Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავთანდილ წერეთლის გირაო მისმა ვაჟმა გადაიხადა


ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელის მიმართ სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმა, მისმა ვაჟმა ვატო წერეთელმა, უძრავი ქონებით უზრუნველყო. ვატო წერეთელი "TV პირველის" მფლობელია. ავთანდილ წერეთლის ადვოკატის კახა წერეთლის განმარტებით, დაკისრებული ჯარიმის დასაფარად ვატო წერეთლის პირადი საკუთრება გამოიყენეს. მაგრამ, ეს არ არის ტელეკომპანიის შენობა.

ავთანდილ წერეთელს 500 ათასლარიანი გირაო სასამართლომ 27 აგვისტოს შეუფარდა.

ავთანდილ წერეთელი გირაოს თანხის გადახდაზე უარს აცხადებდა.

„ნამდვილად არ მქონდა ამ გადაწყვეტილების მოლოდინი, რადგან ოჯახი ქონებას დიდი ხანია აღარ ფლობს. „ტვ პირველი“ ჩავაბარეთ ახლა პროკურატურას. მოსამართლეს რაც უთხრეს, იქ ქნა. დაწერილი ჰქონდა, მოვიდა და მოგვისმინა. რის გათეთრება, რა გათეთრება? „ტვ პირველის“ ქონება რომ ჩავდოთ, ეს უნდათ. ვერ ეღირსებიან. მე წავალ ციხეში. არ გადავიხდი ამ თანხას და ვისაც უნდა იმან გადაიხადოს“,- განაცხადა ავთანდილ წერეთელმა საქალაქო სასამართლოში,სადაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა შეუფარდეს.

22 აგვისტოს გენერალურმა პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს, "თიბისი ბანკის" დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარუდგინა.

პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წელს, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ავთო წერეთლის კომპანიების „სამგორი თრეიდის“ და „სამგორი M“-ისთვის „თიბისი ბანკის“ მიერ გაცემული სესხის გამოყენებით განახორციელეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

გამოძიება ავთო წერეთელს ედავება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის „16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას“.

ამავე საქმეზე 8 აგვისტოს, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით, ავთო წერეთლის შვილი, სამაუწყებლო კომპანია „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელიც დაიკითხა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG