Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო ოპოზიცია მთავრობის განახლებულ შემადგენლობას განიხილავს


დღეს ორი ოპოზიციური პარტიის საპარლამენტო ფრაქციების წინაშე წარდგება საქართველოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით.

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეწყვეტილი ბოიკოტის შემდეგ, ამ პარტიის ფრაქციის სხდომა თავდაპირველად დაგეგმილი 10 საათის ნაცვლად 12 საათზე დაიწყება. შესაბამისად, ორი საათით გადაიწევს მთავრობის განახლებული შემადგენლობის და მისი პროგრამის განხილვა „ევროპული საქართველოს“ ფრაქციებში და 14-ის ნაცვლად 16 საათზე დაიწყება.

„ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენისადმი პროტესტის ნიშნად არ დასწრებიან საპარლამენტო კომიტეტებში მინისტრობის კანდიდატების მოსმენას, რომელიც 4 და 5 სექტემბერს გაიმართა. "ნაციონალური მოძრაობა" არც ფრაქციის სხდომის ჩატარებას აპირებდა, თუმცა, 5 სექტემბერს საღამოს გადაწყვეტილება შეცვალა.

ოპოზიციური პარტიები გიორგი გახარიას, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელს აკისრებენ პასუხისმგებლობას 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო აქციის ძალით დაშლაზე, რომლის შედეგად ორასზე მეტი ადამიანი დაშავდა, რამდენიმემ კი, თვალი დაკარგა.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც 2 სექტემბერს მამუკა ბახტაძემ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

3 სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი ცვლილებაა - თავდაცვის მინისტრობის კანდიდატია ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად წარდგენილია ვახტანგ გომელაური, რომელიც მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი სამთავრობო პროგრამის თანახმად, 2019-2020 წლებში მთავრობის სამოქმედო გეგმა ძირითადად ორიენტირებული იქნება სწრაფი და თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე. ოთხ საკვანძო მიმართულებად დასახელებულია უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკის განვითარება, განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG