Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან თევზაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურა მოხსნა


უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატმა ლევან თევზაძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს თავისი კანდიდატურის მოხსნის განცხადებით მიმართა. გადაწყვეტილების მიღების მიზეზი მან განმარტა საგანგებო განცხადებაში. განცხადების თანახმად, მისი ნათესაური კავშირი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთან ირაკლი შენგელიასთან აცილების საფუძველს არ წარმოადგენდა, თუმცა ისტორიულ პროცესს ჩრდილი რომ არ მიადგეს, გადაწყვიტა მოხსნას კანდიდატურა:

როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს წევრთა შერჩევის პროცესი. შერჩევის პროცესში კონკრეტულმა პირებმა, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ზოგიერთმა არამოსამართლე წევრმა, საზოგადოებას მიაწოდეს მცდარი ინფორმაცია თითქოს საბჭოს წევრ ირაკლი შენგელიასთან ჩემი ნათესაური კავშირი აცილების საფუძველს წარმოადგენდა, რაც პროცესის მიზანმიმართული დისკრედიტაციაა.

ორგანული კანონით პირდაპირ არის განსაზღვრული აცილების კონკრეტული საფუძვლები, რაც ჩემს შემთხვევას საერთოდ არ ეხება. მიმაჩნია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის დადგენილ ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებ და მაქვს ლეგიტიმური უფლება, მონაწილეობას ვიღებდე კონკურსში, თუმცა მხედველობაში მივიღე მიმდინარე პროცესის მნიშვნელობა სასამართლო სისტემისთვის და მიზანშეწონილად მივიჩნიე, მიმემართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის კანდიდატურის მოხსნის თაობაზე, რათა ჩრდილი არ მიადგეს ამ ისტორიულ პროცესს“,- აღნიშნულია ლევან თევზაძის განცხადებაში.

ლევან თევზაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა. იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ირაკლი შენგელიას ცოლის ძმაა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატის შესარჩევად კენჭისყრას დღეს, 4 სექტემბერს გამართავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG