Accessibility links

ორი ოპოზიციური პარტიის დეპუტატები მინისტრობის კანდიდატთა მოსმენას არც დღეს ესწრებიან


საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში განახლდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილი მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის გახილვა.

ამჟამად ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე უსმენენ იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს, თეა წულუკიანს.

სხდომას კვლავ არ ესწრებიან ოპოზიციური პარტიების, „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები.

მათი პოზიციაა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას წარდგენა საზოგადოებაზე ძალადობა და მისი შეურაცხყოფაა, რადგან ორ თვეზე მეტია მოქალაქეთა ნაწილი მოითხოვს გახარიას გადადგომას 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციის ძალით დაშლის გამო.

„ამ სიტუაციაში ნორმალური პოლიტიკური დიალოგი ვერ იქნება, მით უმეტეს, არანაირი შეკითხვები არ შეიძლება არსებობდეს ცალკეულ მინისტრებთან, სადაც ფორმალურადაც კი არ განხორციელებულა არც ერთი ცვლილება. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან სასამართლო სისტემის უმძიმეს კრიზისში შეყვანაზე, სამართალდამცავი სისტემის პოლიტიკურ იარაღად ქცევასა და ყველა იმ მავნებლურ ნაბიჯზე, რომელსაც "ქართული ოცნება" სამართალდამცავი სისტემის მიმართულებით დგამდა“ - უთხრა ჟურნალისტებს დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ ირაკლი აბესაძემ.

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის შემდეგ ოთხი საპარლამენტო კომიტეტი მოუსმენს შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრობის კანდიდატებს, ვახტანგ გომელაურს და ირაკლი ღარიბაშვილს.

„ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები საკომიტეტო მოსმენებს არც 4 სექტემბერს დაესწრნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG