Accessibility links

გახარია: ლარის კურსის მერყეობა არ უნდა იყოს შოკური და მოულოდნელი


„ჩვენი ძირითადი მიზანი უნდა იყოს ფინანსური სტაბილურობა და სამუშაო ადგილების მაქსიმალური რაოდენობა, რომ ლარის მერყეობას არ ჰქონდეს ისეთი სერიოზული სოციალური ზეგავლენა, როგორიც აქვს დღეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

გახარიას შეფასებით, ლარის კურსთან დაკავშირებით ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური ფაქტორია მოქალაქეების და იურიდიული პირების მიერ დოლარში აღებული საბანკო სესხები, რადგან გაცვლითი კურსის ვარდნა მათზე პირდაპირი დარტყმაა. ამიტომ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, უნდა გაგრძელდეს ე.წ. ლარიზაცია.

რაც შეეხება ფასების ზრდას, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობამ კომპეტენციის ფარგლებში მჭიდროდ უნდა იმუშაოს ეროვნულ ბანკთან.

„ჩვენი ძირითადი მიზანი უნდა გახლდეთ შემდეგი, რომ ლარის კურსის მერყეობა არ უნდა იყოს შოკური და მოულოდნელი. ის უნდა იყოს ძალიან დაბალანსებული. არ შეიძლება, რომ ასეთი მერყეობისთვის ჩვენ მზად არ ვიყოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, საქართველო ღია ეკონომიკის ქვეყანაა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა დიდწილად დამოკიდებულია ძირითად სავაჭრო პარტნიორებზე, თუმცა, არსებობს შიდა მდგრადობის ბევრი კარგი კომპონენტიც.

გახარიას განცხადებით, საგარეო ვალის ხარჯზე ლარის კურსის დაჭერა, როგორც ამას წინა ხელისუფლება აკეთებდა, მარტივია, მაგრამ ეს ეკონომიკისთვის დამანგრეველია, ამიტომ, ძირითადი მიზანი უნდა იყოს სამუშაო ადგილები, დივერსიფიცირებული ეკონომიკა და მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG