Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მდინარაძე: სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს ოკუპაციას გვიპროტესტებს „ნაციონალური მოძრაობა“


ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და მისი კაბინეტის მხარდაჭერა იმით ახსნა, რომ მთავრობის პროგრამა ადეკვატურია იმ გამოწვევების, რაც საზოგადოებას აწუხებს და გადაჭრის გზებიც დასახულია.

მდინარაძემ უმთავრეს გამოწვევად დაასახელა ოკუპაცია, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად - სოციალური პრობლემები და სიღარიბე.

„ადეკვატურობა გამოწვევებთან დაკავშირებით არ გვაკლია, თუმცა, ბუნებრივია, ამას საქმე უნდა მოჰყვეს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

მამუკა მდინარაძემ გამოწვევა არა, თუმცა პრობლემა უწოდა სიცრუესა და დეზინფორმაციას, რომლის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი თქმით, შესაძლოა, პროგრესი ვერ აჩვენონ.

„არსებობს ამ ქვეყანაში ძალა სხვადასხვა განშტოებებით, თავისი მედიასაშუალებებით, რომელიც უზრუნველყოფს, რომ მუდმივად სტრესის და დეზინფორმაციის გავლენის, ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ ამყოფოს საზოგადოება“, - თქვა მდინარაძემ.

მისი განცხადებით, სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს ოკუპაციას „ქართულ ოცნებას“ უპროტესტებს „ნაციონალური მოძრაობა,“ რომლის ხელისუფლებაში ყოფნისას, 2008 წელს დაიკარგა ტერიტორიები, დაიღუპა უამრავი ადამიანი და რომ არა „მათი დანაშაულებრივი ჩართულობა,“ ეს არ უნდა მომხდარიყო.

მამუკა მდინარაძემ მიმართა ახალგაზრდებს, რომლებიც ოკუპაციას გულწრფელად აპროტესტებენ, წაიკითხონ ომიდან მალევე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით მიღებული რეზოლუცია, რომელშიც წერია, რომ ქართულმა ჯარმა განახორციელა პირველი საბრძოლო მოქმედებები და რუსეთის რეაქცია იყო საპასუხო. მდინარაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობამ არც ჰააგის სასამართლოს წარუდგინა ძირითადი მტკიცებულებები და ეს მხოლოდ 2012 წლის შემდეგ, თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით გაკეთდა.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებითვე, ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში სწორედ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა კანდიდატი, რომელიც საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში მუშაობდა და „მაშინდელი კაგებე ამ ამბავში არ ერეოდა?!“

მდინარაძის თქმით, 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ შრომის შედეგად, დასავლელი პარტნიორების მიერ მიღებულია 220-ზე მეტი მხარდამჭერი დოკუმენტი, რომელიც ეხება ოკუპაციისა და დეოკუპაციის საკითხებს.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, არ არსებობს სფერო, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ ნაკლები გააკეთა, ვიდრე ყველა წინა ხელისუფლებამ ერთად. მისივე თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს გაცილებით მეტს, მაგრამ დღეს სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს შესაძლებლობის ფარგლებში.

„აქედან გამომდინარე, კიდევ მეტი დინამიკა, უკეთესი მენეჯმენტი თქვენი შესრულებით, უზრუნველყოფს ამ ყველაფერს, რასაც სახელმწიფოს განვითარება და პრობლემების აღმოფხვრა ჰქვია, რაც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს“, - მიმართა მდინარაძემ გახარიას.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებითვე, მთავარ გამოწვევებზე მუშაობასთან ერთად, მთელი საქმიანობა უნდა მიმართონ იმისკენ, რომ როცა დრო მოვა, დღევანდელი ხელისუფლება შეცვალონ მასზე უკეთესებმა და არა „წარსულის მძიმე ცოდვებით დამძიმებულმა, მატყუარა და მოძალადე პოლიტიკოსებმა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG