Accessibility links

დაიწყო პატიმრების გაცვლის პროცესი რუსეთსა და უკრაინას შორის


სხვადასხვა რუსული საინფორმაციო საშუალების ცნობით, მოსკოვში მდებარე ლეფორტოვოს ციხიდან გამოვიდა ავტობუსები, რომლებშიც უკრაინული მხარისათვის გადასაცემი პირები იმყოფებიან.

სააგენტო „ინტერფაქსის“ თანახმად, ავტობუსები შევიდა ვნუკოვოს აეროპორტში, სადაც მათ ელოდება უკრაინის მთავრობის სპეციალური თვითმფრინავი.

ადვოკატმა ნიკოლაი პოლოზოვმა, რომელიც რუსეთის პატიმრობაში მყოფი 24 უკრაინელი მეზღვაურის ინტერესებს იცავს, ფეისბუკში დაწერა - „შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესი დაიწყო“ .

„ფრანს პრესი“, პოლოზოვზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ავტობუსში იმყოფება 24-ივე მეზღვაური, რომლებიც, ადვოკატის თქმით, „უკრაინაში რამდენიმე საათში იქნებიან“.

ჯერჯერობით არ არის იდენტიფიცირებული იმ დაკავებული პირების ვინაობა, რომლებიც რუსეთსა და უკრაინას შორის გაცვლის პროცესში უნდა გათავისუფლდნენ.

არსებობს ვარაუდები, რომ რუსეთის მხარემ უკრაინას შესაძლოა გადასცეს კინორეჟისორი ოლეჰ სენცოვი, რომელიც 2014 წელს დააპატიმრეს ყირიმში ტერაქტის მზადების ბრალდებით. ასევე დაუდასტურებელი ცნობებით, უკრაინა სხვა პატიმრებს შორის რუსეთს გადასცემს უკრაინის მოქალაქე ვლადიმირ ცემახს, რომელიც დონბასელი სეპარატისტების საჰაერო თავდაცვის დივიზიონს ხელმძღვანელობდა მაშინ, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი „ბოინგი“ MH17 ჩამოაგდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG