Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთი: წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს ბრექსიტს ბრიუსელთან შეთანხმების გარეშე


დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატამ 29 ხმის უპირატესობით მიიღო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს 31 ოქტომბერს ქვეყნის გასვლას ევროკავშირიდან ბრიუსელთან შეთანხმების გარეშე. როგორც მოსალოდნელი იყო, დოკუმენტს მხარი დაუჭირა ოპოზიციის უმრავლესობამ, ასევე 20-ზე მეტმა დეპუტატმა, რომლებიც გუშინ გარიცხეს მმართველი კონსერვატიული პარტიიდან - მას მერე, რაც მათ მხარი დაუჭირეს ამ კანონპროექტის განხილვას პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის პოზიციის საწინააღმდეგოდ.

კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ თუკი დიდი ბრიტანეთი 19 ოქტომბრამდე არ მიაღწევს ევროკავშირთან შეთანხმებას ბრექსიტის თაობაზე, პრემიერი ვალდებული იქნება, ევროკავშირს ვადის მორიგი გახანგრძლივება სთხოვოს 31 ოქტომბრიდან 2020 წლის 31 იანვრამდე.

ბორის ჯონსონმა ადრე უკვე განაცხადა, რომ ეს პირობა მისთვის მიუღებელია. მან პარლამენტში შეიტანა წინადადება, 15 ოქტომბერს გაიმართოს ვადამდელი არჩევნები, რათა ბრექსიტის საკითხი არჩევნებში გამარჯვებულმა გადაწყვიტოს. მაგრამ ლეიბორისტები, რომელთა თანხმობის გარეშე პარლამენტი ვერ დაიშლება, აცხადებენ, რომ ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ მას შემდეგ დაუჭერენ მხარს, რაც ძალაში შევა კანონპროექტი ბრექსიტის თარიღის გადაწევის შესახებ. საამისოდ ის კიდევ მოწონებულ უნდა იქნეს წარმომადგენელთა პალატის მიერ მესამე მოსმენით, ასევე ლორდთა პალატის მიერ და მიღებულ უნდა იქნეს დედოფლის თანხმობა.

ჯონსონმა ადრე განაცხადა, რომ ბრიტანეთი ნებისმიერ შემთხვევაში გავა ევროკავშირიდან ოქტომბრის ბოლოს, ბრიუსელთან შეთანხმების მიღწევის გარეშეც. კანონპროექტის მიღება, რომელიც ფაქტობრივ კრძალავს ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას, და ამავე დროს რიგგარეშე არჩევნებზე უარის თქმა, უჩვეულო კოლიზიას წარმოშობს - პრემიერ-მინისტრს არ გამოუცხადებენ უნდობლობის ვოტუმს, მაგრამ ის ფაქტობრივ დაკარგავს უფლებამოსილებებს, დამოუკიდებლად განსაზღვროს ბრექსიტთან დაკავშირებული პოლიტიკა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG