Accessibility links

ახალი ამბები

ამერიკელი კანონმდებლები: თავისუფალი არჩევნები რუსეთში ჩაიშალა

აშშ-ის ორი მაღალი რანგის კონგრესმენი აცხადებს, რომ რუსეთში მომავალ შაბათ-კვირას „თავისუფალი არჩევნები ჩაიშალა“.

აშშ-ის კონგრესმენების, ელიოტ ენჯელის (დემოკრატი ნიუ-იორკიდან), წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარისა და რესპუბლიკელი მაიკლ მაკკოლის (ტეხასის შტატი) ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 5 სექტემბერს გამოქვეყნდა, დაგმობილია მოსკოვის და სანქტ-პეტერბურგის არჩევნების წინ „საპროტესტო გამოსვლების ჩახშობა“.

ამ განცხადების ფონზე, რუსეთის პროკურატურა აგრძელებს საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა გასამართლებას. პოლიციამ გაჩხრიკა კრემლის მიმართ კრიტიკულად განწყობილი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ოფისები.

ელიოტ ენჯელი და მაიკლ მაკკოლი აცხადებენ, რომ რუსეთის ქალაქებში კვირების განმავლობაში მიმდინარე გამოსვლები თავისუფალი არჩევნების მოთხოვნით, „კრემლის რეაქციასთან ერთად, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთის ხალხი დაღალა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისეულმა ტირანულმა გზებმა“.

ამერიკელი კანონმდებლები მოუწოდებენ რუსეთს, შეწყვიტონ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ყოველგვარი ძალადობა.

ყველა ახალი ამბავი

ბენი განცმა ვერ შეძლო დადგენილ ვადებში ისრაელის მთავრობის ჩამოყალიბება

ბენი განცი

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარმა მეტოქემ, ბენი განცმა ვერ შეძლო დადგენილ ვადებში მთავრობის ჩამოყალიბება. ეს იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ ახალი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

ამის შესახებ 20 ნოემბერს გააკეთა განცხადება ბენი განცის ცენტრისტულმა პარტია „ლურჯმა და თეთრმა“. განცს შუაღამემდე ჰქონდა ვადა მთავრობის ფორმირებისთვის, მას მერე, რაც სექტემბერში გამართულმა არჩევნებმა ვერ გამოავლინა აშკარა გამარჯვებული.

განცის თქმით, მან ისრაელის პრეზიდენტ რეუვენ რივლინს შეატყობინა, რომ დათქმულ ვადებში ვერ ახერხებს დაკისრებული ამოცანის შესრულებას. მაგრამ დასძინა, რომ ქვეყნის სასიკეთოდ განაგრძობს მთავრობის ფორმირებაზე მუშაობას.

გასულ თვეში მთავრობის შექმნა ვერ შეძლო ნეთანიაჰუმ.

ახლა ისრაელის პარლამენტში, კნესეტში იწყება 21-დღიანი პერიოდი, როცა კვლავ ნეთანიაჰუმ, ან რომელიმე სხვა კანდიდატმა უნდა ჩამოაყალიბოს საპარლამენტო უმრავლესობა.

თუკი ვერ მოხერხდება შეთანხმება, მარტში ახალი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.

რუსეთის მიერ უკრაინისთვის დაბრუნებული გემები ოჩაკოვის სამხდერო პორტში ჩავიდნენ

უკრაინის გემები, რომლებიც რუსეთის სასაზღვრო დაცვამ ჩაიგდო ხელში 2018 წლის ნოემბერში ანექსირებული ყირიმის ნაპირთან, ოჩაკოვის სამხედრო პორტში ჩავიდნენ.

გემებს დახვდნენ ადგილობრივი მოსახლეები, რომლებმაც უკრაინის დიდი დროშა გამოფინეს. საზეიმო ღონისძიებაზე ჩადის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

მანამდე უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა, ადმირალმა იჰორ ვორონჩენკომ განაცხადა, რომ რუსეთმა გემებიი ძალზე ცუდ მდგომარეობაში დააბრუნა.

„რუსებმა ისინი გაანადგურეს, ნათურები, ელექტროაღჭურვილობა და ტუალეტებიც კი მოხსნეს. მთელს მსოფლიოს ვუჩვენებთ, როგორ ბარბაროსულად მოეპყრნენ მათ რუსები,“ თქვა ვორონჩენკომ.

2018 წლის 25 ნოემბერს რუსეთის სასაზღვრო დაცვის გემებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის სამ გემს, ხელში ჩაიგდეს ისინი და ტყვედ აიყვანეს უკრაინის 24 მეზღვაური. ინციდენტი მოხდა ქერჩის სრუტეში, რომლის გავლითაც უკრაინული ხომალდები უკრაინის პორტ მარიუპოლში შესვლას აპირებდნენ აზოვის ზღვაში.

ქერჩის სრუტე ერთადერთი გასასვლელია შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში. იგი მდებარეობს რუსეთსა და ყირიმის ნახევარ კუნძულს შორის, რომელიც 2014 წელს დაიკავა რუსეთმა.

სერბეთმა განაცხადა, რომ იძიებს სავარაუდო ჯაშუშობის ინციდენტს რუსეთის მონაწილეობით

სერბეთის პრემიერ-მინისტრი ანა ბრნაბიჩი.

სერბეთმა განაცხადა, რომ იძიებს სავარაუდო ჯაშუშობის ინციდენტს რუსეთის მონაწილეობით. ინფორმაციის თანახმად, სოცმედიაში გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ ქრთამავს რუსი დიპლომატი სერბეთის უშიშროების სამსახურის მაღალი რანგის წარმომადგენელს.

სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა 20 ნოემბერს განაცხადა, რომ სამხედრო დაზვერვის უწყებას მიეცა დავალება, გამოიძიოს ინფორმაცია, რომლის თანახმად, ვიდეოზე აღბეჭდილი მამაკაცი, რომელიც სავარაუდო ქრთამის გადაცემის მომენტშია გადაღებული, რუსეთის სამხედრო დაზვერვის აგენტია.

ვიდეო 17 ნოემბერს გავრცელდა YouTube-ზე. მის აღწერაში წერია: „რუსეთის დაზვერვის ოფიცრის შეხვედრა სერბ ჯაშუშთან“.

„მე ველი ახალ ინფორმაციას“, განაცხადა ბრნაბიჩმა. „კავშირში ვარ პრეზიდენტ [ალექსანდარ ვუჩიჩთან]. თუკი ეს მართალია, ეს სერიოზული პრობლემაა“.

ვიდეოზე სავარაუდოდ აღბეჭდილია რუსი დიპლომატი, რომელიც სერბ აგენტს შეკვრას გადასცემს ბელგრადში შეხვედრისას. მოგვიანებით, სერბი შეკვრიდან ფულს იღებს.

ლატვიამ აკრძალა იური კოვალჩუკთან დაკავშირებული რუსული ტელეარხების რეტრანსლაცია

იური კოვალჩუკი

ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ აკრძალა ქვეყანაში რუსეთის ცხრა ტელეარხის რეტრანსლაცია.

საბჭოს თავმჯდომარის, ივარ აბოლინშის თქმით, აკრძალვა დაკავშირებულია იმასთან, რომ ამ არხების ბენეფიციარი არის რუსი ბიზნესმენი იური კოვალჩუკი, რომლის მიმართაც მოქმედებს ევროკავშირის სანქციები „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის ძირის გამოთხრის გამო“. როგორც აბოლინშმა თქვა, აკრძალვა მანამდე იმოქმედებს, სანამ ძალაში დარჩება კოვალჩუკის მიმართ სანქციები.

რუსი მილიარდერი იური კოვალჩუკი არის ბანკ „როსიის“ მთავარი აქციონერი და დირექტორთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე. ის არის აგრეთვე „ეროვნული მედია ჯგუფის“ ერთ-ერთი დამაარსებელი და აქციონერი. 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ კოვალჩუკი ევროკავშირისა და აშშ-ის საფინანსო და სავიზო სანქციების სიაში მოყვა. აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიზნესმენი შედის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის „ვიწრო წრეში“ და მისი „პირადი მოლარეა“.

„მთავარი არხის“ მეწილეს, გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს

18 ნოემბერს დაკავებულ გიორგი რურუას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

რურუა ბრალდებას არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ ჩხრეკის გარეშე, პოლიციაში მისულს უთხრეს, რომ მისგან იარაღი ამოიღეს.

„პირველი არხის“ ცნობით, სასამართლო პროცესზე დაცვის მხარემ აღნიშნა, რომ სამართალდამცველებმა გიორგი რურუასგან იძულებით აიღეს დე-ენ-ემ-ის სინჯი. ადვოკატი ვარაუდობს, რომ ის დატანილი იქნება მტკიცებულების სახით ამოღებულ იარაღზე.

პროკურორმა სასამართლო პროცესზე ისიც თქვა, რომ გიორგი რურუას საკუთარ სახელზე 48 ცეცხლსასროლი იარაღი აქვს რეგისტრირებული.

პროცესზე მყოფი „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ბრალმდებელს იქვე გამოეხმაურა: „რატომ იგულისხმება და ივარაუდება, უფრო ლოგიკური, რატომ არის ადამიანისგან, რომელსაც 48 რეგისტრირებული იარაღი აქვს, არარეგისტრირებული იარაღის შეძენა? ეს, რატომ არის დამატებითი მტკიცებულება იმისა, რომ მას კიდევ ჰქონდა 49-ე, ოღონდ არარეგისტრირებული იარაღი".

სასამართლო პროცესის შემდეგ გიორგი რურუას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, რომ დაცვის მხარე გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

„მოსამართლემ გამოაცხადა ის გადაწყვეტილება, რომელიც მას სასამართლოს დარბაზში შემოსვლამდე გაანდეს. ეს ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა. სიმართლე გითხრათ, მე წინასწარ მქონდა განცდა, რომ მოსამართლე თუნდაც ასე აშკარად ჩადებული იარაღის საქმეზე გიორგი რურუას მიმართ პატიმრობას გამოიყენებდა.

თუმცა დღეს პროცესის განმავლობაში, როდესაც ვუსმენდი მეორე მხარეს და პროკურორი სასაცილო მდგომარეობაში იყო და ვიფიქრე, ამას მაინც შეიძლებოდა შეეცვალა მოსამართლის დამოკიდებულება და ის გამოიჩენდა პრინციპულობას. ახლა კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არ გვაქვს დამოუკიდებელი სასამართლო. მოსამართლეები უფრო დიდ დანაშაულს ჩადიან, ვიდრე ის პოლიციელები, რომლებიც უშუალოდ უდებენ იარაღს“, - ამბობს ადვოკატი.

გიორგი რურუამ 24 სექტემბერს „მთავარი არხის" 2.5%-იანი წილი შეიძინა.

პარტია „გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, გიორგი რურუა ფინანსურად ეხმარებოდა საპროტესტო აქციებს „სირცხვილია".

გიორგი რურუა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

შსს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ხანძრის ჩაქრობის შესახებ იტყობინება

„მთელი ქვეყნის მასშტაბით თითქმის ერთდროულად, დაახლოებით, სამი-ოთხი დღის განმავლობაში გვქონდა ხანძრის 7კერა. იწვოდა ტყის ქვედა საფარი, ბალახი და ბუჩქნარი“, - თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, იოსებ ჭელიძემ.

შსს ხანძრების ჩაქრობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

  • „ამ დროისთვის, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძარი ლიკვიდირებულია.
  • ლიკვიდირებულია ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვიმბრალასთან გაჩენილი ტყის ქვედა საფარის ხანძარი.
  • ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ირის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 35-მდე მეხანძრე-მაშველი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
  • ასევე, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდაშელების მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 40-მდე მეხანძრე-მაშველი. ამჟამად ხანძარი ლიკვიდირებულია.
  • ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აბარის მიმდებარედ, ტყის ქვედა საფარის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 45-მდე მეხანძრე-მაშველი. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
  • მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში, წაჩხურის მთაზე, ტყის ქვედა საფარის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართული იყო 13 მეხანძრე-მაშველი. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია“.

კიევი: რუსეთის მიერ დაბრუნებული სამი ხომალდი ძალზე ცუდ მდგომარეობაშია

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადა, რომ რუსეთმა მას დაუბრუნა 2018 წელს ხელში ჩაგდებული სამი ხომალდი. კიევის თანახმად, გემები ძალზე ცუდ მდგომარეობაში არიან და საკუთარი ძალით ვერ დაბრუნდებიან პორტში. სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაურმა, ადმირალმა იჰორ ვორონჩენკომ 20 ნოემბერს განაცხადა, რომ ტექნიკური პრობლემების გამო გემებს სხვა ხომალდები ექაჩებიან და ძალზე ნელა გადაადგილდებიან.

„საკუთარი ძალით არ შეუძლიათ ცურვა. რუსებმა ისინი გაანადგურეს, ნათურები, ელექტროაღჭურვილობა და ტუალეტებიც კი მოხსნეს. მთელს მსოფლიოს ვუჩვენებთ, როგორ ბარბაროსულად მოეპყრნენ მათ რუსები,“ თქვა ვორონჩენკომ.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოჩაკოვის პორტში დახვდება გემებს.

2018 წლის 25 ნოემბერს რუსეთის სასაზღვრო დაცვის გემებმა ცეცხლი გაუხსნეს უკრაინის სამ გემს, ხელში ჩაიგდეს ისინი და ტყვედ აიყვანეს უკრაინის 24 მეზღვაური. ინციდენტი მოხდა ქერჩის სრუტეში, რომლის გავლითაც უკრაინული ხომალდები უკრაინის პორტ მარიუპოლში შესვლას აპირებდნენ აზოვის ზღვაში.

ქერჩის სრუტე ერთადერთი გასასვლელია შავი ზღვიდან აზოვის ზღვაში. იგი მდებარეობს რუსეთსა და ყირიმის ნახევარ კუნძულს შორის, რომელიც 2014 წელს დაიკავა რუსეთმა.

დავით ქაცარავამ ბოქლომი სუს-ის შესასვლელს დაადო

ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ლიდერმა დავით ქაცარავამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელს სიმბოლურად ბოქლომი დაადო.

„როგორც აღმოჩნდა. დღეს საოკუპაციო ხაზი გადის თბილისში. აქამდე ჩვენი მოწინააღმდეგე იყო რუსი ოკუპანტი, დღეს ჩვენი მოწინააღმდეგე გახდა რუსი ოკუპანტის მოკავშირე საქართველოს ხელისუფლება“, - განაცხადა დავით ქაცარავამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინ.

დავით ქაცარავამ ჟურნალისტებთან კომენტარში განაცხადა, რომ მასსა და მისი ოჯახის წევრებზე ხორციელდება მუქარა და სანდო წყაროსგან აქვს ინფორმაციაც იმის თაობაზე, რომ იარაღის უკანონოდ ტარების ბრალდებით მისი დაკავება იგეგმება.

დავით ქაცარავამ მედიის წარმომადგენლებს იარაღის ტარების დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგინა.

სუს-ის გარდა, ბოქლომის დადების აქცია დღეს გენერალურ პროკურატურასთანაც გაიმართა. ბოქლომის დადების აქციები ნაწილია საპროტესტო კამპანიისა, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა 19 ნოემბერს დააანონსეს.

საპროტესტო კამპანიის ფარგლებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების შენობებთან მივლენ და ბოქლომს დაადებენ.

14 ნოემბერს, პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩასატარებლად.

პარლამენტის უარის გამო, სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების მიერ იმავე დღეს დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა 17 ნოემბერს პარლამენტის შესასვლელები დაბლოკეს და ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.

18 ნოემბერს საღამოს, საპოლიციო ძალებმა პარლამენტის პიკეტირების აქცია დაშალეს.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის პიკეტირებას 26 ნოემბერსაც აპირებენ. ამ დღეს პლენარული სხდომაა დანიშნული.

სონდლენდის თქმით, თეთრი სახლი უკრაინაზე ზეწოლას ახორციელებდა ბაიდენზე გამოძიების მოთხოვნით

გორდონ სონდლენდი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, ევროკავშირში აშშ-ის ელჩმა, გორდონ სონდლენდმა თქვა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტსა და სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ატყობინებდა უკრაინაზე ზეწოლის შესახებ, რომ სამხედრო დახმარების სანაცვლოდ გამოძიება ეწარმოებინა ტრამპის პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის საქმეზე. მან მკაფიოდ აღნიშნა, რომ ეს იყო „quid-pro-quo“, ანუ სამსახური სამსახურის სანაცვლოდ.

სონდლენდმა ასევე თქვა, რომ „პრეზიდენტის მითითებებს“ ასრულებდა უკრაინასთან ურთიერთობებში და რომ ტრამპის პირად ადვოკატთან, რუდი ჯულიანისთან თანამშრომლობდა.

სონდლენდის განცხადება შესაძლოა კრიტიკული დარტყმა იყოს თეთრი სახლის მტკიცებულებისთვის, რომ არ ყოფილა კავშირი უკრაინისთვის სამხედრო დახმარებასა და ბაიდენთან დაკავშირებულ გამოძიებას შორის. პრეზიდენტის დამცველები აცხადებენ, რომ არ ყოფილა „quid-pro-quo“.

როგორც თავის გამხსნელ განცხადებაში თქვა სონდლენდმა, ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს ელაპარაკა თავის „შეშფოთებაზე“ იმის გამო, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების საკითხი გამოძიებას „დაუკავშირდა“.

სონდლენდის თქმით "ყველა განდობილი იყო", ეს "არ ყოფილა საიდუმლო".

კანონმდებლები იძიებენ, ბოროტად გამოიყენა თუ არა ტრამპმა უფლებამოსილებები და ეცადა თუ არა ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიებისთვის უცხო ქვეყნის მხრიდან დახმარების მიღებას. ბაიდენი ტრამპის პოტენციური ოპონენტია 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.

ტრამპი უარყოფს ბრალდებებს და გამოძიებას „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს.

ქარტიის საბჭო: აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ გაამძაფრა ეჭვი, რომ აჭარის ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხეშია. განცხადებაში, რომელიც 20 ნოემბერს გავრცელდა, აღნიშნულია, რომ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ამძაფრებს ეჭვს, რომ ტელევიზიის ახალი მრჩეველთა საბჭო ხელისუფლების ინტერესების გამტარებელ დირექტორს აირჩევს:

„ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა გაგვიმძაფრა ეჭვი, რომ ტელევიზიის ახალი მრჩეველთა საბჭო, რომლის უმრავლესობაც სრულად "ქართული ოცნების" ხელისუფლების მხარდაჭერითაა დამტკიცებული, აირჩევს ისეთ ახალ დირექტორს, რომელიც ხელისუფლების ინტერესს გაატარებს და მმართველი ძალისთვის ლოიალურ სარედაქციო პოლიტიკას განახორციელებს.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შეინარჩუნოს დღეს არსებული კრიტიკული, ხელისუფლების გავლენისგან დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა.

ახალმა დირექტორმა არ განახორციელოს იქ მომუშავე პროფესიონალი, გავლენებისგან თავისუფალი ჟურნალისტების დევნა ან შეზღუდვა. უფრო მეტიც, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ ერთ წელზე ნაკლებ დროში მნიშვნელოვანია აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა გახდეს უფრო სიღრმისეული, კრიტიკულად მოდარაჯე ხელისუფლების ყველა შტოს მიმართ. სწორედ ასეთი მედიის არსებობაა მნიშვნელოვანი და აუცილებელი ჩვენი საზოგადოებისთვის“
, - აღნიშნულია განცხადებაში.

ქარტიის საბჭო მოუწოდებს ყველას, ვისაც მცირედი წვლილის შეტანა შეუძლია ტელევიზიის დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა არ მოხდეს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც დამოუკიდებლად მუშაობის შანსს მოუსპობს იქ დასაქმებულ ჟურნალისტებს და გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ამ ტელევიზიის აუდიტორიას

ქარტია მიიჩნევს, რომ ასევე მნიშვნელოვანია, კონკურსი წარიმართოს მაღალი კონკურენციის პირობებში, სადაც მონაწილეობას მიიღებენ პირები, რომლებსაც საზოგადოებაში აქვთ ნდობა.


აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსში საბუთების მიღება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 18 ნოემბერს განახლდა და 20 ნოემბრის 18:00 საათზე დასრულდა. კონკურსში 10 კანდიდატი მონაწილეობს, მათგან 7 აჭარის ტელევიზიის თანამშრომელია.

18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა მაუწყებლის კერძო საჩივარი და გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რომლითაც მეოთხე კონკურსი შეჩერებული იყო.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც მიმდინარე წლის 19 აპრილს მისი დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს მრჩეველთა საბჭოს 4-მა წევრმა დაუჭირა მხარი.​

ჰასან როუჰანიმ განცხადება გააკეთა „მტრების შეთქმულებაზე გამარჯვების“ შესახებ

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ ოთხშაბათს განაცხადა „მტრების შეთქმულებაზე გამარჯვების“ შესახებ. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა, მან კომენტარი გააკეთა ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების თაობაზე, რომლებმაც საწვავზე ფასების გაზრდის გამო იფეთქა.

საპროტესტო გამოსვლების დაწყების შემდეგ, რომელთა მსვლელობისას რიგ ქალაქებში მოხდა პოლიციასთან შეტაკებები და იყო ბანკებისა და სახელმწიფო დაწესებულებების შტურმის მცდელობები, ირანის ხელისუფლებამ ქვეყანაში ინტერნეტზე წვდომა გათიშა. სოცქსელებში თითქმის არ გამოქვეყნებულა საპროტესტო აქციების ამსახველი ვიდეოები. ხელისუფლება აცხადებს, რომ გამოსვლები ჩაცხრა.

Amnesty International-ის თანახმად, რომელიც თვითმხილველების ინფორმაციას ეყრდნობა, 20-ზე მეტ ქალაქში საპროტესტო აქციების დარბევისას დაიღუპა 106 ადამიანი და ათასამდე დაპატიმრებულია.

ვლადიმირ პუტინის აზრით, ვოლოდიმირ ზელენსკი სიმპათიური ადამიანია

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის აზრით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სიმპათიური ადამიანია. ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა განაცხადა საინვესტიციო ფორუმის, „რუსეთი გიხმობს!“ სხდომაზე. ამასთან, აღნიშნა, რომ არასოდეს უნახავს თავისი უკრაინელი კოლეგა და არ იცნობს მას. „მე ვფიქრობ, ის სიმპათიური ადამიანია, გულწრფელია“, თქვა პუტინმა შეხვედრაზე.

პუტინის თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობები მთლიანად კიევზეა დამოკიდებული. მან დასძინა, რომ რუსეთისთვის მიუღებელია უკრაინული მხარის განცხადება მინსკის შეთანხმებების გადახედვის თაობაზე. მაგრამ ამასთან აღნიშნა, რომ კიევმა „გარკვეული დადებითი ნაბიჯები“ გადადგა აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად.

„ნორმანდიის ფორმატში“ შეხვედრის გასამართად რუსეთი ერთ-ერთ პირობად აყენებდა ორივე მხარის მიერ შეიარაღებული ძალების გაყვანას შეხების ხაზიდან. ეს პროცესი ოქტომბერში დაიწყო. უკრაინის სამხედროებმა და პრორუსულად განწყობილმა სეპარატისტებმა განაცხადეს, რომ შეასრულეს ძალების გაყვანის ოპერაცია.

9 დეკემბერს პარიზში გაიმართება ოთხმხრივი სამიტი, რომელზეც განიხილავენ აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებას და კონფლიქტის მოგვარების შესაძლო გზებს. მოლაპარაკების ფარგლებში გაიმართება რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების პირველი შეხვედრა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე რომან კაკულიას კანდიდატურა განიხილება

რომან კაკულია

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე რომან კაკულია ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა განიხილება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარედ:

„განხილვას ვადასტურებ, მაგრამ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ეს საჭიროებს კონსულტაციებს“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

„აქ არ არის საუბარი მხოლოდ იმაზე, რა არის გასაკეთებელი ევროინტეგრაციის მიმართულებით. თამარ ხულორდავა იმიტომ კი არ წავიდა, რომ რამე მიმდინარე საქმიანობას თავს ვერ ართმევდა. მას ჰქონდა ძალიან რთული პოზიცია მოცემულობასთან დაკავშირებით, რაც ჩამოყალიბდა ბოლო მოვლენებსა და ვალდებულებებს შორის, რაც იყო აღებული საერთაშორისო თანამეგობრობასთან. აქ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგი ნაბიჯები, რას ვაპირებთ, როგორ მივდივართ“, - განაცხადა რომან კაკულიამ.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განმარტებით, პარლამენტში ვაკანტურ თანამდებობებზე წარსადგენ კანდიდატურებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში რამდენიმე თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გასულ კვირაში პროპორციული სარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობა და თანამდებობები 12-მა დეპუტატმა დატოვა.

კერძოდ, თამარ ჩუგოშვილისა და ზვიად ძიძიგურის უმრავლესობიდან წასვლის შემდეგ, ვაკანტური გახდა პირველი ვიცე-სპიკერისა და ვიცე-სპიკერის თანამდებობები. ასევე ვაკანტურია სამი კომიტეტის – საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარეების პოსტები. ვაკანტურია ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობები.

ბოკერია: ჩუგოშვილი ვერ შექმნის განცდას, რომ ჩვეულებრივი საპარლამენტო ცხოვრება მიდის

პარლამენტის წევრი „ევროპული საქართველოდან“ გიგა ბოკერია გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, თამარ ჩუგოშვილის საუბარს სამომავლო გეგმების შესახებ.

„დღეს მოვისმინე ქალბატონი ჩუგოშვილის განცხადება, რომ ფრაქციას შექმნიან და იმედი აქვთ, რომ იქნება სავსე და ნორმალური პოლიტიკური პროცესი. თუ ქალბატონ ჩუგოშვილს ან მის ყოფილ უფროსს, ივანიშვილს, აქვს ილუზია, რომ ამით შექმნიან ილუზიას ნორმალურობის, რომ ვითომ არაფერი მომხდარა და ჩვეულებრივად გრძელდება ამბავი, ძალიან ცდებიან. ჩუგოშვილი და ვერავინ ვერ შექმნის განცდას, რომ ჩვეულებრივი საპარლამენტო ცხოვრება მიდის“, - აღნიშნავს ბოკერია და განაგრძობს, - „ამ მცდელობით დაადასტურებენ, რომ კი, დაამცირა ივანიშვილმა, გავიდნენ უმრავლესობიდან, მაგრამ რეალურად ივანიშვილის ამ პოლიტიკური მონების რიგში რჩებიან“.

ბოკერია იმედს გამოთქვამს, რომ ეს ასე არ იქნება. მისი თქმით, 14 ნოემბრის კენჭისყრის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულ დეპუტატებს მარტივად შეუძლიათ ამის დემონსტრირება - პოლიტიკური განცხადებებით პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, მათ შორის, „გერმანული მოდელის“ პრინციპის შესახებ.

„თავი დაანებონ ნორმალურობის ილუზიის შექმნას, რითაც თვითლუსტრაციას მოახდენენ, როგორც ახალ როლში, როგორც დანიშნული პოლიტიკური ოპონენტები პარლამენტში“, - თქვა ბოკერიამ.

თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს იმ დეპუტატებს დაუკავშირებს, რომლებმაც უმრავლესობა საკონსტიტუციო კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე დატოვეს.

„ერთადერთი, ვისთანაც მოლაპარაკებები გვაქვს, არიან ის ადამიანები, ვინც ბოლო პერიოდში, საკონსტიტუციო კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე, მიიღეს უმრავლესობის დატოვების გადაწყვეტილება. ყველა ადამიანი, ვისთანაც გვაქვს საუბარი, არის ძალიან პრინციპული, პროფესიონალი, და მე ვფიქრობ, რომ ამ ფრაქციაში, - თუ ის შეიქმნება და იმედი მაქვს, რომ შეიქმნება, - იქნება ძალიან კარგი რესურსი იმისთვის, რომ ჯანსაღი პოლიტიკური პოზიციები გვქონდეს საქართველოს პარლამენტში“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.

თამარ ჩუგოშვილმა და კიდევ 8 დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა 14 ნოემბერს, მას შემდეგ დატოვეს, რაც პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩასატარებლად.

პროკურატურის ღობეს ბოქლომი დაადეს

„აქ კლიტე-ბოქლომი კი არა, აქ დასადები მე ვიცი რაც არის, მაგრამ ღმერთო მიშველე საქართველოს სიყვარულით“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა პროკურატურის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე.

პროკურატურასთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ერთგვარი აქცია-პერფორმანსი გამართეს, პროკურატურის რკინის ღობეს მათ ბოქლომი დაადეს.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები გეგმავდნენ, ბოქლომი ჭიშკარზე დაედოთ, თუმცა სამართალდამცველებთან მცირე წინააღმდეგობის შემდეგ მათ ბოქლომი რკინის ღობეზე დაამაგრეს.

აქციას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილიც შეუერთდა. მისი სიტყვებით, პროკურატურაში იციან, რომ უდანაშაულო თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს, თუმცა საზოგადოების წინაშე ამას არ აღიარებენ.

„ორი წელია იმისთვის ვიბრძვი, შე დედააფეთქებულო, პროკურორი ხარ თუ გენპროკურორი, მითხარი, ერთი ბოდიში მაინც მომიხადე. მთელი ამ დროის განმავლობაში ვცდილობ, რომ კორექტულად ვისაუბრო, წყობიდან არ გამოვიდე, პატივი გცეთ თქვენც და მთელ საქართველოს, აქ მოვედი იმის მოლოდინში, რომ მოვიდე ჩემს ხალხთან, თორემ მართლა ამას ბოქლომი კი არა, შავი ჭირი დავადო“,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

გენერალურ პროკურატურასთან ბოქლომის დადების აქცია ნაწილია საპროტესტო კამპანიისა, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა 19 ნოემბერს დააანონსეს.

საპროტესტო კამპანიის ფარგლებში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების შენობებთან მივლენ და ბოქლომს დაადებენ.

14 ნოემბერს, პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩასატარებლად.

პარლამენტის უარის გამო, სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების მიერ იმავე დღეს დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა 17 ნოემბერს პარლამენტის შესასვლელები დაბლოკეს და ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.

18 ნოემბერს საღამოს, საპოლიციო ძალებმა პარლამენტის პიკეტირების აქცია დაშალეს. შსს-მ საფუძვლად დაასახელა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის მე-9 მუხლის დარღვევა. კერძოდ, ის, რომ კანონით აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

უფლებადამცველები ადასტურებენ, რომ ფორმალურად არსებობდა პიკეტირების აქციის დაშლის საფუძველი, თუმცა, ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა კონტექსტი, რომელმაც მშვიდობიანი აქციის ეს ფორმა განაპირობა და არც ის, რომ გამომწვევ მიზეზზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის პიკეტირებას 26 ნოემბერსაც აპირებენ. ამ დღეს პლენარული სხდომაა დანიშნული.

მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებული ორი პირი

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვალერიანე ფილიშვილმა სხდომათა დარბაზიდან გააძევა 18 ნოემბრის აქციის დაშლის დროს დაკავებული, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე და სამოქალაქო აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი.

როგორც რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იუწყება სასამართლოს დარბაზიდან, შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას ბიძინაშვილმა განაცხადა, რომ აუცილებლად დაასრულებენ ივანიშვილის ოლიგარქიულ მმართველობას. „ბიძინა ივანიშვილს არ განვიხილავთ ამ პროცესზე“, - მიმართა მოსამართლემ აქტივისტს.

რაც შეეხება ირაკლი ნადირაძეს, მან მოსამართლეს უთხრა, რომ მითითებებს ასრულებს და მნიშვნელობა არ აქვს, ციხეში იქნებიან თუ გარეთ, ბრძოლას გააგრძელებენ. მოსამართლე ფილიშვილმა ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს საპროტესტო გამოსვლების და შეურაცხყოფის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ხოლო შემდეგ დარბაზიდან გააძევა.

მანამდე მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ სერგო რატიანი, „ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი და კიდევ ორი პირი.

ტომას ჰენდრიკ ილვესი: დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ ვაჟა გაფრინდაშვილი

ტომას ჰენდრიკ ილვესი

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილის სოლიდარობას უცხადებს. იგი მეუღლესთან ერთად დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას ქართველი ექიმის გათავისუფლებას სთხოვს:

„გამარჯობა. მე ვარ ტომას ჰენდრიკ ილვესი. მოვუწოდებ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ექიმი გაფრინდაშვილი. ექიმი, რომელიც ასრულებდა თავის პროფესიულ მოვალეობას, რომ მომსახურებოდა ადამიანებს ტერიტორიაზე, სადაც არ არსებობს ადეკვატური სამედიცინო მომსახურება. გაათავისუფლეთ გაფრინდაშვილი!“ - ამბობს ტომას ჰენდრიკ ილვესი. მისი და მისი მეუღლის ერთობლივ მიმართვას საქართველოში ესტონეთის საელჩო ავრცელებს.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. დე ფაქტო სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დავით კიკალიშვილი "ფორმულაზე" ახალ გადაცემას წაიყვანს

"ფორმულა ევროპიდან" ასე ერქმევა გადაცემას, რომელსაც ყოველ კვირას ტელეკომპანია "ფორმულის" ეთერში დავით კიკალიშვილი წაიყვანს.

უკვე ჩაწერილია საცდელი გადაცემებიც.

შეგახსენებთ, რომ დავით კიკალიშვილი 20 წელი გადაცემა "პოსტ სკრიპტუმის" წამყვანი იყო. 2016 წელს კი თავისი სურვილით დატოვა ტელეკომპანია "რუსთავი 2" და საცხოვრებლად ავსტრიაში გადავიდა.

თამარ ჩუგოშვილი: ყველამ უნდა ვისწავლოთ კანონის ფარგლებში მოქმედება

თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ კანონიერი ფორმებით გამოხატული პროტესტი სრულიად ლეგიტიმურია და ყველას აქვს უფლება, თავისი განწყობა ჰქონდეს, თუმცა, კანონის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს აზრის გამოხატვის ყველა ფორმა და მოქმედება, თუნდაც, ძალიან გაბრაზებული პოზიციიდან.

„კარების აჭედვა, ბოქლომის დადება და ასე შემდგომ, კანონით დაცული ფორმები პროტესტის არ არის. კანონის ფარგლებში რომ ჯდებოდეს ყველაფერი ყველას მხრიდან, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის, მე ეს მგონია ძალიან მნიშვნელოვანი. უნდა ვისწავლოთ კანონის ფარგლებში მოქმედება ყველამ“, - უთხრა დღეს 20 ნოემბერს, პარლამენტში ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.

მედიის შეკითხვას, იყო თუ არა 18 ნოემბერს, პარლამენტის პიკეტირების აქციის დაშლა ხელისუფლების მხრიდან ძალის დემონსტრირება, ჩუგოშვილმა უპასუხა: „რისი დემონსტრირება იყო, არ ვიცი, ვერ გეტყვით. ძალიან ცუდი საყურებელი იყო, ეს შემიძლია გითხრათ. ძალიან დასანანია, რომ პოლიტიკოსების არასწორი მოქმედებების და პოლიტიკოსების შეცდომების გამო პოლიციის, სპეცნაზის გამოყენება რომ ხდება საჭირო ქვეყანაში. მე ეს მგონია სამწუხარო. და წლებია უკვე, რამდენჯერ უნდა მოხდეს და რამდენჯერ უნდა გავიაროთ ეს პროცესი. მე მგონია, რომ პოლიტიკოსებმა ისე უნდა მოახერხონ მუშაობა და ერთმანეთთან შეთანხმება, რომ არ იყოს საჭირო მოქალაქეების და პოლიციის ერთმანეთთან დაპირისპირება“.

თამარ ჩუგოშვილმა და კიდევ 8 დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა 14 ნოემბერს, მას შემდეგ დატოვეს, რაც პარლამენტმა ვერ მიიღო „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილება მომდევნო საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩასატარებლად.

პარლამენტის უარის გამო, სამოქალაქო აქტივისტების და ოპოზიციური პარტიების მიერ იმავე დღეს დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა 17 ნოემბერს პარლამენტის შესასვლელები დაბლოკეს და ჭიშკარს ბოქლომი დაადეს.

18 ნოემბერს საღამოს, საპოლიციო ძალებმა პარლამენტის პიკეტირების აქცია დაშალეს. შსს-მ საფუძვლად დაასახელა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის მე-9 მუხლის დარღვევა. კერძოდ, ის, რომ კანონით აკრძალულია საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების ბლოკირება და მისი საქმიანობის შეფერხება.

უფლებადამცველები ადასტურებენ, რომ ფორმალურად არსებობდა პიკეტირების აქციის დაშლის საფუძველი, თუმცა, ხაზს უსვამენ, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა კონტექსტი, რომელმაც მშვიდობიანი აქციის ეს ფორმა განაპირობა და არც ის, რომ გამომწვევ მიზეზზე სრული პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება.

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტის პიკეტირებას 26 ნოემბერსაც აპირებენ. ამ დღეს პლენარული სხდომაა დანიშნული.

აკაკი ზოიძე მზადაა, ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილი ჩაანაცვლოს

აკაკი ზოიძე

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე უერთდება ექიმების ინიციატივას და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეჟიმს დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ჩანაცვლებას სთავაზობს:

„პირდაპირ ვთავაზობ ჩემს თავსაც, რომ მეც ერთი კვირით წავალ. თუ ესეთი პრინციპული არის სეპარატისტული რეჟიმისთვის იმ ადამიანების მძევლად აყვანა, რომლებიც მათ შორის 2008 წლის ომის დროს ეხმარებოდნენ დაჭრილებს მიუხედავად მათი ეროვნებისა, მაშინ ჩვენ ყველა ვართ ვაჟა გაფრინდაშვილი დღეს და ჩვენ ყველა ვართ მძევალი სეპარატისტული ხელისუფლების. მე ვარ პირადად მზად, რომ ჩავიდე და დღესვე ჩავანაცვლო ბატონი ვაჟა“, - აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი თავისი პატრიოტიზმის გამოა მძევლად აყვანილი.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა თბილისელი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონთან დააკავეს და ბრალი წაუყენეს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში, რაც დე ფაქტო კანონმდებლობით სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. დე ფაქტო სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სიცილისთვის სერგო რატიანი მოსამართლემ დარბაზიდან გააძევა

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი სერგო რატიანი მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა სასამართლო დარბაზიდან სიცილისთვის გაააძევა.

„უმისამართოდ ვიღიმებოდი თან“, - განაცხადა სერგო რატიანმა დარბაზიდან გასვლისას.

სერგო რატიანის გაძევებამდე, მოსამართლის მიმართ გამოთქმული რეპლიკისთვის - „ბიძინა ივანიშვილის მონაა“, გააძევეს „ლეიბორისტული“ პარტიის წარმომადგენლი ლაშა ჩხარტიშვილი და კიდევ ორი პირი. მათგან ერთი ლაშა ჩხარტიშვილის რეპლიკას ტაშით შეხვდა.

საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობას 18 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან აქციის დაშლისას დაკავებულებიდან 6 პირის სასამართლო პროცესი. ესენი არიან: ირაკლი ნადირაძე, პაატა სოსანაშვილი, დავით მჟავანაძე, გიგა მაქარაშვილი, დიმიტრი ბიძინაშვილი და ირაკლი კაჭარავა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ვალერიანე ფილიშვილმა დარბაზიდან გაათავისუფლა 18 ნოემბერს დაკავებული 36 ადამიანი.

მოსამართლემ, აგრეთვე, იმსჯელა პარტია „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის საკითხზეც, რომელიც ხელწერილით არის გათავისუფლებული. მისი საქმის განხილვა 20 ნოემბერს 17:50 საათზე გაგრძელდება.

მოსამართლემ აქტივისტები გადაწყვეტილების მიღებამდე გაათავისუფლა და მათი პროცესები გადადო. პროცესები საქალაქო სასამართლოში განახლდა.

დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის 18 ნოემბერს სულ 37 პირი დააკავა.

18 ნოემბერს პიკეტირებული პარლამენტის შენობის გათავისუფლების მიზნით საპოლიციო ძალებმა მომიტინგეები წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. სწორედ ამ დროს დააკავეს 37 ადამიანი.

მომიტინგეები აპროტესტებენ პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობას. პარლამენტმა ჩააგდო დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდებოდა.

ნეიროქირურგ გოგი მაღალაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ

თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში, ნეიროქირურგ გიორგი მაღალაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა პაციენტის ნათესავმა მიაყენა. როგორც რადიო თავისუფლებას საავადმყოფოში უთხრეს, შემთხვევა გუშინ შუადღეს მოხდა.

მაღალაშვილის თქმით, მასთან კაბინეტში შევიდა 2 კაცი, რომელთაგან ერთ-ერთი აგრესიულად ითხოვდა ექიმისგან პასუხს პაციენტის მდგომარეობასთან დაკავშირებით:

„ვუთხარი, რომ ოპერაცია კარგად შესრულდა და იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, რას ჰქვია იმედი? გარანტიები სად არისო? დერეფანში რომ გავიდა, დედა შემაგინა და ამაზე მეც გავედი, შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა“, - ამბობს გოგი მაღალაშვილი.

ექიმს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ცემას/ძალადობას გულისხმობს. საქმესთან დაკავშირებით დაკავებული ჯერ არავინაა.

გამოკითხვის თანახმად, რუსეთში მეტი მოქალაქე აფასებს სიტყვის თავისუფლებას

რუსეთში მოქმედი დამოუკიდებელი კვლევითი ორგანიზაცია, „ლევადა ცენტრი“ ამბობს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაზრდილია იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც აფასებენ სიტყვის, რწმენის და შეკრების თავისუფლებებს.

20 ნოემბერს გამოქვეყნებულ გამოკვლევაში ორგანიზაცია ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში 34-დან 58 პროცენტამდე გაიზარდა რუსეთის იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ სიტყვის თავისუფლება ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა.

დედაქალაქ მოსკოვში ამ ჯგუფის რაოდენობა გაორმაგდა, უფრო მომცრო ქალაქებში კი 1,5-ჯერ გაიზარდა, - ამბობს ორგანიზაცია.

საერთო ჯამში, რუსეთის იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც სამართლიანი სასამართლოს უფლებას ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესად მიიჩნევენ, 50-დან 64 პროცენტამდე გაიზარდა, რწმენის თავისუფლების დამფასებელთა რაოდენობა კი 22-დან 40 პროცენტამდე ავიდა 2017 წლის შემდეგ.

გამოკითხვა, რომლის ფარგლებშიც რესპონდენტებს სთხოვდნენ დაესახელებინათ ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი უფლებები, ოქტომბრის ბოლოს ჩატარდა რუსეთის 50 რეგიონში.

ბერძენიშვილი: ჩემი სასამართლოდან 35 წლის შემდეგ შვილის პროცესზე ყოფნა თუ მომიწევდა, არ მეგონა

დავით ბერძენიშვილი

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ ვერ იფიქრებდა ახალგაზრდობაში, რომ მისი სასამართლოდან 35 წლის შემდეგ შვილის პოლიტიკურ პროცესზე მოუწევდა ყოფნა: „ჩემი სასამართლოდან 35 წლის მერე ისევ პოლიტიკურზე უკვე შვილის სასამართლოზე თუ მომიწევდა ყოფნა, არ ვფიქრობდი ასე. მაინც უფრო იმედიანად ვიყავი ჩემს ახალგაზრდობაში“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა. მას არ აქვს მოლოდინი, რომ მოსამართლე დაკავებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას გამოიყენებს, თუმცა არც ამას გამორიცხავს:

„მე არაფერს არ გამოვრიცხავ, მგონი ახლა დაიწყებენ ანგარიშს, ვინ რა ღირს და გარეთ გაშვება რამდენად შეაფასონ“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

დავით ბერძენიშვილის შვილი, ზუკა ბერძენიშვილი, ერთ-ერთია 18 ნოემბერს აქციის დაშლის შემდეგ დაკავებული 37 პირიდან. 19 ნოემბერს დაკავებულთა მიმართ დაწყებული სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 20 ნოემბერს განახლდა.

თამარ ჩუგოშვილი: ახალ ფრაქციაში იქნება კარგი რესურსი ჯანსაღი პოლიტიკური პოზიციებისთვის

უმრავლესობიდან 14 ნოემბერს გასული დეპუტატები: თამარ ჩუგოშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ხულორდავა, გიორგი მოსიძე და სოფიო ქაცარავა

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობიდან გასული დეპუტატები პარტიის შექმნას არ გეგმავენ. ამის შესახებ დღეს, 20 ნოემბერს, პარლამენტში ჟურნალისტებს უთხრა ყოფილმა პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა: „გადაჭრით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ ვფიქრობთ არანაირი პარტიის შექმნაზე“.

„პარტიის შექმნისთვის ჩვენ არც რესურსი გაგვაჩნია და ვერც კიდევ ერთი პარტიის შექმნის საჭიროებას ვხედავთ. პირიქით, მგონია, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პარტიაა. დროც არ ყოფილა, რომ ასეთ სერიოზულ და მთელი ცხოვრების გეგმებზე გვეფიქრა პოლიტიკაში, რადგან სულ რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება მივიღეთ“, - განაცხადა ჩუგოშვილმა. მისი თქმით, უმრავლესობიდან წასული დეპუტატების გეგმები, პირველ რიგში, დაკავშირებულია დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში საპარლმენტო საქმიანობის ვადის ღირსეულად დასრულებასთან.

რაც შეეხება ახალი ფრაქციის შექმნას, თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, კონსულტაციები მხოლოდ იმ დეპუტატებს შორისაა, რომლებმაც უმრავლესობა დატოვეს 14 ნოემბრის კენჭისყრის შედეგების გამო.

„ჯერჯერობით, კოლეგებთან კონსულტაციები და მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ვფიქრობ, პარლამენტის წევრები საკმარისი რაოდენობით მოვგროვდებით, რომლებსაც სურვილი ექნებათ ფრაქციის შექმნის. ჯერჯერობით გვარებს და დეტალებს სრულად ვერ გეტყვით, რადგან რამდენიმე დღე კიდევ გვჭირდება... ყველა ადამიანი, ვისთანაც საუბარი გვაქვს, არის ძალიან პრინციპული და პროფესიონალი. ფრაქციაში, თუ ის შეიქმნება, - და მე იმედი მაქვს, რომ შეიქმნება, - იქნება საკმაოდ კარგი რესურსი იმისთვის, რომ ჯანსაღი პოლიტიკური პოზიციები გვქონდეს საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი შეფასებით, ფრაქცია ორგანიზებული საპარლამენტო საქმიანობის კარგი ფორმაა. თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ფრაქცია მხარს დაუჭერს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება.

14 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ვერ მიიღო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებდა უკვე მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის, უმრავლესობა დატოვეს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, მარიამ ჯაშმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, ირინე ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილმა და რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ წევრმა, გიორგი ბეგაძემ. ამასთან, სოფიო ქაცარავამ უარი თქვა დეპუტატის მანდატზეც.

15 ნოემბერს, საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ წევრებმა, ზვიად ძიძიგურმა, გიგა ბუკიამ და ნინო გოგუაძემ.

ჩამოტვირთე მეტი

"ისე ვერ წავა პროცესი, როგორც ხელისუფლებას უნდა"
please wait

No media source currently available

0:00 0:50:48 0:00
დილის საუბრები
უკანასკნელი ეპიზოდი
"ისე ვერ წავა პროცესი, როგორც ხელისუფლებას უნდა"
დილის საუბრები
დილის საუბრები

გამოიწერეთ

ITunes Video Podcast
XS
SM
MD
LG