Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამიამ გირაო გადაიხადა


სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ აღკვეთის ღონისძიების სახით მისთვის შეფარდებული გირაო, 40 000 ლარი, გადაიხადა - ცნობა რადიო თავისუფლებას გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა 8 სექტემბერს ფეისბუკზე დაწერა, რომ სასამართლოს მიერ მისთვის დაკისრებულ გირაოს გადაიხდიდა.

„გადავიხდი არა ჩემი, არამედ თქვენი ნებით. იმიტომ, რომ ვემორჩილები თქვენს რაციონალურ პოზიციას და ყველასთვის საჭიროს და სწორს. ყველასთვის, ჩემ გარდა. ძალიან ვეცდები, ამან ისე არ მომშალოს, რომ ვეღარაფრის კეთება მერე ვერ შევძლო. იმედია ყველაფერი გამოვა“, - აღნიშნა გვარამიამ.

ნიკა გვარამია აცხადებდა, რომ არ აპირებდა არც გირაოს გადახდას და არც შინა პატიმრობაზე იყო თანახმა. „ან ჩემი თავისუფლება, ან ჩემი პატიმრობა“, - აცხადებდა ის.

10 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას 40 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და პროკურატურის გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვება აუკრძალა.

გვარამიასთვის წარდგენილია ბრალდება საქართველოს სსკ-ის 220-ე მუხლით, რაც გულისხმობს „საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, სხვისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“. ნიკა გვარამია ამ ბრალდებას უწოდებს „პოლიტიკურ ანგარიშსწორებას" ხელისუფლების და პირადად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG