Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის პრესსპიკერის თანამდებობიდან გათავისუფლებას არ ადასტურებს


ხატია მოისწრაფიშვილი უარყოფს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პრესსპიკერის თანამდებობიდან მისი გათავისუფლების შესახებ. როგორც ის ეუბნება რადიო თავისუფლებას, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით მუშაობდა ადმინისტრაციაში და მისთვის სამუშაო პოზიციის შეცვლას კანონი არეგულირებს.

„გავრცელებული ინფორმაცია, რომ გავთავისუფლდი პრეზიდენტის პრესსპიკერის თანამდებობიდან და გადავედი ადმინისტრაციაში სხვა თანამდებობაზე, არ შესაბამება სიმართლეს. თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას მე მივიღებ პირადად და როდესაც მივიღებ, ამას ვაცნობებ პირველ ყოვლისა პრეზიდენტს, ადმინისტრაციას და ჟურნალისტებს“, - ეუბნება ხატია მოისწრაფიშვილი რადიო თავისუფლებას.

ხატია მოისწრაფიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ურჩევს, „მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ საქმეს და არ გაავრცელონ გადაუმოწმებელი, არასწორი და მცდარი ინფორმაცია“.

მანამდე პრეზიდენტის ადმინისტაციაში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ხატია მოისწრაფიშვილი აღარ შეასრულებს პრესსპიკერის მოვალეობას. „დღეის მდგომარეობით ის ადმინისტრაციის თანამშრომელია“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრესსპიკერის გათავისუფლების მიზეზს არ განმარტავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG