლისთვის გაუქმებას დათანხმდა 20 ივნისს დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად. რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო გამოსვლების მონაწილეთა ერთ-ერთი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა იყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG