Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის მთავრობაში არ აკეთებენ კომენტარს საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლებაზე


რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ფედერალური მთავრობისთვის ჯერჯერობით არ წარუდგენია წინადადება საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეწყვეტის გამო, რუსული ავიაკომპანიებისთვის კომპენსაციის გადახდის საკითხზე - ამის შესახებ 6 სექტემბერს, ჟურნალისტებს უთხრა რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა, მაქსიმ აკიმოვმა.

ივლისში სწორედ აკიმოვმა დაავალა ტრანსპორტის სამინისტროს, შეეფასებინა ავიაკომპანიების ზარალი და განეხილა კომპენსაციის საკითხი. რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერის განცხადებით, მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. წინასწარი შეფასებით, ზარალი დაახლოებით სამი მილიარდი რუბლია.

შეკითხვას, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღსადგენად, აკიმოვმა უპასუხა, რომ კომენტარისთვის მზად არ არის.

პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.

საპროტესტო გამოსვლები 20 ივნისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის კომუნისტ დეპუტატს, სერგეი გავრილოვს.

რუსეთმა ავიამომოსვლის შეწყვეტის საბაბად ის დაასახელა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოება დაცული არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG