Accessibility links

ახალი ამბები

ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილს მიუსაჯა მოსამართლემ და ამით ალბათ გამოისყიდა წარსულის გადაცდომები

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამართულ მოსმენაზე, მოსამართლეების შესახებ დეპუტატ ეკა ბესელიას შეკითხვას უპასუხა.

„მესმის, რომ ძალიან დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ამ საკითხმა. მე ერთ-ერთ გამოსვლაში მაგალითიც მოვიტანე, რომ მოსამართლემ, რომელმაც 2011-2012 წლებში ჩემი ოჯახის წევრი გაასამართლა, ამავე მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილი გაასამართლა და მიუსაჯა დაუსწრებლად პატიმრობა. მე ასეთი აზრი მაქვს, თუ ადამიანი გულწრფელად, ამ შემთხვევაში საქმით აჩვენებს სინანულს, ან აქვს სურვილი ჩადგეს ქვეყნის სამსახურში, მე მგონი ძალიან რთული საკითხია, ქალბატონო ეკა, რომ ადამიანებს არ მივცეთ შანსი გამოსწორების. მე მგონი სიმბოლური იყო ის, რომ მიხეილ სააკაშვილს მიუსაჯა მოსამართლემ და ამით ალბათ მან გამოისყიდა წარსულში მის მიერ დაშვებული გადაცდომები თუ დავალებები“, - ამბობს მინისტრობის კანდიდატი და „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი.

ეკა ბესელია დაინტერესდა, როგორი შეიძლება იყოს 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების დაპირება იმ შემთხვევაში თუ ის მოსამართლეები იქნებიან უვადოდ არჩეულები, რომლებიც „ემსახურებოდნენ წინა, ძალადობრივ რეჟიმს და აკანონებდნენ უკანონობას“.

„თქვენც ფიქრობთ, რომ, ვინც ცუდად იქცეოდა, დღეს კარგად იქცევა და ვინც ცუდ საქმეებს სჩადიოდა, მოსამართლეების სახით, დღეს კარგ საქმეებს აკეთებენ? თქვენც იზიარებთ ამ პრინციპს?“ - მიმართა ბესელიამ ღარიბაშვილს.

საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურის ფარგლებში 5 სექტემბერს ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე წარსდგა.

ყველა ახალი ამბავი

ევროკავშირი საქართველოს 183 მილიონ ევროს გამოუყოფს კორონავირუსთან საბრძოლველად

„ამ რთულ დროში ევროკავშირი საქართველოს გვერდითაა“ - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „ტვიტერის“ გვერდზე მადლობას უხდის ევროკავშირს არსებულ რთულ ვითარებაში ქვეყნისთვის დამატებითი დახმარების გამოყოფისთვის.

„უაღრესად ვაფასებთ ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომელიც შეეხება საქართველოსთვის ორმხრივი დახმარების ფარგლებში 183 მლნ ევროს ოდენობის თანხის გადამისამართებას კოვიდ-19-ის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად“, - წერს დავით ზალკალიანი.

8 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 211 შემთხვევაა, მათ შორის, 50 გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 3 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 4559 პირი იმყოფება. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 353.

„საფარი" კარანტინში ახალგაზრდა ქალზე ექიმის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე მიუთითებს

არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ კარანტინში მყოფი ახალგაზრდა ქალის მიმართ ექიმის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ ილაპარაკა.

პატარაია გარემოებებს დეტალურად აღწერს. „მარტის ბოლოს, კარანტინში იმყოფებოდა ახალგაზრდა ქალი, რომელიც შეამოწმა ექიმმა. რეალურად სექსუალურ შევიწროებას ჰქონდა ადგილი. ექიმმა ქალს მოსთხოვა, რომ გაეხადა ფილტვების მოსასმენად, ამ გოგონამ კი უარი თქვა სრულ გაშიშვლებაზე. მას შემდეგ, რაც ფილტვები მოუსმინა და ბიუსტჰალტერი შეუხსნა ექიმმა, დაწოლა მოსთხოვა, იმისთვის, რომ სახსრები გაესინჯა. სახსრების გასინჯვისას არაერთხელ ჰქონდა არასასიამოვნო შეხებას ადგილი. ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ კარანტინში გადაყვანილი ადამიანები, რომლებსაც არაფერი აწუხებთ თუ უნდა შემოწმდნენ ვირუსზე, აქ არაფერ შუაშია სახსრების შემოწმება“, - აღნიშნავს პატარაია.

როგორც „საფარის“ ხელმძღვანელი ამბობს, მან კონსულტაციები გაიარა შესაბამის სფეროში მომზადებულ რამდენიმე ექიმთან და, მისი თქმით, დასახელებული შემთხვევა ყველასთვის გასაკვირი აღმოჩნდა.

„ჩვენ შევეცადეთ, რომ გაგვერკვია, რა სტანდარტი გამოიყენება ვირუსის შემოწმების დროს და მაქსიმუმ ეს არის ტემპერატურის გაზომვა, ფილტვების მოსმენა და შემდეგ უკვე რენტგენი, საუბარი არ არის არანაირ სახსრებზე“, - აზუსტებს პატარაია.

საქმეში უკვე ჩაერთო სახალხო დამცველი და ქალის ინტერესებს ორგანიზაცია საფარი იცავს. „ექიმი გამოიძახეს, გამოკითხეს, ექიმმა დაადასტურა რეალურად ქალის ასეთი გასინჯვის ფაქტი“, - თქვა პატარაია. გარდა ამისა, ორგანიზაციამ მიმართა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს, რომელიც, როგორც პატარაია ამბობს, ექიმის არაეთიკური ქცევისას, არის პასუხისმგებელი ორგანო და მას სანქციის გამოყენებაც შეუძლია.

„ამ სააგენტოდან ჯერჯერობით არანაირი სიახლე არ არის, ისინი ამბობენ, რომ აქვთ ბევრი საქმე. სააგენტო პასიურობს და ჩვენ არ ვიცით, ამ ექიმს ამჟამად ვისთან აქვს შეხება“, - შენიშნავს პატარაია.

ორგანიზაცია მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს და ომბუდსმენის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საქმიანობიდან ექიმის ჩამოშორებას მოითხოვს.

WHO-ს ხელმძღვანელი გაერთიანების მოწოდებით გამოვიდა ტრამპის კრიტიკის საპასუხოდ

ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიტიკის შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) თავს იცავს.

სამშაბათს ტრამპმა ორგანიზაციას შეცდომებში დასდო ბრალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და დაიმუქრა, რომ WHO-ს დაფინანსებას შეუწყვეტს.

ოთხშაბათს WHO-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა ყოველდღიურ ბრიფინგზე არ ისურვა პირდაპირ ტრამპის კრიტიკაზე საუბარი და თქვა, რომ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე კონცენტრირება ურჩევნია.

2018-2019 წლებში აშშ-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბიუჯეტში თითქმის 900 მილიონი დოლარი ჩარიცხა, რაც ორგანიზაციის მთელი ბიუჯეტის ერთი მეხუთედია.

ტედროს ადჰანობ ღებრეიუსმა ოთხშაბათის ბრიფინგზე ყურადღება გაამახვილა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისას სოლიდარობისა და გაერთიანების მნიშვნელობაზე.

„ჩვენ დრო გვჭირდება გასაერთიანებლად... გავერთიანდეთ... წინ უარესი გველის, თუკი არ ვიჩქარებთ და არ გავერთიანდებით.“

დაფინანსების საკითხს შეეხო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი ჰანს კლუგე.

„ჯერჯერობით პანდემიის მწვავე ფაზაში ვიმყოფებით. ახლა არაა დაფინანსების შემცირების დრო“, განაცხადა კლუგემ, რომელმაც თავი აარიდა პასუხს შეკითხვაზე, შეძლებენ თუ არა ევროპის ქვეყნები დაფინანსებაში რაიმე დეფიციტის შევსებას.

ბერნი სანდერსი აღარ იბრძოლებს საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების კანდიდატობისთვის

ბერნი სანდერსი

აშშ-ის სენატორმა ბერნი სანდერსმა შეწყვიტა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ბრძოლის კამპანია. სანდერსის ეს გადაწყვეტილება აშშ-ის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს საშუალებას მისცემს დემოკრატიული პარტიის კანდიდატი გახდეს და კონკურენცია გაუწიოს მოქმედ პრეზიდენტს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს.

ახლახან ბაიდენმა სანდერსს მოუგო შიდაპარტიულ არჩევნებში ილინოისში, არიზანასა და ფლორიდაში.

ბაიდენი უკვე მანამდე დიდი სხვაობით უსწრებდა სანდერსს. კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე ნომინაციის პრეტენდენტები არ აწარმოებდნენ კლასიკურ კამპანიებს. გაუქმდა მიტინგები და ამომრჩევლებთან შეხვედრები.

დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად ნომინირებისთვის საჭიროა პარტიის ყრილობის 3979 დელეგატის 1991 ხმის მოგროვება. ყრილობა ივლისშია დაგეგმილი.

ტრამპმა გუშინ ილინოისსა და ფლორიდაში გამართული პრაიმერისების შედეგად 1301 დელეგატის ხმა მოაგროვა. რესპუბლიკური პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატად წამოყენებისთვის ტრამპს 2441 ხმიდან 1276 ესაჭიროება.

მარინა ეზუგბაია: ყოველდღიური საშუალო მატება არის დღეში ათი პაციენტი

ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების მოსალოდნელი პიკის შესახებ შეკითხვას პასუხობს.

„თუ ჩვენ ასე ზომიერი, კონტროლირებადი მატება გვექნება... ვცდილობ, ყოველდღიურად მედიასთან ვცდილობ გავაანალიზო. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიური საშუალო მატება არის დღეში ათი პაციენტი. თუ ჩვენ ასე გავაგრძელებთ და ყოველდღიურად ათ პაციენტზე მეტი არ დაგვემატება, ძალიან კარგია და პიკურ მდგომარეობას თავს ავარიდებთ. მატება გვექნება, მაგრამ ისეთი, რომლის გამკლავებაც არ გაგვიჭირდება“, - თქვა ეზუგბაიამ.

8 აპრილს, 20:00 საათის მონაცემებით, საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 208 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 50 ადამიანი, გარდაიცვალა - 3. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 682 პირი. სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 375.

ევროპარლამენტი დაეხმარება უსახლკაროებს და ჯანდაცვის მუშაკებს

დავიდ სასოლი

8 აპრილს ევროპის პარლამენტის თავმჯდომარემ, იტალიელმა პოლიტიკოსმა დავიდ სასოლიმ გამოაცხადა, რომ ევროპარლამენტი მხარში ამოუდგება ჯანდაცვის მუშაკებს და ბრიუსელის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება.

პარლამენტის თავმჯდომარემ ვიდეომიმართვაში განაცხადა: „მოქალაქეების მიმართ კონკრეტული სოლიდარობის ჩვენება ევროპის პარლამენტის ხაზია. ბრიუსელის რეგიონთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ ჩვენი შენობის ნაწილი უსახლკაროებს და საზოგადოების ყველაზე დაუცველ ნაწილს დავუთმოთ ჯანდაცვის თვალსაზრისით ამ სერიოზულ საგანგებო ვითარებაში.“

გარდა ამისა, სასოლის თქმით, ევროპარლამენტის სამზარეულო დღეში მოამზადებს 1000-ზე მეტ პორცია კერძს, რომელიც გაჭირვებულებს და ჯანდაცვის მუშაკებს დაურიგდებათ მათთვის მუშაობისას დახმარების აღმოსაჩენად.

დავიდ სასოლის სიტყვებით, „ჩვენ გვინდა ახლოს ვიყოთ იმათთან, ვინც გასაჭირშია, იმათთან, ვინც დაუღალავად შრომობს ჩვენს საავადმყოფოებში, ახლოს ვიყოთ ქალაქ ბრიუსელთან და მის ხალხთან, ისევე, როგორც ხალხთან სტრასბურგსა და ლუქსემბურგში“, ევროკავშირის მასპინძელ ქალაქებში. „ევროპის ძლიერება არის მის უნარში, იმოქმედოს სოლიდარულად,“ განაცხადა ევროპარლამენტის თავმჯდომარემ.

COVID-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 2-ით გაიზარდა და 50 შეადგინა. ცვლილება ოფიციალურ საიტზე აისახა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თანახმად, 2 ახალი გამოჯანმრთელებული აღნიშნულ კლინიკაში მკურნალობდა.

STOPCOV.Ge-ის თანახმად, ამ დროისათვის სულ დადასტურებულია ინფიცირების 208 შემთხვევა, გარდაცვლილია - 3.

ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას „ტვიტერზე“ მადლობა გადაუხადა.

„მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ჯანდაცვის მსოფლიო დღეს ქართველი ხალხისა და განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისადმი შესანიშნავი გზავნილისთვის. ერთად COVID-19-ის წინააღმდეგ! სოლიდარობა!“, - წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი.

7 აპრილს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელთან დაკავშირებითაც ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა მადლობა არაერთი ქვეყნის ლიდერს გადაუხადა, მათ შორის, ჩილეს პრეზიდენტს, პარაგვაის პრეზიდენტს, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრს, სინგაპურის პრემიერ-მინისტრს, ნამიბიის პრეზიდენტს, რუმინეთის პრეზიდენტს, კანადის პრემიერ-მინისტრს და სხვებს.

ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებაში ანალიტიკური ორგანიზაციები ჩაერთვებიან

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური გუნდი ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის გეგმაზე ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებს. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიიღო ანალიტიკური და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დღევანდელი ვიდეოკონფერენციისას.

„ამ მიზნით, სპეციალური პლატფორმა შეიქმნება, რომლის ფარგლებში მოსაზრებების გაცვლა და რეკომენდაციების შემუშავება ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება. ვიდეოკონფერენციისას ყურადღება გამახვილდა ყველა იმ ღონისძიებაზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ, მიმდინარე ეპიდემიოლოგიური კრიზისის ეკონომიკური შედეგების მინიმიზებისთვის განახორციელა“, - იტყობინება საქართველოს მთავრობა.

როგორც პრესრელიზშია ნათქვამი, ვიდეოკონფერენციაზე აღინიშნა ისეთი ღონისძიებები, როგორიცაა მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირება, ქონებისა და საშემოსავლო გადასახადების გადავადება ისეთი მოწყვლადი სექტორის ბიზნესსუბიექტებისთვის, როგორიცაა ტურიზმი. საუბარი შეეხო სასურსათო პროდუქციაზე ფასების ზრდის თავიდან აცილების მიზნით სახელმწიფოს მხრიდან კურსთაშორისი სხვაობის დაზღვევას, ასევე ყველა იმ დაგეგმილ ღონისძიებას, რომელსაც საქართველოს მთავრობა კრიზისის პერიოდში ეკონომიკის მხარდასაჭერად ეტაპობრივად განახორციელებს.

ვიდეოკონფერენციისას ასევე განიხილეს ის ღონისძიებები და სტრატეგია, რომლითაც საქართველომ უნდა იხელმძღვანელოს პოსტკრიზისული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისას.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

„ვიშეგრადის ოთხეული“ აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრებს COVID-19-თან ბრძოლაში დახმარებას დაჰპირდა

„ვიშეგრადის ოთხეულის“ ქვეყნები (V4) დააფუძნებენ სოლიდარობის პროგრამას აღმოსავლეთის პარტნიორობის წევრთათვის დასახმარებლად COVID-19-თან ბრძოლაში და ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხელშესაწყობად, რათა მათ ეტაპობრივად შეძლონ ევროკავშირის შიდა ბაზარზე წვდომის მოპოვება.

ჩეხეთის რესპუბლიკის, უნგრეთის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მიერ აღმოსავლეთის პარტნიორობის მომავლის შესახებ 8 აპრილს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში კვარტეტმა განაცხადა, რომ ისინი ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის ფარგლებში აამოქმედებენ „ვიშეგრადის ოთხეულის საგანგებო პროგრამას აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებისთვის“. პროგრამას ექნება გამარტივებული პროცედურა და მისი მიზანია „გააძლიეროს ჯანმრთელობა, სოციალური და ეკონომიკური გამძლეობა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში, რომლებიც დაზარალდნენ COVID-19-ით და მისი შედეგებით“.

„ვიშეგრადის ოთხეულმა“ განაცხადა, რომ პროგრამისთვის გათვალისწინებულია 250 ათას ევრომდე გამოყოფა.

განცხადება არის პასუხი ევროპის კომისიის გასული თვის შეტყობინებისა აღმოსავლეთის პარტნიორობის თაობაზე.

აღმოსავლეთის პარტნიორობას 2009 წელს დაედო საფუძველი. მასში გაწევრიანებული არიან სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. მისი მიზანია, ევროკავშირთან დააახლოოს ეს ქვეყნები ბლოკში გაწევრიანების კონკრეტული შეთავაზების გარეშე.

„ვიშეგრადის ოთხეულის“ განცხადება არ შეიცავს ევროკავშირის მომავალი წევრობის მოწოდებას, მაგრამ მასში ნათქვამია: „აღმოსავლეთის პარტნიორების პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია ჩვენს მთავარ მიზნად რჩება“.

ოთხეული მხარს უჭერს ასევე „ჩვენი პარტნიორების ევროკავშირის შიდა ბაზარზე ეტაპობრივ წვდომას ორმხრივად სასარგებლოდ მიჩნეულ დონემდე ჩვენი პარტნიორებისთვის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის“.

„ვიშეგრადის ოთხეულის“ განცხადება ნაწილი იქნება აღმოსავლეთის პარტნიორობის შესახებ დებატებისა, რომელსაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები გამართავენ აპრილის ბოლოს. ასევე ის ყურადღების ცენტრში იქნება აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე, რომელიც 18 ივნისისთვის არის დაგეგმილი ბრიუსელში, თუმცა შესაძლოა გადაიდოს პანდემიის გამო.

5 და 7 წლის გოგოების მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულს 9 წლით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით პატიმრობა შეუფარდა პირს, რომელიც 5 და 9 წლის არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილ ქმედებაში იყო ბრალდებული.

პროკურატურის თანახმად, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა დ.ძ.-მ დანაშაული 2019 წლის 27 ივლისს, თბილისში ჩაიდინა. იგი იმავე წლის 29 ივლისს დააკავეს.

დაკავებულს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარედგინა.

მუხლი ითვალისწინებს გარყვნილ ქმედებას, ჩადენილს არაერთგზის, 16 წელს მიუღწეველი ორი ან მეტი პირის მიმართ, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

პროკურატურის თანახმად, არასრულწლოვანი დაზარალებულები როგორც გამოძიების, ისე სასამართლო ეტაპზე, ფსიქოლოგის მონაწილეობით დაიკითხნენ.

თეა წულუკიანი: ეკლესიაში შეჭრა და მრევლის ქეჩოთი გამოყვანა ამ წუთში პოლიციის მიმართულება არაა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი აცხადებს, რომ კანონის წინაშე იმუნიტეტი არავის აქვს და ვრცელდება ყველაზე, მათ შორის სასულიერო პირებზე. ამ საკითხზე მან "რუსთავი 2"-ის ეთერში ისაუბრა.

"თუ თქვენი მოწოდებაა, რომ პოლიცია შევიდეს და მრევლი გამოიყვანოს ქეჩოთი ეკლესიიდან, ეს არაა ამ წუთში პოლიციის მიმართულება, არ უნდა იყოს და ეს სწორია", - უთხრა საინფორმაციო გამოშვების წამყვანს იუსტიციის მინისტრმა.

დღეს საქართველოში მოქმედი რეგულაციის მიხედვით, აკრძალულია სამ პირზე მეტი ადამიანის შეკრება. ამ მიზეზით საქართველოს არაერთი მოქალაქე დააჯარიმეს. ამის მიუხედავად, საეკლესიო მსახურება კვლავ იმართება და მრევლი ეკლესიებსა და ეკლესიის ეზოებში იკრიბება.

ჰასან როჰანიმ IMF-ს მოუწოდა, თეირანს მისცეს მილიარდობით დოლარის მოცულობის სასწრაფო კრედიტი

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ საერთაშორისო სავალუტო ფონდს (IMF) მოუწოდა, თეირანს მისცეს მილიარდობით დოლარის მოცულობის სასწრაფო კრედიტი, რომელიც ადრე ითხოვა კორონავირუსის გავრცელებასთან საბრძოლველად.

„ჩვენ IMF-ის წევრი ვართ... არ უნდა არსებობდეს არანაირი დისკრიმინაცია კრედიტების გაცემაში“, თქვა როჰანიმ 8 აპრილს, მთავრობის კაბინეტის სხდომაზე, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა.

გასულ თვეში ირანის ცენტრალურმა ბანკმა IMF-ს ე.წ. სწრაფი დაფინანსების ფონდიდან 5 მილიარდი დოლარი სთხოვა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. ირანი პანდემიისგან ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაზარალებული ქვეყანაა. ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა 65200-ს გადააჭარბა, გარდაიცვალა 3800. მრავალი ექსპერტის აზრით, თეირანის ეს ოფიციალური ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და ბევრად უფრო მაღალი უნდა იყოს.

ეპიდემიამ კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენა ირანის ეკონომიკას, რომელიც უკვე დააზარალა აშშ-ის სანქციებმა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონი გამოვიდა ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მიღწეული შეთანხმებიდან.

9 აპრილის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი 3.17 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

9 აპრილისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი:

  • 1 აშშ დოლარი - 3.1794 ლარი (8 აპრილი - 3.1748 );
  • 1 ევრო - 3.4576 ლარი (8 აპრილი - 3.4551);
  • 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 3.9227 ლარი (8 აპრილი - 3.9110);
  • 100 რუსული რუბლი - 4.2035 ლარი (8 აპრილი - 4.2058);
  • 1 თურქული ლირა - ​0.4697​ ლარი (8 აპრილი - 0.4698).

8 აპრილის Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსია (მონაცემები ცვალებადია): 1 აშშ დოლარი - 3.1737 ლარი.

31 მარტიდან საქართველოში დროებით შეწყდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, როგორც ოფისებში, ისე დისტანციურად, უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებას განაგრძობენ კომერციული ბანკები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და აგენტები, რომლებიც მომსახურებას გადახდის აპარატების, ბანკომატების და პოს-ტერმინალების საშუალებით აწვდიან.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტიდან საქართველოში გამოცხადებულია ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა.

31 მარტს, დილის 08:00 საათიდან ქვეყანაში ამოქმედდა ფაქტობრივად სრული კარანტინის რეჟიმი. 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება.

6 აპრილის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულ ეროვნული ბანკის თანამშრომელთა რაოდენობა 16-ს შეადგენს. ამის გამო, თანამშრომელთა 90% დისტანციურად მუშაობს.

სენატორ გრემის თქმით, აშშ-მა აღარ უნდა დააფინანსოს WHO მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პირობებში

სენატორი ლინდსი გრემი

აშშ-ის სენატორმა ლინდსი გრემმა სამშაბათს Fox news-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ამ ხელმძღვანელობის პირობებში არ უნდა მიიღოს დაფინანსება აშშ-ისგან. ასევე მან ჩინეთს დააკისრა პასუხისმგებლობა კორონავირუსის პანდემიისთვის.

„ასიგნებების შესახებ შემდეგ კანონპროექტში არ იქნება არავითარი თანხა WHO-სთვის. მე პასუხისმგებელი ვარ ასიგნებების ქვეკომიტეტისთვის. არ ვაპირებ WHO-ს დაფინანსების მხარდაჭერას მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პირობებში“.

გრემმა WHO-ს ბრალი დასდო, რომ ორგანიზაციამ თავი ვერ გაართვა კორონავირუსის კრიზისს.

თავისი კომენტარით გრემი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებას. ტრამპმა სამშაბათს კორონავირუსის პრობლემებისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე გააკრიტიკა WHO, მას „ჩინეთზე კონცენტრირებული“ უწოდა და განაცხადა, რომ ამერიკა დაფინანსებას შეუწყვეტს მას.

Fox news-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლინდსი გრემი თავს დაესხა ჩინეთსაც და პანდემიისთვის პასუხისმგებლობა დააკისრა მას.

„ჩინეთი რომ არ ყოფილიყო უპასუხისმგებლო, მსოფლიოსთვის ტყუილი რომ არ ეთქვა დაავადების გავრცელების გზების შესახებ, ინფიცირების დონის შესახებ ინფორმაცია რომ არ დაემალა, არ ჩაეჩუმებინა ექიმები, მსოფლიოში არ იქნებოდა პანდემია“, თქვა გრემმა და ჩინეთს პანდემიის „ინკუბატორი“ უწოდა.

დღეის მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 400 ათასს მიაღწია, გარდაიცვალა 12911 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 22500-ზე მეტი.

ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსზე 3 კლინიკის ექიმებს ჩაუტარდა ტესტირება

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე, ამ დრომდე კორონავირუს COVID-19-ზე ტესტირება სამი კლინიკის მედპერსონალს ჩაუტარდა. დაგეგმილია სხვა კლინიკების ექიმების შემოწმებაც.

„დღეისათვის სამ კლინიკაშია უკვე ჩატარებული სამედიცინო პერსონალის გამოკვლევა. ესაა: საჩხერის სამედიცინო ცენტრი, გორის ჰოსპიტალი და მარნეულის "ჯეოჰოსპიტალი". რა თქმა უნდა, იგეგმება დამატებით კლინიკებში, ვინაიდან ესაა პროტოკოლი, რომელიც შემუშავებულია სამედიცინო პერსონალისთვის. ჩვენ კიდევ ვმსჯელობთ, თუ რა კუთხით გაფართოვდება პროტოკოლი, რომ მეტი უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

8 აპრილის 15:40 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ გამოვლენილია COVID-19-ით დაავადების 208 შემთხვევა. მათგან 48 უკვე განიკურნა. 3 გარდაიცვალა.

„უფლებები საქართველო“ - „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“ სახელწოდება შეიცვალა

ერთ-ერთმა ყველაზე ძველმა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ საქართველოში, „კონსტიტუციის 42-ე მუხლმა“, სახელწოდება შეიცვალა. დაარსებიდან 23 წლის შემდეგ ორგანიზაცია არსებობას განაგრძობს სახელით - „უფლებები საქართველო“.

„კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ რებრენდინგის საჭიროება გაჩნდა მას შემდეგ, რაც 2017 წელს მიღებული კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პირის საპროცესო უფლებებთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა, რომლებიც მოქალაქეს სასამართლოში მიმართვის და დამცველის ყოლის უფლებას ანიჭებდა, 42-ე მუხლიდან 31-ე მუხლში გადაინაცვლა”, - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.

განმარტების თაახმად, ორგანიზაცია საქმიანობას უფლებადამცავ სფეროში გააგრძელებს და კვლავაც იზრუნებს, რათა თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყანაში უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაში.

მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმროებს მთავრობა სესხის გადახდაში დაეხმარება

საქართველოს მთავრობა სესხის მქონე მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმროებს დაეხმარება. პროგრამა გავრცელდება ყველა იმ სასტუმროზე, რომელმაც სესხი 2020 წლის პირველ მარტამდე მშენებლობისთვის, გაფართოებისთვის, აღჭურვისთვის ან რემონტისთვის აიღო.

პირველი მარტიდან მომდევნო 6 თვის განმავლობაში მთავრობა ლარში აღებული სესხის პროცენტის 80 პროცენტს გადაიხდის, ევროსა და დოლარში კი - 70 პროცენტს. მეწარმეს შეუძლია, ეს თანხა გამოიყენოს ბანკში აქამდე არსებული ვალდებულების დასაფარად.

პროგრამა არ გავრცელდება იმ მეწარმეებზე, რომლებიც ბანკებში 2020 წლის პირველი მარტის მდგომარეობით „პრობლემურ კატეგორიაში“ მოხვდნენ.

მაგალითად, თუ თქვენ ყოველთვიურად 10 ათას ლარს იხდიდით ბანკში, საიდანაც 7 ათასი ლარი ძირი თანხა იყო, 3 ათასი ლარი კი დარიცხული პროცენტი, მთავრობა დაგიფარავთ 2,4 ათას ლარს. ანუ თქვენ 10 ათასის ნაცვლად გადაიხდით 7,6 ათასს.

ვინ ისარგებლებს პროგრამით

  • ვისაც მილიონ ლარამდე, ან 300 ათასი აშშ დოლარამდე, ან 250 ათას ევრომდე მოცულობის სესხი აქვს აღებული;
  • ვის ხელშეკრულებაშიც ეწერება, რომ სესხი ხმარდება სასტუმროს მშენებლობას, გაფართოებას, აღჭურვას ან რემონტს;
  • სადაც ნომრების რაოდენობა 4-დან 50-მდეა.

დეტალური ინფორმაცია პროგრამაში მონაწილეობის შესახებ

მთავრობის წარმომადგენლები მუდმივად აცხადებენ, რომ კორონავირუსის გამო პირდაპირი ზიანი მიადგა ტურიზმის სფეროში მომუშავე კომპანიებს. დიდი სასტუმროების მხარდასაჭერად ბიუჯეტიდან 22 მლნ ლარზე მეტი იხარჯება. დამატებით დაიხარჯება თანხა ამ პროექტის ფარგლებში მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმროების სესხის დაფარვაში თანამონაწილეობაზე.

ნათია თურნავა: გვერდში დავუდგებით შაქრის მწარმოებელ ნებისმიერ საწარმოს

ნათია თურნავა

მთავრობამ გადაწყვიტა, დაეხმაროს და გვერდში დაუდგეს არა მაინცდამაინც რომელიმე კონკრეტულ კომპანიას, არამედ შაქრის ადგილობრივ წარმოებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრმა უპასუხა BM.GE-ის მიერ დასმულ შეკითხვას, როგორ აპირებს მთავრობა, აამუშაოს „აგარის შაქრის კომბინატი“ და ჩააყენებს თუ არა ეს საწარმოს უპირატეს მდგომარეობაში სხვა კომპანიებთან შედარებით.

„როდესაც ვამბობთ, რომ დავეხმარებით აგარის შაქრის კომბინატს, ამით იმასაც ვამბობთ, რომ ნებისმიერი საწარმო, რომელიც აწარმოებს საქართველოში შაქარს, იგივე პირობებით ისარგებლებს. ამ ეტაპზე აგარის შაქრის კომბინატი ყველაზე მეტად არის მზად შაქრის წარმოებისთვის და პრაქტიკულად ორ თვეში შეძლებს წარმოების დაწყებას. თუკი რომელიმე კომპანია არის წარმოებისთვის მზად, ჩვენ მათაც დავუდგებით გვერდში სხვადასხვა მექანიზმებით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ კითხვის პასუხად.

აგარის შაქრის კომბინატი ბაზარზე არსებული კონკურენციის გამო გასული წლის მარტში დაიხურა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკის სამინისტრის კომბინატის ამუშავების დავალება რამდენიმე დღის წინ მისცა. თავის მხრივ, მინისტრმა განაცხადა, რომ კომბინატი 2 თვეში ამოქმედდება.

აფხაზეთში მოზარდი გარდაიცვალა - COVID-19-ზე ანალიზის პასუხს ელიან

8 აპრილის ღამით სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 2005 წელს დაბადებული მოზარდი. ამის თაობაზე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მოსახლეობის კორონავირუსის ინფექციისგან დაცვის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

ინფორმაციის თანახმად, მოზარდს კორონავირუს COVID-19-ზე უკვე აუღეს ანალიზი და შედეგებს მოგვიანებით ელოდებიან.

განცხადების თანახმად, პაციენტი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში უმძიმეს მდგომარებაში მოათავსეს, სადაც გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად გარდაიცვალა.

მანამდე, 3 აპრილს პაციენტი სოხუმის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეიყვანეს, ნაწლავური ინფექციის წინასწარი დიაგნოზით. 5 აპრილს პაციენტის მდგომარება სტაბილური გახდა და ის ადგილობრივი პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ ამბულატორიულ რეჟიმში სამკურნალოდ გაწერეს.

„პაციენტს ბავშვობიდან სხვადასხვა ქრონიკური დაავადება აღენიშნებოდა და ხანგრძლივი დროის განმავლობაში წოლითი რეჟიმი ჰქონდა. არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, გარდაცვლილს კორონავირუსზე ანალიზები აუღეს“, - ნათქვამია შტაბის განცხადებაში.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 7 აპრილს კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

დე ფაქტო ხელისუფლება აფხაზეთში COVID-19-ის პირველ შემთხვევად არ თვლის კორონავირუსით გალის რაიონის სოფელ საბერიოს მკვიდრის დაავადებას. 50 წლის ქალი რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 29 მარტს დაბრუნდა. მას უკვე აღენიშნებოდა კორონავირუსის სიმპტომები. იმავე ღამით, პაციენტს დანარჩენ საქართველოსთან 14 მარტიდან დაკეტილი ე.წ. საზღვარი გაუხსნეს. ქალი ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. 30 მარტს თბილისის „ლუგარის ლაბორატორიამ“ დაადასტურა, რომ მას COVID-19 აქვს.

ტიკარაძე: სახლში მკურნალობის პროტოკოლი მზად არის

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, უკვე მზად არის COVID-19-ით დაავადებულთა სახლში მკურნალობის პროტოკოლი.

„ეს მკურნალობაც იქნება სიმპტომური ისევე, როგორც სტაციონარში მკურნალობა. იქედან გამომდინარე, რომ 80% მიმდინარე COVID ინფექციის არის მსუბუქი ფორმის, ამ პაციენტების მკურნალობა მოხდება საკარანტინო ზონებში. ეს პროტოკოლი მზად არის. ექიმები გადიან ამასთან დაკავშირებითაც მუდმივ კონსულტაციას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, იმ ეტაპზე, როცა დაფიქსირდება პაციენტების ნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა და გამოვლინდება მსუბუქი შემთხვევები, რომელთა მართვა შესაძლებელია საკარანტინო ზონებში, მათი მკურნალობა პროტოკოლის მიხედვით დაიწყება.

8 აპრილის 15:30 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ გამოვლენილია COVID-19-ით დაავადების 208 შემთხვევა. მათგან 48 უკვე განიკურნა. 3 გარდაიცვალა.

გერმანია ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას "პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს" უთანაბრებს

ზელიმხან ხანგოშვილი

გერმანიის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის, მკვლელობა, რაც, სავარაუდოდ, რუსეთის დაკვეთით მოხდა, პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს მიაკუთვნა, - ამის შესახებ იუწყება გერმანული გამოცემა Der Tagesspiege-ი.

„ამას არაპირდაპირ ადასტურებს მთავრობის პასუხი, შინაგან საქმეებზე ბუნდესტაგის „მწვანეთა“ პარტიის უფლებამოსილი პირის, ირენ მიხალიჩის, შეკითხვაზე, რომელიც შეეხებოდა 2019 წელს მომხდარ პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულს. გასული წლის 23 აგვისტოს რუსეთის მოქალაქემ ვადიმ კრასიკოვმა მოაბიტის რაიონში თავის არეში გასროლით მოკლა ჩეჩნური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქე“, - ნათქვამია სტატიაში.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, 23 აგვისტოს, ბერლინში მოკლეს. პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც თან ჰქონდა ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, ვინმე ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასპორტი.

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის ბრალი ოფიციალურად წაუყენა რუსეთის მოქალაქეს და მისი დაპატიმრების ორდერი გასცა.

„პასუხში საუბარია ერთ პოლიტიკურად მოტივირებულ მკვლელობაზე, რომელიც არ მიეკუთვნება არც ერთ ექსტრემისტულ სფეროს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ Der Tagesspiegel-ს დაუდასტურა, რომ საუბარია ხანგოშვილის მკვლელობაზე“, - იუწყება გამოცემა.

სტატია მკითხველს შეახსენებს, რომ მკვლელობის სავარაუდო შემკვეთებად ითვლება პუტინის რეჟიმი ან ჩეჩნეთის რესპუბლიკის სასტიკი მმართველი, რამზან კადიროვი. საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა და მხარს უჭერდა საქართველოს რუსეთთან კონფლიქტის დროს.

ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს კარანტინის ზონებშიც უმკურნალებენ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოს კლინიკებში მობილიზებულია 3500 საწოლი: „რაც იმას გულისხმობს, რომ ქვეყანაში დღეში დაფიქსირებული ასეულობით ინფექციის მიღებას შევძლებთ ერთი თვის განმავლობაში შეუყოვნებლად“.

მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძემ ასევე თქვა, რომ ოჯახის ექიმების ინტენსიური ტრენინგის შედეგად, შესაძლებელია საკარანტინო სივრცეებში განთავსდნენ პაციენტები, რომლებსაც არ სჭირდებათ სტაციონარში გადაყვანა და მათ კარანტინის ზონებში უმკურნალებენ.

„საერთო ჯამში, არის დაახლოებით 10 000 პაციენტამდე, რაც შეიძლება გავაკეთოთ შეუფერხებლად ერთი თვის მანძილზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კლინიკების მზაობა ყოველდღიურად მოწმდება, რათა პიკურ პერიოდში არ იყოს რაიმე რყევები და ყველა ექიმი და ექთანი იყოს მობილიზებული და სრულად აღჭურვილი.

8 აპრილის 15:30 საათის მონაცემებით, საქართველოში სულ გამოვლენილია COVID-19-ით დაავადების 208 შემთხვევა. მათგან 48 უკვე განიკურნა. 3 გარდაიცვალა.

დავით ზალკალიანი მზადაა, სპეცრეისის ბილეთის ფასზე პასუხი აგოს

თუ წარმოადგენთ ერთ მაგალითს, ან ერთ მგზავრს, რომელიც უკვე დაბრუნდა საქართველოში სპეცრეისით და ბილეთში 200 ევროზე მეტი თანხა გადაიხადა, მე პირადად მზად ვარ, რომ პასუხი ვაგო ამასთან დაკავშირებით, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ეს არ შეეხება იმ კომერციული რეისების ფასს, რომელიც მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციამდე მოქმედებდა.

„ახლა ეს არის ძალიან მკაცრად გაკონტროლებული საბჭოს მხრიდან, რომ ბილეთების ზედა ზღვარი არ იყოს 199 ევროზე მეტი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მან სიცრუე უწოდა ინფორმაციას, თითქოს ბილეთები ე.წ. შავ ბაზარზე უფრო მაღალ ფასად იყიდებოდეს.

„კიდევ ერთ ძალიან დიდ სიცრუესთან და მავნებლობასთან გვაქვს საქმე, როდესაც მსგავსი სახის სიცრუის ტირაჟირება ხდება, მედია იქნება ეს, სოციალური მედია თუ სხვა საშუალებებით. ვისაც ერთხელ მაინც უმოგზაურია და ვისაც ერთხელ მაინც შეუძენია ავიაბილეთი, მან ძალიან კარგად იცის, რომ გადაყიდვა სხვა ფასში ან ერთი პირის შეცვლა მეორეთი წარმოუდგენელია, იმიტომ, რომ ყველა ბილეთს აქვს თავისი სახელი, გვარი და ეს ძალიან მკაცრად კონტროლდება შესაბამისი ავიაკომპანიის მხრიდან და დაუშვებელია, რომ ერთი პირიდან მეორეზე მოხდეს ბილეთის გადაყიდვა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ, სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში დაბრუნდა 5000-მდე მოქალაქე. მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.

COVID-19-ის პანდემიის გამო, მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობას სამგზავრო გადაყვანისთვის დაკეტილი აქვს საჰაერო სივრცე და სახმელეთო საზღვრები.

.

თურნავა: შევეცდებით, ონლაინგაყიდვების კომპანიები შემოწმებისას პრიორიტეტში გადმოვიტანოთ

ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა განმარტავს, რატომ არ აღმოჩნდა ამ დრომდე ონლაინგაყიდვები სახელმწიფოს მიერ ნებადართული საქმიანობების სიაში. მინისტრის თქმით, ამ დროისათვის სახელმწიფო უფრო კონკრეტული საწარმოებისა და კომპანიების შემოწმების გზით მიდის და არა დარგების დაშვების.

ნათია თურნავას თანახმად, იგივე მიდგომა გავრცელდება ონლაინგაყიდვების მიმართაც და ბიზნესის ამუშავების შესატყვისობის სტანდარტების დაცვის მდგომარეობაზე ინდივიდუალური კომპანიები შემოწმდება:

„შევეცდებით, რომ ონლაინგაყიდვების კომპანიები მაქსიმალურად ახლო პრიორიტეტში გადმოვიტანოთ შემოწმებებში და თითოეული კომპანიის გადამოწმების შემდეგ მივიღებთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს. ამ ეტაპზე არის ეს მიდგომა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, 6-7 აპრილის განმავლობაში შრომის ინსპექციამ სხვადასხვა ბიზნესსფეროში მომუშავე 76 კომპანია შეამოწმა. მათგან 40-ს საქმიანობა შეჩერებული ჰქონდა.

ნათია თურნავას თანახმად, აღნიშნული 40-დან საქმიანობის განახლების უფლება 26 კომპანიას მიეცა, დანარჩენ 14-ს კი ხარვეზების გამოსწორებისთვის ვადა განესაზღვრა.

საგანგებო მდგომარეობის დროს კომპანიებისთვის დაწესებულ ვალდებულებების შესრულების მდგომარეობას შრომის ინსპექცია და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო შეამოწმებენ. შესაბამისი ბრძანება ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრებმა ერთობლივად 6 აპრილს გამოსცეს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG