Accessibility links

გიორგი გახარია: მთავრობის ძირითადი ამოცანაა საქმე, შრომა, ეფექტი და შედეგი


საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მთავრობას ბევრი კარგი ინიციატივა და გეგმა აქვს.

„ახლა არის დრო, ჩვენ ვიყოთ კონცენტრირებული კონკრეტულ შედეგებზე, მათ შორის, გაზომვადზე დროში. ჩვენ სრულად, ეფექტურად უნდა ავამუშავოთ სახელმწიფო ბიუროკრატია, იმისათვის, რომ ყველა დაგეგმილი კარგი ინიციატივა, რაც გვაქვს, მივიტანოთ და მივიყვანოთ, როგორც შედეგი, თითოეულ მოქალაქემდე. ეს არის ჩვენი მთავრობის ძირითადი ამოცანა - საქმე და შრომა, ეფექტი, შედეგი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში მაქსიმალურად სწრაფად, გაზომვადი შედეგები ვაგრძნობინოთ მოსახლეობას“, - უთხრა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემდეგ.

გახარიას თქმით, შიდა და საგარეო უსაფრთხოება და ეკონომიკისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებაა ძირითადი განზომილებები, რაზეც მთავრობა იქნება კონცენტრირებული: ​„გარდა ამისა, პრინციპების და ფასეულობების დონეზე - პირველი, ეფექტურობა. ყველამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ თითოეული მოქალაქისთვის, ქალაქში თუ სოფელში, სახელმწიფო, მთავრობა და ხელისუფლება არის ის ჩინოვნიკი, რომელიც სახლიდან გამოდის და მის პრობლემას ან აგვარებს, ან ვერ აგვარებს. ამიტომ, ჩვენ ვიქნებით კონკრეტულად კონცენტრირებული შედეგზე და გვექნება დროში გაზომვადი მიზნები“.

გიორგი გახარიას განცხადებითვე, სახელმწიფო ბიუროკრატია უნდა იყოს ეფექტური და კეთილსინდისიერი, რაც ნიშნავს თითოეული მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებას.

8 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა 98 ხმით ნდობა გამოუცხადა „ქართული ოცნების“ მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გახარიას, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და 2019-2020 წლების პროგრამას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG