Accessibility links

პროკურატურა იმსჯელებს აქუბარდიას ტოკშოუში ნიკა მელიას სტუმრობის საკითხზე


საქართველოს პროკურატურა იმსჯელებს ფაქტზე და ექნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებაა, - უთხრეს „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურაში ტელეკომპანია „კავკასიაში“ ნიკა მელიას სტუმრობის საკითხზე.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, პარლამენტის წევრმა ნიკა მელიამ „ფეისბუკზე“ წინასწარ გამოაქვეყნა ვიდეო და აღნიშნა, რომ ტელეკომპანია „კავკასიაში“ დავით აქუბარდიას ტოკშოუში მისვლას აპირებდა. ამის შესახებ, როგორც მელია ამბობს, ადვოკატმა პროკურორს აცნობა, თუმცა კატეგორიული უარი მიიღო.

ნიკა მელიას შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰგონიათ, რომ დეპუტატის უფლებამოსილება მხოლოდ პარლამენტში ვრცელდება და არა ტელევიზიაში.

„მიუხედავად ამ შეზღუდვისა, ვაპირებ მისვლას. შემდეგ ვერთვები ინგა გრიგოლიას გადაცემაში“, - თქვა ნიკა მელიამ ვიდეოში და ის მართლაც სტუმრობდა მედიას.

პარლამენტის წევრის თქმით, მას წარმოდგენა არ აქვს, რას მოიმოქმედებს „ქართული ოცნება“.

„ვერ ამიკრძალავს იმას, რისი უფლებაც არ აქვს. ვალდებული ვარ განვახორციელო ჩემი კონსტიტუციური უფლებამოსილება. ვარ ისეთივე მოქმედი დეპუტატი, როგორც დანარჩენები. დღეს თუ მე დავემორჩილე ივანიშვილის ამ იდიოტობას, ხვალ შეიძლება, მითხრას, რომ ოთახიდან ოთახში არ გავიდე. ვინც ემორჩილება, ის დაემორჩილოს. ჩემგან ნაკლებად მიიღებს იმ სიამოვნებას, რომ ამეკრძალოს თავისუფალი გადაადგილება, რომელიც არ არის გაწერილი სასამართლო გადაწყვეტილებაში“, - თქვა ნიკა მელიამ.

მელია ელექტრონული სამაჯურის დამაგრების შემდეგ პირველად 8 სექტემბერს გამოცხადდა პარლამენტის სხდომაზე. დეპუტატი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურაზე სიტყვით გამოვიდა. როგორც ნიკა მელია ჰყვება, მისმა ადვოკატმა პარლამენტში მისვლამდე პროკურატურისგან თანხმობა მიიღო. თუმცა იქ მისვლისთანავე დეპუტატს სახლიდან შეატყობინეს, რომ მასთან გამოცხადდნენ პრობაციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, რომლებმაც ოქმი შეადგინეს იმის შესახებ, რომ პარლამენტში მელიას მისვლა შეთანხმებული არ ყოფილა.

როგორც მელია ამბობს, პარლამენტში მის მისვლას ოფიციალური ორგანოების მხრიდან „გაუგებარი მოძრაობები" მოჰყვა.

პროკურატურამ ნიკა მელიას ბრალი წარუდგინა 20-21 ივნისს საპროტესტო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ნიშნით ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ნიკა მელიას დაეკისრა ელექტრონული სამაჯურის ტარების ვალდებულება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG