Accessibility links

საქართველოს მთავრობაში ორი საკადრო ცვლილებაა


ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილია ვახტანგ გომელაური, ხოლო თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი.

ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ გამოაცხადა. "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე გახარიამ თქვა, რომ "ეს ცვლილებები გააძლიერებს მთავრობას და პოლიტიკურ გუნდს."

რაც შეეხება ლევან იზორიას, რომელიც ამჟამად თავდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებს, ის უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს.

ვახტანგ გომელაური, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას შეცვლის, ამჟამად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობს, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანია. ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორიას შეცვლის.

ვახტანგ გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა 2015 წელსაც, როცა ამ თანამდებობაზე ალექსანდრე ჭიკაიძე შეცვალა. 2013-2014 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, მანამდე კი ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურის უფროსი.

ირაკლი ღარიბაშვილი 2012-2013 წლებში იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობას. 2013 წლის ნოემბერში მან პრემიერ-მინისტრის პოსტზე შეცვალა ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს მთავრობას 2015 წლის დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა.

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკურ საქმიანობას 2019 წლის გაზაფხულზე დაუბრუნდა და პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი გახდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG