Accessibility links

გახარია: სამშობლოს სიყვარულის და ოკუპაციასთან ბრძოლის პრივატიზება დაუშვებელია


პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ მთავრობისთვის ერთ-ერთ გამოწვევად დაასახელა სიცრუესთან სიმართლით დაპირისპირება.

„არის კიდევ ერთი პრინციპი, რომელზე საუბარიც მაიძულა ბოლო დღეებში, თუნდაც პარლამენტში მიმდინარე მოვლენებმა და რომლის გარეშეც ქვეყნის განვითარებაზე საუბარი ალბათ, ზემდეტი იქნება, ეს არის - სიმართლე. ჩვენ დიდი პრობლემა გვაქვს, როდესაც სიცრუით და მოდელირებული რეალობით ხდება ჩვენს მოქალაქეებზე, მათ ფსიქიკაზე, მათ მორალზე ზემოქმედება. ეს არის ის დამანგრეველი ძალა, რომელიც ქმნის ილუზიებს” - განაცხადა გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის შეფასებით, როდესაც სიცრუით სიმართლის ჩანაცვლება ხდება და მოქალაქეს არ ეძლევა ობიექტური რეალობის შეფასების საშუალება, მით უმეტეს, მაშინ, როცა ეს რეალობა ხშირ შემთხვევაში, სახარბიელო არ არის, ეს იწვევს უდიდეს დეპრესიას, ქმნის უდიდეს დაძაბულობას და ხელს უშლის ქვეყნის პოზიტიურ განვითარებას.

გიორგი გახარიას თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი საკვანძო საკითხებიც კი, რომელსაც კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ აყენებს, სიცრუის საშუალებით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.

„მაგალითად, ოკუპაცია. ჩვენ ყველა შეთანხმებული ვართ, რომ ოკუპაცია არის ყველაზე დიდი პრობლემა, ყველაზე დიდი გამოწვევა, ყველაზე დიდი ბოროტება ჩვენი ქვეყნის და ის ადამიანები, რომლებიც მდუმარე პასუხისმგებლობას მაინც უნდა გრძნობდნენ ამ ოკუპაციაზე, მოგვიწოდებენ და ბრალს გვდებენ ოკუპაციის შეფასებაში, რაც რა თქმა უნდა, მიუღებელია. საერთოდ, სამშობლოს სიყვარულის და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის პრივატიზება არის დაუშვებელი” - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, აგრესიულ რიტორიკას და მოდელირებულ რეალობას უნდა დაუპირისპირდნენ სიმართლით, რომელიც ხელისუფლებისთვის გამოწვევაა: „მაგრამ ჩვენ ამ სიმართლის არ გვეშინია, იმიტომ, რომ ის საბაზისო ფასეულობები, რომლებიც 2012 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში დამკვირდა და რომელმაც ადამიანებს მოუტანა ძირითადი თავისუფლებები - გაათავისუფლა ძალადობისგან, მოუტანა საკუთრების უფლების დაცვა, ელემენტარული სოციალური პირობების დაცვა და ა.შ. ეს უკვე საკმარისი არ არის და ეს ფასეულობები ჩვენ უნდა გავაფართოვოთ.“

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG