Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„სტამბოლის ბაზრის“ დაახლოებით 800 მოვაჭრე გაიფიცა


"სტამბოლის ბაზრი"
"სტამბოლის ბაზრი"

რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრის დაახლოებით 800 ტანსაცმლით მოვაჭრე გაიფიცა 10 სექტემბერს დილიდან, მას შემდეგ, რაც ბაზრის ადმინისტრაციამ მათ გადასახადის მომატების შესახებ აუწყა.

თუმცა, ადმინისტრაციასა და მოვაჭრეებს შორის მოლაპარაკების შემდეგ, რომელშიც რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა მონაწილეობდა, სავაჭრო ფართებზე ყოველდღიური გადასახადი დროებით უცვლელი დარჩა.

ერთ-ერთმა მოვაჭრემ, ნათელა ბიჭაშვილმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დღეს მიტანილი ქვითრით ყოველ 80 სმ სავაჭრო ფართზე გადასახადი ერთი ლარით იყო გაზრდილი.

„ახალი ქვითრით, ყოველდღე 14 ლარი უნდა გადამეხადა. ოჯახში რაღა მივიტანო?“, - თქვა ნათელა ბიჭაშვილმა. მისივე თქმით, მოვაჭრეთა საერთო შეთანხმებით, გაფიცვა 11 სექტემბერს შეწყდება.

კიდევ ერთმა მოვაჭრემ, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა, განაცხადა, რომ ადმინისტრაცია მათ ძველი გადასახადის დატოვებას წლის ბოლომდე დაჰპირდა, მაგრამ მოვაჭრეები ამ პირობის წერილობით დადასტურებას ითხოვენ.

„ჩვენ ადმინისტრაციისგან ოფიციალურ გარანტიებს ვითხოვთ“, - თქვა რადიო თავისუფლების რესპონდენტმა.

მოლაპარაკებაში ჩართული იყო საქართველოს აგრარული მეურნეობის ვაჭრობისა და პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძეც.

გიორგი დიასამიძე
გიორგი დიასამიძე

მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „სტამბოლის ბაზრის“ ადმინისტრაციასთან მოლაპარაკება, პროფკავშირების მონაწილეობით, ხვალაც გაგრძელდება.

„ჩვენ ყველანაირ იურიდიულ და სამართლებრივ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ მოვაჭრეებს. ვიმედოვნებ, რომ ბაზრის დირექციასთან საბოლოო შეთანხმებას მივაღწევთ“, - თქვა გიორგი დიასამიძემ.

ბაზრის ადმინისტრაციის დირექტორმა მამუკა ცხოვრებაძემ კი განაცხადა, რომ მოვაჭრეებს ვერანაირ წერილობით გარანტიას ვერ მისცემს.

„გადასახადის ძველ ნიშნულზე დატოვების შესახებ პირობა 2020 წლის 1 იანვრამდე მივეცით და ვეცდებით მის დაცვას, მაგრამ რა მოხდება ხვალ ან ერთი თვის შემდეგ, წინასწარ ვერ გეტყვით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას მამუკა ცხოვრებაძემ.

მისივე განმარტებით, ფასები ყოველდღიურად იზრდება, იზრდება კომუნალური გადასახადებიც, ეცემა ლარის კურსი, რაც ეკონომიკურ საქმიანობას არაპროგნოზირებადს ხდის.

„სტამბოლის ბაზარი“ ყველაზე დიდი სავაჭრო ობიექტია ქვემო ქართლში. აქვე გახსნილია უამრავი პატარა საამქრო და კვების ობიექტი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG