Accessibility links

ირმა ინაშვილი: რევოლუციური სცენარები იგეგმება. მზად ხართ დაიცვათ ქვეყანა?


„შტურმი კი არა, კონკრეტული რევოლუციური სცენარები იგეგმება, ისევ ხდება „კმარას“ აღდგენა, ისევ ხდება „თავისუფლების ინსტიტუტის“ აღდგენა, ისევ იმ რეჟიმში მიდიან და ძალიან მძიმე პროცესები იგეგმება“, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც ფრაქციების ფორმატში მთავრობისთვის ნდობის საკითხის გამოცხადება განიხილება.

ირმა ინაშვილის თქმით, პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც „იმ რეჟიმისა და მმართველობის მთავარი ბოროტი ტვინები იყვნენ“, დღეს ისევ პარლამენტში სხედან და ჭკუას ასწავლიან, თუ რა არის დემოკრატია და ადამიანების უფლებები.

„საბუთებს რომ აქრობდნენ, ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ის ხალხი ადამიანებს აქრობდნენ. კისერზე აბამდნენ ქვებს და შუა ზღვაში ყრიდნენ. პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც იმ რეჟიმისა და მმართველობის მთავარი ბოროტი ტვინები იყვნენ, დღეს ისევ პარლამენტში სხედან და ჭკუას გვასწავლიან, დემოკრატია და ადამიანების უფლებები რა არის. ეს თქვენი ბრალია, ჩვენი ბრალი არ არის, ჩვენ რა დაპირებაც მივეცით ქართველ ხალხს, რომ თავდაუზოგავები და უკომპრომისოები ვიქნებოდით ამ ბრძოლაში, ამ დაპირებას ვასრულებთ, თქვენ არ შეასრულეთ ეს დაპირება და ეს არის ძალიან მძიმე შედეგი რასაც ყველა ერთად ვიმკით. რა მაგალითს ვაჩვენებთ ჩვენს მომავალ თაობას? და მერე გვიკვირს რაც ახალგაზრდობაში ხდება. ფასეულობები ამოყირავდა და ამას დამნაშავეების დაუსჯელობამ შეუწყო ხელი“.

ირმა ინაშვილის თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ არ დაუშვებს ქვეყანაში ახალ „ვარდების რევოლუციას“:

„თქვენ რომ ამოგაყირავებენ, ამაზე სულ არ ვდარდობ, რადგან მე არ ვარ ხელისუფლებაში, ქვეყანა რომ დაიღუპება, ეს მადარდებს და ეს მაწუხებს. შტურმი კი არა, კონკრეტული რევოლუციური სცენარები იგეგმება და ინფორმაციას უნდა ფლობდეთ თქვენ. ისევ ხდება „კმარას“ აღდგენა, ისევ ხდება „თავისუფლების ინსტიტუტის“ აღდგენა, ისევ იმ რეჟიმში მიდიან და ძალიან მძიმე პროცესები იგეგმება. მზად ხართ ამ ყველაფრის შესაკავებლად და მზად ხართ ეს ქვეყანა ამ ავანტიურისტებისგან დაიცვათ?“ - მიმართა ირმა ინაშვილმა მთავრობის მომავალ წევრებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG