Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს


საქართველოს პარლამენტში დაიწყო პლენარული სხდომა, რომლის დღის წესრიგში ერთადერთი საკითხია - მთავრობის განახლებული შემადგენლობის და მისი პროგრამის განხილვა.

სხდომაზე რეგისტრაცია გაიარა 104-მა დეპუტატმა. პარლამენტის პლენარულ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციურმა „ევროპულმა საქართველომ.“

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მოხსენების შემდეგ დაიწყება საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციების და დამოუკიდებელი დეპუტატების გამოსვლები. რეგლამენტით დადგენილი ამ პროცედურის დასრულების შემდეგ, დეპუტატები კენჭს უყრიან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებას.

მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც 2 სექტემბერს მამუკა ბახტაძემ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.

3 სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია.

გიორგი გახარიას მიერ წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ორი ცვლილებაა - თავდაცვის მინისტრობის კანდიდატია ყოფილი პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად წარდგენილია ვახტანგ გომელაური, რომელიც მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი სამთავრობო პროგრამის თანახმად, 2019-2020 წლებში მთავრობის სამოქმედო გეგმა ძირითადად ორიენტირებული იქნება სწრაფი და თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები შედეგების მიღწევაზე. ოთხ საკვანძო მიმართულებად დასახელებულია უსაფრთხოება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკის განვითარება, განათლება და ადამიანური კაპიტალის განვითარება და სახელმწიფო მმართველობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG