Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება თბილისს ახალი პროვოკაციის მცდელობაში ადანაშაულებს


პერევი
პერევი

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ალან ტადტაევი დეპუტატებთან ერთად გაემგზავრა სოფელ სინაგურში, საიდანაც ინფორმაცია მოდის ქართული მხარის მორიგი პროვოკაციის შესახებ - ამ შინაარსის ცნობას ავრცელებს დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ი.

საუბარია ქართული პოლიციის საგუშაგოს მშენებლობაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევთან, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს, კერძოდ, სინაგურს ესაზღვრება.

სინაგურში დე ფაქტო პარლამენტის წევრების გამგზავრებას წინ უძღოდა დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადება, რომ ქართული მხარე კვლავ ცდილობს დაძაბულობის პროვოცირებას და ამ მიზნით, 25 აგვისტოს გააგრძელა პერევთან პოლიციის ობიექტების მოწყობის სამუშაოები. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებითვე, პოლიციის საგუშაგოს და დასახლებული პუნქტის, პერევის დამაკავშირებელ გზაზე იგეგმება კაპიტალური სამუშაოები და გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა.

აგვისტოს ბოლოს, საოკუპაციო ხაზთან ვითარება დაიძაბა მას შემდეგ, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს განთავსების გამო, მოსაზღვრე ოკუპირებულ სოფელ წნელისთან შეინიშნებოდა საოკუპაციო ძალების კონცენტრაცია. დე ფაქტო ხელისუფლებამ საგუშაგოს აღება მოითხოვა.

სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ეუთოს და ევროკავშირის შუამავლობით ჩატარდა ორი ტექნიკური შეხვედრა, რომელზეც კონკრეტული შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ჩორჩანა მის მიერ კონტროლირებული ტერიტორიაა, პოლიციის სტანდარტული საგუშაგოს განთავსება მიზნად ისახავს მხოლოდ უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მის გადატანას არ აპირებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG