Accessibility links

ახალი ამბები

აღმოსავლეთ უკრაინელმა სეპარატისტებმა ცენტრალურ ხელისუფლებას 54 პატიმარი გადასცეს

აღმოსავლეთ უკრაინის თვითგამოცხადებული „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ სეპარატისტებმა ცენტრალურ ხელისუფლებას 54 პატიმარი გადასცეს. ამის შესახებ განაცხადა ადამიანის უფლებების საკითხებში უკრაინის უმაღლესი რადის წარმომადგენელმა, ლუდმილა დენისოვამ. მისი თქმით, გადაცემულთაგან ყველაზე უმცროსი 26 წლისაა, ყველაზე უფროსი - 61-ის.

ერთ-ერთ პატიმარს „ყველა საჭირო პროცედურის გავლის შემდეგ“ უკვე დღესვე გაათავისუფლებენ - „პატიმრობის ვადის ამოწურვის გამო“, აღნიშნა დენისოვამ. გარდა ამისა, როგორც უკრაინის ომბუდსმენმა თქვა, „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ“ კიევს გადასცა 10 სისხლის სამართლის საქმე, რომელთა მიხედვითაც სეპარატისტულ ტერიტორიებზე გასამართლებულებმა სასამართლოს შეუძლიათ მიმართონ საკასაციო ან სააპელაციო წესით.

მთლიანობაში 2018 წლიდან დღემდე „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ“ უკრაინის ხელისუფლებას გადასცა 373 პატიმარი, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ“ კი 13 ადამიანი.

7 სექტემბერს პატიმრების მსხვილი გაცვლა განხორციელდა უკრაინასა და რუსეთს შორის. მხარეებმა ერთმანეთს გადასცეს 35-35 ადამიანი. იმათ შორის, ვინც კიევმა მიიღო, არიან რეჟისორი ოლეგ სენცოვი, ასევე ანექსირებული ყირიმის ნაპირებთან დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები.

საპასუხოდ მოსკოვისთვის გადაცემულთა შორის არიან რია „ნოვოსტი-უკრაინის“ მთავარი რედაქტორი კირილ ვიშინსკი და აღმოსავლეთ უკრაინის სამხედრო ფორმირების წევრი ვლადიმირ ცემახი, რომელსაც მოწმის სტატუსი აქვს 2014 წელს ჩამოგდებული მალაიიზიის „ბოინგის“ საქმეში.

ყველა ახალი ამბავი

გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სალომე ზურაბიშვილის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე

გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე.

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

„შევისწავლით და მოვახდენთ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას”, - უთხრეს პროკურატურაში რადიო თავისუფლებას 19 სექტემბერს „ევროპული საქართველოს“ განცხადების შესახებ.

პარტიის წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი ირმა ნადირაშვილი მსჯავრდებულთა შეწყალებისას კორუფციული გარიგების შესახებ საუბრობს. მან სწორედ ამ შინაარსის განცხადება შეიტანა 19 სექტემბერს გენერალურ პროკურატურაში.

დევიდ კრამერი: დასავლეთის მეგობრები საქართველოში მოულოდნელად ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდნენ

"პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერები აშშ-ის საელჩოს წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე 15 სექტემბერი, 2019 წელი

„როდესაც გასულ თვეში საქართველოს დედაქალაქ თბილისში ჩავედი კონფერენციაზე, არ ველოდი, რომ აღმოვჩნდებოდი აშშ-ის საელჩოს შენობის წინ გამართული ბრაზიანი დემონსტრაციის ყურადღების ცენტრში, ან თავს დამესხმოდნენ პროსამთავრობო ტელეარხის ეთერიდან“, - წერს ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, მაკკეინის ინსტიტუტის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ცენტრის დირექტორი, დევიდ კრამერი „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ საავტორო სტატიაში.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო „დემოკრატიის კუნძულია“ ავტორიტარული რეჟიმების ზღვაში, -კრამერის თქმით, ახლა ქვეყანაში აღმასვლას განიცდიან პრორუსული ძალები, "რითაც შეიძლება აიხსნას ქართული პოლიტიკის ყურადღების ცენტრში მისი მცირე ხნით მოხვედრაც".

ოპოზიციურმა „პატრიოტთა ალიანსმა“, რომელიც პრორუსულ ძალად არის მიჩნეული საქართველოში, 15 სექტემბერს საპროტესტო აქცია გამართა აშშ-ის საელჩოსთან, სადაც საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი „პატრიოტთა ალიანსიდან“ ირმა ინაშვილი ამერიკელი მკვლევრებისა და ყოფილი დიპლომატებისთვის, დავიდ კარემერისა და მეთიუ ბრაიზასათვის, ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა.

„საქართველოში დრო იცვლება. პოლიტიკური ვითარება უფრო დაძაბული და პოლარიზებული მომეჩვენა, ვიდრე ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში ჩემი წინა ათეულობით ვიზიტის დროს. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრებმა პირობა დადეს, რომ გაანადგურებენ ოპოზიციას, რაც ზრდის განხეთქილებას საზოგადოებაში. არსებობს საფრთხე, რომ დაძაბულობამ დუღილის წერტილს მიაღწიოს“, - წერს დევიდ კრამერი „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

დევიდ კრამერი საქართველოში მთავრობის ცვლილებებსაც ეხება, კერძოდ პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დანიშვნას იმ ფონზე, როდესაც ოპოზიცია მისი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადაყენებას მოითხოვდა რეზინის ტყვიების გამოყენებით 20 ივნისის მიტინგის დარბევისა და 240-მდე ადამიანის დაშავების ფონზე.

„ამის ნაცვლად, რამდენიმე თვის შემდეგ, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგობრივმა ლიდერმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, ეს ძლიერ სადაო ფიგურა, პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგინა. გახარია ძლიერ წინააღმდეგობრივი ფიგურაა. გასულ კვირაში, პარლამენტში დამტკიცების დროს მან პირდაპირ მიმართა ოპოზიციას: „მე თქვენ დაგამთავრებთ“, - წერს დევიდ კრამერი წერილში, რომელსაც „ვაშინგტონ პოსტი“ აქვეყნებს.

გახარია: თუ საჭირო იქნება მე ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მივა პროკურატურაში

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია

„მე ვიყავი პირველი შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და გამოძიებას მისცა ჩვენება, თუ საჭირო იქნა, მე ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც ასევე მივა პროკურატურაში და მისცემს ჩვენებას“, - უთხრა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ 20-21 ივნისის აქციის დაშლის გამო პასუხისმგებლობის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

როგორც გახარიამ თქვა, საქმეს იძიებს პროკურატურა და ის გადაწყვეტს, რამდენი ადამიანი იქნება დასაკავებელი, ან სად იქნება დასაწყები დევნა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, 20 ივნისი იყო გავრილოვის დღე, მაგრამ ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ და კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული პოლიციელი, რომელმაც მაშინ შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, ემსახურა სახელმწიფოს და შეასრულა თავისი ძირითადი მოვალეობები. რა თქმა უნდა, იყო ერთეული გადაცდომები, რომელზეც დევნა დაწყებულია, გამოძიება გრძელდება, თუ იქნება საჭირო ათი ადამიანის დაკავება, დააკავებენ ათ ადამიანს, თუ იქნება საჭირო, დააკავებენ ოცს“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ იმ პოლიტიკურმა ძალებმაც, რომლებმაც "დააორგანიზეს 20 ივნისის აქცია და ტელევიზიის ეკრანიდან მოუწოდებდნენ ადამიანებს, ძალადობით შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში".

შეკითხვას, იმსახურებდა, თუ არა პრემიერ-მინისტრობას 20 ივნისის შემდეგ, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ კარგად ესმის ემოციურობა, განსაკუთრებით დღეს, ოც რიცხვში.

"ისიც კარგად მესმის, რომ ემოციურობა პირდაპირ უკავშირდება იმ აქციას, რომელიც დღეს საღამოს არის დაგეგმილი. ამ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის დაცული. ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრს ირჩევს პარლამენტი და ამისთვის საჭირო იყო კენჭისყრა. ეს არის და ეს“, - განაცხადა გახარიამ.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ამ აქციის შეწყვეტის პერიოდში დაშავდნენ.

დღეს სამი თვე შესრულდა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტთან გამართული აქციიდან, რომლის დაშლის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. რამდენიმემ თვალი დაკარგა.

აშშ-ის დახმარება საქართველოს: 500 000 დოლარი საწარმოებისთვის

ამერიკის მთავრობა ნახევარ მილიონ დოლარს გამოყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დასაფინანსებლად.

„ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას განსაკუთრებული თანადგომა სჭირდება. სწორედ ამიტომ, ამერიკის მთავრობა გამოყოფს $500 000 დოლარს“, - ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

პროექტი განხორციელდება საპარტნიორო ფონდის / Partnership Fund-ისა და USAID/Georgia Zrda აქტივობის პარტნიორობის ფარგლებში.

მანამდე, ამერიკის მთავრობამ გლობალ ჰილინგსა და ჯო ენის სამედიცინო ცენტრს $700 000 დოლარი გადასცა, რაც მოხმარდება თბილისში ახალი პედიატრიული ჰემატოლოგიურ-ონკოლოგიური ცენტრის დაარსებას.

პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით.

"არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე" დაკავებულ ავსტრალიელს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა არასრულწლოვნების მონაწილეობით პორნოგრაფიული პროდუქციის დამზადება-გასაღების ბრალდებით დაკავებულ ავსტრალიის მოქალაქეს.

მოსამართლემ პატიმრობის შესახებ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 სექტემბერს განაცხადა, რომ ავსტრალიელ და ამერიკელ სამართალდამცავებსა და ევროპოლთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულია საქართველოს ცხრა, ავსტრალიის ერთი და აშშ-ის ერთი მოქალაქე, რომლებსაც ბრალად ედება არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღება და ტრეფიკინგი.

სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული 17-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები, ასევე, უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები.

„სირცხვილიას“ აქტივისტებმა ოკუპაციისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება გააპროტესტეს

საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება და ხელისუფლების დამოკიდებულება გააპროტესტეს პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია „სირცხვილიას“ აქტივისტებმა. მათ ხელში ფოტოები ეჭირათ, რომელზეც გამოსახული იყო საოკუპაციო ხაზთან არსებული მდგომარეობა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ხელისუფლება გულგრილია საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების პრობლემებისადმი.

„ჩვენი მთავარი მიზანია ხელისუფლებას ვანახოთ დანგრეული სახლები, რომლებიც 2008 წლის შემდეგ არ არის აღდენილი. აგვისტოში როდესაც ბორდერზაცია გრძელდებოდა ისინი [ხელისუფლების წარმომდგენლები] დაპირდნენ,სოციალურ შემწეობას, სახლების აღგენას, უკვე სექტემბრის ბოლოა და არაფერი გაკეთებულა“,- უთხრა რადიო თავისუფლებას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ირენა სტურუამ.

დღეს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს მოუსმენენ. შესაბამისად, როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თამთა გოგოლაძემ განაცხადა, მათ სურთ მინისტრს ანახონ საზოგადოების დამოკიდებულება ხელისუფების ქმედებებისადმი. თამთა გოგოლაძეს ხელში სოფელ გუგუტიანთკართან გადაღებული ფოტო ეჭირა. სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. სასაზღვრო ღობე დაამონტაჟეს.

„გვინდა კიდევ ერთხელ დავანახოთ საზოგადოებას თუ რა მძიმე მდგომარეობაში უწევთ იქ ადამიანებს ცხოვრება, ეს ფოტო გადაღებულია 2019 წელს და ამ ფონზე, საქართველოს ხელისუფლება მხარს არ უჭერს რუსეთისათვის სანქციების დაწესებას, რაც არის ყოვლად მიუღებელი და გაუგებარი ამბავი. უკვე იმდენი ასეთი ნაბიჯი გადადდეს, რომ საფუძვლიანი ეჭვი გვაქს, რომ ისინი პირდაპირ კავშირში არიან რუსეთის ხელისუფლებასთან და ასრულებენ რუსეთის დაკვეთა“,- განაცხადა თამთა გოგოლაძემ.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა აქციას პარლამენტთან მართავს

გიორგი მამალაძე

მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით მისი ძმა თორნიკე მამალაძე აქციას საქართველოს პარლამენტთან მართავს. მან კარავი 19 სექტემბერს, ღამით გაშალა. მანამდე თორნიკე მამალაძეს აქციებს მართავდა საპატრიარქოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.

თორნიკე მამალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აქციას არ შეწყვეტს, სანამ მისი ძმა საპატიმრო დაწესებულებას არ დატოვებს. მამალაძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის მიერ დეკანოზის შეწყალებაზე უარი საპატრიარქოს მხრიდან ზემოქმედების შედეგია.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის სექტემბრიდან იხდის 9-წლიან სასჯელს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით.

გიორგი მამალაძე დანაშაულის ჩადენას უარყოფს. მისი ოჯახი აცხადებს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. გიორგი მამალაძის ოჯახმა დეკანოზის შეწყალება ჯერ კიდევ წინა პრეზიდენტს, გიორგი მარგევლაშვილს თხოვა. შეწყალების გადაწყვეტილება არც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიუღია.

კლიმატის დასაცავად გლობალურ გაფიცვას საქართველოშიც შეუერთდნენ

"ახალგაზრდა მწვანეების" მიერ ორგანიზებულია აქცია თბილისის მერიასთან

თბილისის მერიასთან გაიმართა „ახალგაზრდა მწვანეების“ მიერ ორგანიზებული აქცია, რომლითაც საქართველო შეუერთდა გლობალურ გაფიცვას კლიმატის დასაცავად.

„ახალგაზრდა მწვანეების“ სპიკერის, გიორგი ფცქიალაძის თქმით, დღეს მთელ მსოფლიოში მილიონობით ახალგაზრდა გაიფიცება მოთხოვნით, რომ სახელმწიფოებმა სასწრაფოდ გადადგან კონკრეტული ნაბიჯები კლიმატის კრიზისის წინააღმდეგ.

„რა თქმა უნდა, საქართველო გლობალურ დონეზე არ აბინძურებს გარემოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს პრობლემები, რომლებიც გვაწუხებს როგორც ეკოლოგიურად, ასევე სოციალურად. ჩვენ ვსუნთქავთ კატასტროფულ ჰაერს, ქალაქში არ ვარგა საჯარო ტრანსპორტი და საქართველო ფაქტობრივად, ყველაფერს აკეთებს, რასაც უცხოელი ინვესტორები ეუბნებიან“, - განაცხადა „ახალგაზრდა მწვანეების“ სპიკერმა. აქციის მონაწილეებმა ეკოლოგიური და სოციალური სამართლიანობა მოითხოვეს.

20 სექტემბერს, მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში იმართება საპროტესტო აქციები კლიმატის დასაცავად. 160-ზე მეტი სახელმწიფოს მოქალაქეებს გლობალურ გაფიცვაში მონაწილეობისკენ მოუწოდა ორასამდე გარემოსდამცველმა ორგანიზაციამ და საზოგადოებრივმა მოძრაობამ.

ყველაზე მასშტაბურ დემონსტრაციას ელოდებიან ნიუ-იორკში, სადაც აქციას შეუერთდება 16 წლის შვედი აქტივისტი გრეტა ტუნბერგი.

2018 წლის აგვისტოში, ზაფხულის არდადეგების დასრულებიდან პირველივე დღეს, 15 წლის გოგონამ შვედეთის პარლამენტის შენობასთან გამართა პირველი აქცია: „სასკოლო გაფიცვა კლიმატისთვის,“ შემდეგ კი პარასკევობით პიკეტებს ატარებდა და აცხადებდა, რომ ყოველი კვირის ამ დღეს სკოლაში არ მივიდოდა, სანამ შვედეთის მთავრობა არ დაიწყებს კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმების შესრულებას.

გრეტა ტუნბერგმა თავის აქციას უწოდა „პარასკევი მომავლისთვის.“ დღეს ეს მოძრაობა მთელ მსოფლიოში ორ მილიონამდე ადამიანს აერთიანებს.

„რუსთავი 2“ ეთერს 23 სექტემბერს განაახლებს

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ ეთერს სრულად23 სექტემბრიდან განაახლებს და მაუწყებლობა საინფორმაციო გამოშვება „კურიერით“ დაიწყება.

„გადაცემების ანონსებს ნახავთ, ჩვენს ვებ-გვერდზე, ფეისბუკის პეიჯზე და ეთერში“,- უთხრა რადიო თავისუფლებას „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ.

პაატა სალიას სიტყვებით, 23 სექტემბერს გავა ეთერში დილის გადაცემაც. „კურიერის“ წამყვანების ვინაობას პაატა სალია წინასწარ არ ამჟღავნებს -„წამყვანებს იხილავთ ეთერიდან“, - ამბობს ის.

„კურიერის“ ყოფილი წამყვანები, დიანა ჯოჯუა და მიხეილ სესიაშვილი მაყურებელს 20 აგვისტოს დაემშვიდობნენ. მას შემდეგ არხზე საინფორმაციო გამოშვება არ გასულა.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ტურნირზე მეოთხედფინალში გავიდა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა საფრანგეთის ქალაქ მეცში, ATP-ის (პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის) ტურნირი გამარჯვებით გახსნა. მსოფლიოს რეიტინგში მეჩვიდმეტე ადგილზე მყოფი ქართველი ჩოგბურთელი მიმდინარე შეჯიბრებაზე მეორე ნომრადაა განთესილი. საქმეში პირდაპირ მერვედფინალიდან ჩაერთო და გერმანელ იანიკ მადენს მოუგო - 6:2, 7:6.

მეოთხედფინალში ბასილაშვილი ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას მიუახლოვდა

ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მხატვრულ ტანვარჯიშში, საქართველოს ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში, 42 გუნდს შორის მე-9 ადგილი დაიკავა. ნაკრების ლიდერმა სალომე ფაჟავამ კი მრავალჭიდის ფინალის საგზური მოიპოვა.

დღეს, ფინალურ შეჯიბრებაში, სალომეს გარდა 23 ტანმოვარჯიშე ჩაერთვება და გარდა იმისა, რომ მათ შორის მედლები გათამაშდება, 16 საუკეთესო მიიღებს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას.

გუნდურ პირველობაზე სალომე ფაჟავას გარდა, საქართველოს სახელით გამოვიდნენ ნათელა ბოლატაევა და ქეთევან არბოლიშვილი.

ვაშინგტონში, თეთრი სახლის მახლობლად შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

ვაშინგტონში, თეთრი სახლის მახლობლად სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია.

სააგენტო „როიტერს“-ის ინფორმაციით, პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია და ჯერ არც დანაშაულის მოტივი იცის.

ამჟამად მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა და ინციდენტის რაიონში არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების შესწავლა.

მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში კლიმატის დამცველთა დემონსტრაციები გაიმართება

კლიმატის დამცველი მოსწავლეების დემონსტრაცია ნიუ-იორკში. 2019 წლის მარტი

20 სექტემბერს, მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში გაიმართება საპროტესტო აქციები კლიმატის დასაცავად.

160-ზე მეტი სახელმწიფოს მოქალაქეებს გლობალურ გაფიცვაში მონაწილეობისკენ მოუწოდა ორასამდე გარემოსდამცველმა ორგანიზაციამ და საზოგადოებრივმა მოძრაობამ.

ყველაზე მასშტაბურ დემონსტრაციას ელოდებიან ნიუ-იორკში, სადაც აქციას შეუერთდება 16 წლის შვედი აქტივისტი გრეტა ტუნბერგი.

2018 წლის აგვისტოში, ზაფხულის არდადეგების დასრულებიდან პირველივე დღეს, 15 წლის გოგონამ შვედეთის პარლამენტის შენობასთან გამართა პირველი აქცია: „სასკოლო გაფიცვა კლიმატისთვის,“ შემდეგ კი პარასკევობით პიკეტებს ატარებდა და აცხადებდა, რომ ყოველი კვირის ამ დღეს სკოლაში არ მივიდოდა, სანამ შვედეთის მთავრობა არ დაიწყებს კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმების შესრულებას.

გრეტა ტუნბერგმა თავის აქციას უწოდა „პარასკევი მომავლისთვის.“ დღეს ეს მოძრაობა მთელ მსოფლიოში ორ მილიონამდე ადამიანს აერთიანებს.

20 სექტემბრის გლობალურ გაფიცვას საქართველოშიც უერთდებიან. თბილისის მერიასთან “საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების” მიერ ორგანიზებული აქცია ჩატარდება. კლიმატის დასაცავად აქტივისტები ქუთაისშიც გამოვლენ.

მსოფლიოს ათობით ქვეყანაში პირველი მასშტაბური აქცია-გაფიცვა ახალგაზრდებმა 2019 წლის მარტში გამართეს. დემონსტრაციებში ასეულობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

"არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე" დაკავებულ ავსტრალიელს აღკვეთის ზომას შეუფარდებენ

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს არასრულწლოვნების მონაწილეობით პორნოგრაფიული პროდუქციის დამზადება-გასაღების ბრალდებით დაკავებული ავსტრალიის მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

1959 წლის დაბადებული პ.ლ-ს ადვოკატის, ნინო ტაბატაძის ინფორმაციით, ბრალდების მხარე სავარაუდოდ, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობას დააყენებს, თავად კი ითხოვს, რომ სასამართლომ აღკვეთის არცერთი ღონისძიება არ გამოიყენოს, ან ალტერნატივად გირაო შეუფარდოს. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

ამავე საქმეზე ბრალდებულ კიდევ შვიდ პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 სექტემბერს საღამოს გამართულ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. მათ შორის არიან არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები.

ორი მათგანის ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა არ იცოდნენ, რა ფოტოებს უღებდნენ მათ შვილს და არც თანხა აუღიათ, როგორც ამას ბრალდების მხარე ამბობს. ველიჯანაშვილის თქმით, მშობლები მხოლოდ პირველ ფოტოსესიას დაესწრნენ, სადაც ბავშვებს ჩვეულებრივ ფოტოებს უღებდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 სექტემბერს განაცხადა, რომ ავსტრალიელ და ამერიკელ სამართალდამცავებთან და ევროპოლთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებულია საქართველოს ცხრა, ავსტრალიის ერთი და აშშ-ის ერთი მოქალაქე, რომლებსაც ბრალად ედება არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღება და ტრეფიკინგი.

სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული 17-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები და უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები.

შსს-ს განცხადებით, მშობლები ნებაყოფლობით თანხმდებოდნენ ბავშვების მონაწილეობას პორნოგრაფიაში

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე „ტვ პირველის“ ეთერში ბავშვთა პორნოგრაფიის საქმის დეტალების შესახებ საუბრობს.

როგორც ბორცვაძე აღნიშნავს, ევროპოლთან თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქმის გახსნაში. გარდა ამისა, შსს ავსტრალიისა და აშშ-ის სამართალდამცავი უწყებებთან თანამშრომლობდა.

მინისტრის მოადგილის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები 3 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

ვლადიმერ ბორცვაძის ინფორმაციით, საქმეში რამდენიმე ოჯახი ფიგურირებს. ის უახლოეს მომავალში სხვა პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებასაც არ გამორიცხავს.

ბორცვაძის ცნობით, ოპერატიული ღონისძიებები ჩატარდა გორში, ლანჩხუთსა და თბილისში: ორი ფოტოსტუდია მოწყობილი იყო თბილისში.

შს მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ გამოძიების მსვლელობისას მშობლების იძულების ფაქტები არ დასტურდება.

„არ გამოკვეთილა გარემოება, რომ რომელიმე მათგანი [მშობელი] აიძულეს, დაემუქრნენ ან დააშანტაჟეს, რომ მიეყვანათ ბავშვები და გადაეღოთ მსგავსი ვიდეოები. ამ ეტაპზე საქმეში შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ეს ადამიანები ნებაყოფლობით თანხმდებოდნენ დანაშაულის ორგანიზატორებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, რომ მიეყვანათ არასრულწლოვნები და ჩაებათ ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში“, - განმარტავს ვლადიმერ ბორცვაძე. როგორც ის ამბობს, ამ ფაქტებს საქმეში არსებული, როგორც პირდაპირი, ასევე ირიბი მტკიცებულებები ადასტურებს.

შსს ერთი ოჯახის სამი წევრის დაპატიმრებასაც ადასტურებს.

საქართველოში დააკავეს 11 ადამიანი, რომლებსაც ბრალად ედება არასრულწლოვნების მონაწილეობით პორნოგრაფიული პროდუქციის დამზადება და გასაღება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეები, ასევე პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები.

პროკურატურა შეისწავლის შეწყალებისას სავარაუდო კორუფციაზე ევროპული საქართველოს განცხადებას

„შევისწავლით და მოვახდენთ შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას”, - უთხრეს პროკურატურაში რადიო თავისუფლებას „ევროპული საქართველოს“ განცხადების შესახებ.

პარტიის წარმომადგენელი, პარლამენტის წევრი ირმა ნადირაშვილი მსჯავრდებულთა შეწყალებისას კორუფციული გარიგების შესახებ საუბრობს. მან სწორედ ამ შინაარსის განცხადება შეიტანა 19 სექტემბერს გენერალურ პროკურატურაში.

„საქართველოს საადვოკატო წრეებთან დაახლოებული პირისგან, წყაროს გაუთქმელობის პირობით მივიღე ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობისას თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც საქმე ეხება ამა თუ იმ პირის შეწყალებას, დაინტერესებული ადამიანები უკავშირდებიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, დიმიტრი გაბუნიას და მასთან გადიან ფინანსურ საკითხებს, თუ რა ფასად შეიძლება ესა თუ ის პირი იყოს შეწყალებული. ჩემ წყაროს არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, არის თუ არა ამ კორუფციულ სქემაში ჩართული უშუალოდ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, თუმცა ვარაუდობს, რომ მისი გვერდის ავლით ასეთი საკითხების მოგვარება არის შეუძლებელი. აღნიშნული წარმოადგენს ინფორმაციას შესაძლო დანაშაულების შესახებ, კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება (სსკ მუხლი 332) ქრთამის აღება (სსკ მუხლი 338), ქრთამის მიცემა (სსკ მუხლი 339), ზეგავლენით ვაჭრობა (სსკ მუხლი 3391), სამსახურებრივი გულგრილობა (სსკ მუხლი 342)” - ნათქვამია ნადირაშვილის მიერ პროკურატურაში შეტანილ განცხადებაში.

პარლამენტის წევრი გენერალურ პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, გონივრულ ვადებში ჩაატაროს შესაბამისი პროცესუალური მოქმედებები და მოახდინოს კანონით დადგენილი რეაგირება დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე.

რადიო თავისუფლება მთელი დღის განმავლობში ცდილობდა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანთან, დიმიტრი გაბუნიასთან დაკავშირებას, თუმცა ის არც სატელეფონო ზარებსა და არც გზავნილებს არ პასუხობს.

18 სექტემბერს, სწორედ დიმიტრი გაბუნიას უნდა გაემართა ბრიფინგი შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, ყველასგან მოულოდნელად, ბრიფინგი პრეზიდენტის სასახლეში თავად სალომე ზურაბიშვილმა გამართა, დიმიტრი გაბუნია კი საერთოდ არ გამოჩენილა ჟურნალისტებთან. მის შესაძლო კავშირზე მსჯავრდებულთა შეწყალების პროცესთან დაკავშირებით კი პრეზიდენტმა თქვა:

„იყო ძალიან ბევრი სპეკულაცია ამ პროცესში სხვადასხვა ადამიანის ჩარევაზე, მათ შორის, ჩვენი საპარლამენტო მდივანი, რომელიც არც კომპეტენციით და არც არანაირად არ იყო ამ პროცესში ჩართული. მისგან არ მიმიღია არც არანაირი რჩევა, არც თვითონ არავის უკითხავს მისთვის თუ რას ფიქრობდა რომელიმე ამ გადაწყვეტილებაზე. არ არის ეს მისი კომპეტენცია და მით უმეტეს, როცა ეს ეხება ყოფილ ადვოკატს. ასე რომ ეს გამორიცხულია და ეს სპეკულაციები უნდა დამთავრდეს მასზე თუ ვინმე სხვაზე ჩემს ადმინისტრაციაში, რადგან მე მივიღე გადაწყვეტილება და მე ვარ პასუხისმგებელი და არ მჩვევია, რომ ვინმე სხვაზე გადავიტანო ეს პასუხისმგებლობა“.

სომხეთის ხელისულფებამ გადაწყვიტა, საელჩო გახსნას ისრაელში

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ედვარდ ნალბანდიანი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ იერუსალიმში. 2017 წ. 7 ნოემბერი.

სომხეთის ხელისულფებამ ხუთშაბათს გადაწყვიტა საელჩო გახსნას ისრაელში და განაცხადა, რომ სურს გააუმჯობესოს სომხეთის არცთუ მარტივი ურთიერთობები ებრაულ სახელმწიფოსთან.

„ისრაელი მნიშვნელოვანი მოთამაშეა ახლო აღმოსავლეთში“, განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა მთავრობის სხდომაზე. „საელჩოს გახსნა ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და რეგიონში სომხეთის ინტერესების დაცვას.“

გადაწყვეტილებაში, რომელიც პრემიერ-მინისტრ ნიკოლა ფაშინიანის კაბინეტმა დაამტკიცა, ნათქვამია, რომ საელჩო მომავალი წლის დამდეგს გაიხსნება თელ-ავივში. ეს არა მხოლოდ „ახალ იმპულსს შესძენს“ ისრაელ-სომხეთის ურთიერთობებს, არამედ დახმარებას გასწევს წმინდა მიწაზე, კერძოდ, იერუსალიმში, სომხეთის სამოციქულო ეკლესიის ძლიერი ყოფნისთვის, განაცხადა მთავრობამ.

სომხეთმა და ისრაელმა 1992 წელს დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ მას შემდეგ არ ჰქონიათ საელჩოები. ისრაელში სომხეთის ელჩები იმყოფებიან პარიზში, კაიროსა და ერევანშიც კი.

„სირცხვილიას“ გადაცემების ფორმატი სრულდება: 20 სექტემბრის აქციისთვის ემზადებიან

ანტისაოკუპაციო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი პროტესტის 92-ე გადაცემა „სირცხვილია“ სრულდება. სადისკუსიო ფორმატს სულ 42 დღე დაეთმო.

დიღმელაშვილი: დღეს ჩვენი მშვიდობიანი და სამართლიანი ეთერის 92-ე დღეა. მინდოდა ბოლო გადაცემა სიმბოლურად 41-ე გადაცემა ყოფილიყო, მაგრამ არ გამოვიდა. გადაცემა „სირცხვილია“ 42 დღის განმავლობაში გადიოდა.

„ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ნამდვილ საზოგადოებრივ მაუწყებლად ვიქეცით. შევქმენით პროტესტის კერა, რომლის მიზნადაც ხელისუფლებისთვის დისკომფორტის შექმნა და მათ სამარცხვინო ქმედებებზე ხმამაღალი საუბარი იყო. 42 დღეა ხელისუფლების შეცდომების შესახებ სხვადასხვა წარსულის, პროფესიის და შეხედულების ადამიანებთან ვსაუბრობთ. დღევანდელი გადმოსახედიდან შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ მათ ყოველდღიურ მარცხზე საუბრის ამოწურვა შეუძლებელია. 42-ე დღეა ამ საკითხს ვუთმობთ გადაცემებს და კიდევ ძალიან ბევრი დაგვრჩა სალაპარაკო. ხელისუფლება ყოველდღე ამის ახალ მიზეზს იძლევა“, - ამბობს დიღმელაშვილი.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, „გავრილოვის ღამიდან“ 3 თვის შემდეგ, 20 სექტემბერს ხალხი კვლავ შეიკრიბება პარლამენტის წინ.

„ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, სანამ არ უზრუნველვყოფთ პრორუსული და კოლაბორაციონისტი ხელისუფლების საბოლოო დამარცხებას“, - თქვა დიღმელაშვილმა. როგორც ის აღნიშნავს, 20 სექტემბერს პროდასავლური ღირებულებების გარშემო და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდე გაერთიანდება ყველა ინტერესთა ჯგუფი.

„ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დასასრულებლად გვაქვს გენერალური გეგმა: პროდასავლური პოლიტიკური ძალების კოორდინირებული მოქმედების შესაძლებლობას მოვიცავთ“, - ამბობს შოთა დიღმელაშვილი.

„ერთად ერთის წინააღმდეგ“- ამ სლოგანით გაიმართება 20 სექტემბერს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ საპროტესტო მიტინგი. „ჩვენ წარვადგენთ ერთწლიან გეგმას", - აცხადებს დიღმელაშვილი.

20-21 ივნისის ღამით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 19 პირი პატიმრობაში რჩება.

დააკავეს იაკუტიელი შამანი ალექსანდრ გაბიშევი

ალექსანდრ გაბიშევი

ბურიატიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია იაკუტიელი შამანი ალექსანდრ გაბიშევი. მისი მომხრეები ოთხშაბათს ღამით იტყობინებოდნენ, რომ გაბიშევი გაიტაცეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობაში ნათქვამია, რომ დაკავებულს უახლოესი რეისით გაგზავნიან იაკუტსკში, სადაც ის დანაშაულშია ეჭვმიტანილი.

რამდენიმე თვის წინ გაბიშევმა განაცხადა, რომ ფეხით მიემართება მოსკოვში, რათა „პუტინი განდევნოს კრემლიდან“. მის დაკავებაში ათობით სამართალდამცავი მონაწილეობდა. თვითმხილველთა თქმით, ოპერაციის რაიონში არ მუშაობდა მობილური სატელეფონო კავშირი.

საუდის არაბეთის კომპანია "თურქული ნაკადის" ბულგარულ მონაკვეთს გაიყვანს

Bulgartransgaz EAD და კონსორციუმმა Arkad-მა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლითაც გათვალისწინებულია მასალებისა და ტექნიკის მიწოდება, ინვესტიციების პროექტირება, მშენებლობა და ექსპლუატაციაში გაშვება გაზსადენის მონაკვეთისა თურქეთის საზღვრიდან სერბეთის საზღვრამდე.

ხელშეკრულებას 18 სექტემბერს მოაწერეს ხელი ბულგარეთის მინისტრთა საბჭოში, პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვისა და რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის, დენის მარტუნოვის, ასევე ბულგარეთში საუდის არაბეთის ელჩის, მესფერ ბინ აბდულას თანდასწრებით, იტყობინება სააგენტო BTA. ხელმოწერისას ბორისოვმა პროექტს „ბალკანური ნაკადი“ უწოდა.

Bulgartransgaz-ის დირექტორის, ვლადიმირ მალინოვის თქმით, კონტრაქტის ღირებულებაა 1,2 მილიარდი დოლარი. ის ხელმოწერიდან 615 დღეში უნდა დასრულდეს. ეს Bulgartransgaz-ს საშუალებას მისცემს, სერბეთის მიმართულებით გაატაროს საჭირო მოცულობის გაზი, რომელიც უნგრეთის გავლით მიაღწევს ავსტრიას. სრული მოცულობით გაზის მიწოდება უკვე 2021 წელს დაიწყება.

გაზსადენის თაობაზე ტენდერში გაიმარჯვა კონსორციუმმა საუდის არაბეთის Arkad-ის მეთაურობით, რომელიც შემდეგ დისკვალიფიცირებულ იქნა და გამარჯვებულად გამოცხადდა Gas Development and Extension Bulgaria (GRGB). საუდის არაბეთის კომპანიამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკონკურსო კომისიაში და მოიგო. მაგრამ GRRB-მ ეს გადაწყვეტილება თავის მხრივ უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში გაასაჩივრა. ორი დღის შემდეგ ნათელი გახდა, რომ GRRB-ის პარტნიორი რუსეთში, რომელიც „თურქული ნაკადის“ სერბეთის მონაკვეთს გაიყვანს, აღარ უჭერს მხარს ამ საჩივარს. ამის შემდეგ სწრაფად მოეწერა ხელი კონტრაქტს Arkad-თან, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო გასული საჩივრისთვის განკუთვნილი 7-დღიანი ვადა.

Arkad-ის ჯგუფთან კონტრაქტის გაფორმება ერთი დღით უსწრებს წინ ევროკავშირის, რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენელთა შეხვედრას, რომლის ყურადღების ცენტრშია უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის ტრასპორტირების თაობაზე ათწლიანი შეთანხმება, რომელსაც 1 იანვარს გასდის ვადა.

სოფიაში გამართულ შეხვედრაზე ბორისოვმა ასევე ოპტიმიზმი გამოხატა ბელენეს ატომური ელექტროსადგურის პროექტის თაობაზე. დენის მანტუროვმა კი თქვა, რომ რუსეთის მხარემ განაცხადი შეიტანა ბელენეს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე უფლების მოსაპოვებლად. „რუსეთი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ამ პროექტში საერთაშორისო კონსორციუმის ფარგლებში. მე ვფიქრობ, ეს ოპტიმალური ვარიანტია,“ დასძინა მანტუროვმა.

20 სექტემბერს, აქციის გამო, პარლამენტში დაშვება შეიზღუდება

„20 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციიდან გამომდინარე, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი“, - აღნიშნულია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაში განმარტებულია, რომ პარლამენტში დაშვების შეზღუდვის მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.

„ერთად ერთის წინააღმდეგ“- ამ სლოგანით გაიმართება 20 სექტემბერს სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ საპროტესტო აქცია თბილისში პარლამენტის შენობის წინ. აქცია 20 ივნისს ე.წ. გავრილოვის ღამიდან 3 თვის თავზე გაიმართება და მას, ორგანიზატორთა განმარტებით, მასშტაბური სახე ექნება.აქციაზე „სირცხვილიას“ საქმიანობის ერთწლიან სამოქმედო გეგმასაც წარადგენენ.

20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გამართული ხალხმრავალი საპროტესტო აქცია სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიების, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს. ხელისუფლება აცხადებს, რომ აქციის დაშლა გარდაუვალი აუცილებლობა იყო, მომიტინგეთა ნაწილის მხრიდან პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის გამო.

რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დაშლისას, ოფიციალური მონაცემებით, დაშავდა 240-მდე ადამიანი, მაშ შორის - 80 პოლიციელი. ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი.

სმითების საქმე: „კავშირებმა” მოწმეთა ჩვენებებში იდენტური წინადადებები აღმოაჩინა

„კავშირების” რედაქცია ხადის ხეობაში მოკლული სმითების საქმიდან დაკითხვის ოქმებს აქვეყნებს. მათ დაკითხვის ოქმების შესწავლისას აღმოაჩინეს, რომ სხვადასხვა მოწმეთა ჩვენებებში იდენტური წინადადებებია.

„მაგალითად, ერთი და იგივე სიტყვებით აღწერენ სამძებრო სამუშაოების პირველ საათებს პოლიციელი ლევან ბულაური და მეზობელი სოფლის, ბენიან-ბეგონის​ მცხოვრები ზურაბ ბენიაიძე. ორივე მონაწილეობდა დაკარგული ოჯახის სამძებრო სამუშაოებში.

ჩნდება კითხვა: როგორ შეიძლება, ორივე ადამიანს ერთი და იგივე სიტყვებით ეპასუხა გამომძიებლის კითხვებისთვის? თან მოწმეები წერენ, რომ ჩვენება დაწერილია მათი კარნახით.

ხომ არ აწერინებდა მათ ხელს გამომძიებელი წინასწარ გამზადებულ ტექსტებზე? — ამ კითხვებით ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე მივმართეთ. პასუხის მიღებამდე გაგაცნობთ ჩვენებების იმ ნაწილებს, რომლებიც ძალიან ჰგავს ერთმანეთს“, - წერს „კავშირების” რედაქცია.

გაეცანით ჩვენებებს:

ლევან ბულაურის ჩვენებაზურაბ ბენიაიძის ჩვენება

აღნიშნული სატელეფონო საუბრიდან დაახლოებით 40 წუთის გასვლის შემდეგ მალხაზ კობაურმა დაურეკა ვეფხვია არაბულს და უთხრა, რომ ცუდი ამბავი იყო, რადგან ერთ-ერთ ჩანჩქერთან მას ნანახი ჰყავდა ქალი, რომელიც წყალში ტივტივებდა გარდაცვლილი. საუბრის დროს ვეფხვია არაბულმა ჰკითხა მწყემს მალხაზ კობაურს, მამაკაცის და ბავშვის შესახებ, მაგრამ მალხაზ კობაურის განმარტებით მამაკაცი და ბავშვი ნანახი არ ჰყავდა.

აღნიშნული სატელეფონო საუბრიდან დაახლოებით 40 წუთის გასვლის შემდეგ მალხაზ კობაურს დაურეკავს ვეფხვია არაბულისთვის და უთქვამს რომ ერთ-ერთ ჩანჩქერთან მას ნანახი ჰყავდა ქალი, რომელიც წყალში ტივტივებდა გარდაცვლილი. საუბრის დროს ვეფხვია არაბულს უკითხავს მწყემს მალხაზ კობაურისთვის, მამაკაცის და ბავშვის შესახებ, მაგრამ მალხაზ კობაურის განმარტებით მამაკაცი და ბავშვი ნანახი არ ჰყავდა.
მე ჩანჩქერებისკენ მიმავალ ბილიკზე შემთხვევით შევხვდი მალხაზ კობაურს და მასთან და ზურაბ ბენიაიძესთან ერთად, გავემართე ჩანჩქერისკენ, სადაც გარდაცვლილი ქალის გვამი უნდა მენახა. როდესაც გვამთან მიგვიყვანა მალხაზ კობაურმა ვნახეთ, რომ გვამი ე.წ „ალავერდის“ ჩანჩქერის ვარდნის ადგილზე, წყლის გუბეში ტივტივებდა. ამის შემდეგ გარდაცვლილი ქალის გვამი, რომელსაც ეცვა მოკლე ტოტებიანი შარვალი, ბიუსტჰალტერი, რომელიც მკერდს ქვემოთ მუცლის შუა ნაწილთან ეკეთა და აწეული ჰქონდა მაისური იმგვარად, რომ უჩანდა მკერდი. მე და ზურაბ ბენიაიძემ გამოვიტანეთ წყლის ნაპირთან. რამდენიმე წუთში, წყალმა ქალის გვამი შეატრიალა წყალში სახით წყლის მიმართულებით, რა დროსაც ჩანჩქერიდან გადმოვარდნილმა ტალღამ მოულოდნელად გვამი ფეხზე წამოაყენა წყალშივე, რაზეც მალხაზ კობაურს ძალიან შეეშინდა და ადგილიდან გაიქცა. როდესაც იგი მოვაბრუნე შემთხვევის ადგილთან და ვკითხე თუ რატომ გარბოდა, მიპასუხა, რომ შეეშინდა და ამის გამო გარბოდა.მე და ლევან ბულაური ჩანჩქერებისკენ მიმავალ ბილიკზე შემთხვევით შევხვდით მალხაზ კობაურს და სამივენი ერთად გავემართე ჩანჩქერისკენ, სადაც გარდაცვლილი ქალის გვამი უნდა მენახა. როდესაც გვამთან მიგვიყვანა მალხაზ კობაურმა ვნახეთ, რომ გვამი ე.წ „ალავერდის” ჩანჩქერის ვარდნის ადგილზე, წყლის გუბეში ტივტივებდა. ამის შემდეგ გარდაცვლილი ქალის გვამი, რომელსაც ეცვა მოკლე ტოტებიანი შარვალი, ბიუსტჰალტერი, რომელიც მკერდს ქვემოთ მუცლის შუა ნაწილთან ეკეთა და აწეული ჰქონდა მაისური იმგვარად, რომ უჩანდა მკერდი, მე და ლევან ბულაურმა გამოვიტანეთ წყლის ნაპირთან. რამდენიმე წუთში, წყალმა ქალის გვამი შეატრიალა წყალში სახით წყლის მიმართულებით, რა დროსაც ჩანჩქერიდან გადმოვარდნილმა ტალღამ მოულოდნელად გვამი ფეხზე წამოაყენა წყალშივე, რაზეც მალხაზ კობაურს ძალიან შეეშინდა და ადგილიდან გაიქცა, მას უკან გაყვა ლევან ბულაური მოაბრუნა შემთხვევის ადგილთან და კითხა თუ რატომ გარბოდა, რაზედაც უპასუხა, რომ შეეშინდა და ამის გამო გარბოდა.
მომდევნო დღეს, ანუ 2018 წლის 7 ივლისს, დილის საათებიდან გაგრძელდა საგამოძიებო და სამაშველო-სამძებრო მოქმედებები, ვინაიდან გარდაცვლილი ქალის მეუღლე და მათი 4 წლის შვილის პოვნა 2018 წლის 6 ივლისს, ვერ მოხერხდა. მომდევნო დღეს, ანუ 2018 წლის 7 ივლისს, ხადას ხეობაში ნანახი იქნა გარდაცვლილი რაიან მაიკლ სმიტის გვამი, რომლის სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევის დასრულებისთანავე, ცნობილი გახდა, რომ გვამის სხეულში ნანახი იქნა უცხო სხეულები საფანტის, პლასტმასის კონტეინერის და რბილი მასალის სახით, რაც მიანიშნებდა, რომ ადგილი ჰქონდა არა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას, არამედ განზრახ მკვლელობასმომდევნო დღეს, ანუ 2018 წლის 7 ივლისს, დილის საათებიდან გაგრძელდა საგამოძიებო და სამაშველო-სამძებრო მოქმედებები, ვინაიდან გარდაცვლილი ქალის მეუღლე და მათი 4 წლის შვილის პოვნა 2018 წლის 6 ივლისს, ვერ მოხერხდა. მომდევნო დღეს, ანუ 2018 წლის 7 ივლისს, ხადას ხეობაში ნანახი იქნა გარდაცვლილი რაიან მაიკლ სმიტის გვამი, რომლის სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევის დასრულებისთანავე, ცნობილი გახდა, რომ გვამის სხეულში ნანახი იქნა უცხო სხეულები საფანტის, პლასტმასის კონტეინერის და რბილი მასალის სახით, რაც მიანიშნებდა, რომ ადგილი ჰქონდა არა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას, არამედ განზრახ მკვლელობას.
კითხვა: რა ადგილზე შეხვდით მალხაზ კობაურს, როდესაც ე.წ „ალავერდის“ ჩანჩქერის მიმართულებით დაიწყეთ გადაადგილება სოფელ წკერედან?

ლევან ბულაურის პასუხი: მოგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს შევხვდით იმ ადგილზე, სადაც 2018 წლის 7 ივლისს, ვიპოვნეთ გარდაცვლილი რაიან მაიკლ სმიტის გვამი. კერძოდ, მალხაზ კობაური ამოდიოდა ბილიკებისკენ ზუსტად იმ ადგილიდან, სადაც რაიან სმიტის გვამი ვიპოვნეთ.

კითხვა: როდესაც მალხაზ კობაურთან და ზურაბ ბენიაიძესთა6 ერთად ე.წ „ალავერდის“ ჩანჩქერისკენ მიდიოდით, ხომ არ გისაუბრიათ მალხაზ კობაურთან დაკარგული პირების შესახებ?

ლევან ბულაურის პასუხი: მოგახსენებთ, რომ როდესაც ე.წ „ალავერდის“ ჩანჩქერის მიმართულებით მივდიოდით, გზაში მალხაზ კობაურს ვესაუბრებოდი და ვეკითხებოდი დეტალებს თუ სად შეხვდა იგი უცხოელ ცოლ-ქმარს და მათ მცირეწლოვან შვილს, რა გზით წაიყვანა ჩანჩქერებისკენ და რა იცოდა ზოგადად მათ შესახებ. მალხაზ კობაურის განმარტებით, იგი სოფელ წკერედან ოდნავ მოშორებით შეხვდა რაიან და ლორა სმიტებს და ასევე, მათ 4 წლის შვილს ქელებ ისმატ სმიტს, რომლებიც ბილიკების გავლით, რომლითაც ჩვენ თავად მივდიოდით ჩანჩქერისკენ, მიიყვანა ისინი ჩანჩქერამდე, სადაც სმიტებმა კობაური დაპატიჟეს სადილად, დაალევინეს კოკა-კოლა და შემდეგ იგი დაემშვიდობა მათ.

კითხვა: რა ადგილზე შესვდით მალხაზ კობაურს, როდესაც ეწ „ალავერდის“ ჩანჩქერის მიმართულებით დაიწყეთ გადაადგილება სოფელ წკერედან?

ზურაბ ბენიაიძის პასუხი: მოგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს შევხვდით იმ ადგილზე, სადაც 2018 წლის 7 ივლისს, ვიპოვნეთ გარდაცვლილი რაიან მაიკლ სმიტის გვამი. კერძოდ, მალხაზ კობაური ამოდიოდა ბილიკებისკენ ზუსტად იმ ადგილიდან, სადაც რაიან სმიტის გვამი ვიპოვნეთ,

კითხვა: როდესაც მალხაზ კობაურთან და ლევან ბულაურთან ერთად ე.წ „ალავერდის” ჩანჩქერისკენ მიდიოდით, ხომ არ გისაუბრიათ მალხაზ კობაურთან დაკარგული პირების შესახებ ? ზურაბ ბენიაიძის

პასუხი: მოგახსენებთ, რომ როდესაც ე.ნ „ალავერდის ჩანჩქერის მიმართულებით მივდიოდით, გზაში მალხაზ კობაურს ვესაუბრებოდი და ვეკითხებოდი დეტალებს თუ სად შეხვდა იგი უცხოელ ცოლ- ქმარს და მათ მცირეწლოვან შვილს, რა გზით წაიყვანა ჩანჩქერებისკენ და რა იცოდა ზოგადად მათ შესახებ. მალხაზ კობაურის განმარტებით, იგი სოფელ წკერედან ოდნავ მოშორებით შეხვდა რაიან და ლორა სმიტებს და ასევე, მათ 4 წლის შვილს ქელებ ისმატ სმიტს, რომლებიც ბილიკების გავლით, რომლითაც ჩვენ თავად მივდიოდით ჩანჩქერისკე6ნ, მიიყვანა ისინი ჩანჩქერამდე, სადაც სმიტებმა კობაური დაპატიჟეს სადილად, დაალევინეს კოკა-კოლა და შემდეგ იგი დაემშვიდობა მათ.

კითხვა: როდესაც გარდაცვლილი ქალის გვამი წყლიდან ნაპირზე გადმოასვენეთ, ხომ არ მიუღია გვამს რაიმე სახის დაზიანება ამ დროს?

ლევან ბულაურის პასუხი: მოგახსენებთ, რომ გვამი გამოვასვენეთ ხელით სპეციალურად, როშ გვამს რაიმე დაზიანება არ მიეღო და შესაბამისად არც მიუღია.

კითხვა: როდესაცნ ე.წ „ალავერდის” ჩანჩქერის მიმართულებით გადაადგილდებოდით მალხაზ კობაურთან და ზურაბ ბენიაიძესთან ერთად და ესაუბრებოდით მალხაზ კობაურს. ხომ არ დაინტერებულხართ მასთან კითხვით, გარდა ზემოსსენებული დაკარგული ცოლ-ქმრისა და მათი ბავშვისა, ხომ არ შეხვედრია სხვა პირებს ხადას ხეობაში?

ლევან ბულაურის პასუხი: მოგახსენებთ, რომ როდესაც მე მას ვეკითხებოდი დაკარგული ტურისტების შესახებ, მას ასევე ვკითხე, ხომ არ უნახავს ვინმე სხვა პირი, გარდა აღნიშნული ტურისტებისა, რაზეც მალხაზ კობაურმა მიპასუხა, რომ სხვა არავინ უნახავს გარდა ცოლ-ქმრისა და მათი ბავშვისა, რომელიც მამაკაცს ზურგზე ჰყავდა შემოსმული.

კითხვა: ხომ არ გსურთ საქმის ირგვლივ სხვა რაიმე ინფორმაციის მოწოდება?

ლევან ბულაურის პასუხი: საქმის ირგვლივ ამ ეტაპზე დასამატებელი არაფერი მაქვს. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ დამატებით ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს.

კითხვა: როდესაც გარდაცვლილი ქალის გგამი წყლიდან ნაპირზე გადმოასვენეთ, ხომ არ მიუღია გვამს რაიმე სახის დაზიანება ამ დროს?

ზურაბ ბენიაიძის პასუხი: მოგახსენებთ, რომ გვამი გამოვასვენეთ ხელით სპეციალურად, რომ გვამს რაიმე დაზიანება არ მიეღო და შესაბამისად არც მიუღია.

კითხვა: როდესაც ე.წ „ალავერდის“ ჩანჩქერის მიმართულებით გადაადგილდებოდით მალხაზ კობაურთან და ლევან ბულაურთან ერთად და ესაუბრებოდით მალხაზ კობაურს. ხომ არ დაინტერებულხართ მასთან კითხვით, გარდა ზემოხსენებული დაკარგული ცოლ-ქმრისა და მათი ბავშვისა, ხომ არ შეხვედრია სხვა პირებს ხადას ხეობაში?

ზურაბ ბენიაიძის პასუხი: მოგახსენებთ, რომ როდესაც მე მას ვეკითხებოდი დაკარგული ტურისტების შესახებ, მას ასევე ვკითხე, ხომ არ უნახავს ვინმე სხვა პირი, გარდა აღნიშნული ტურისტებისა, რაზეც მალხაზ კობაურმა მიპასუხა, რომ სხვა არავინ უნახავს გარდა ცოლ-ქმრისა და მათი ბავშვისა, რომელიც მამაკაცს ზურგზე ჰყავდა შემოსმული.

კითხვა: ხომ არ გსურთ საქმის ირგვლივ სხვა რაიმე ინფორმაციის მოწოდება?

ზურაბ ბენიაიძის პასუხი: საქმის ირგვლივ ამ ეტაპზე დასამატებელი არაფერი მაქვს. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვარ დამატებით ვუპასუხო თქვენს შეკითხვებს.

ხადის ხეობაში სმითების ოჯახის სამი წევრის მკვლელობის საქმეში ბრალდებულ მალხაზ კობაურს 27 მარტს სასამართლომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

კობაური 25 მარტს ნაფიცმა მსაჯულებმა ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ერთხმად ცნეს და ხადის ხეობაში მომხდარ დანაშაულზე მას გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოუტანეს.

ნინო ლომჯარია 20-21 ივნისის საქმის გამოძიებაში ინტერესთა კონფლიქტს ხედავს

ნინო ლომჯარია

რა თქმა უნდა, მე პოლიტიკურ შეფასებებში ვერ შევალ, თუმცა 20 ივნისის მოვლენების გათვალისწინებით ვიტყვი, რომ დღეს გვაქვს მდგომარეობა, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი, რომლის ყოფილი თანამშრომლების მიერ ჩადენილ სავარაუდო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს სწავლობს პროკურატურა, პრემიერ-მინისტრია, - განაცხადა საქართველოს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ. მისივე თქმით, მას ინტერესთა კონფლიქტის განცდას ამ გარემოების გარდა ის ფაქტორიც უჩენს, რომ გენერალური პროკურორი მონაწილეობას ღებულობდა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კონკურსში და ფინალურ ეტაპზე გადასულ კანდიდატთა 20 კაციან სიაშია.

„რა თქმა უნდა, ალბათ მეტია რისკები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია პროკურატურა არ იყოს ძალიან მკაცრი ან ობიექტური ამ საქმის გამოძიების დროს. თუმცა ნამდვილად ამ ეტაპზე მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ვაკვირდებით გამოძიებას 20 ივნისს პოლიციელთა მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებების თაობაზე.

მე შემიძლია გითხრათ, რომ გამოძიება ნამდვილად მიმდინარეობს და ეს არ არის უბრალოდ ფრაზა“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა. მისი თქმით, ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლებს ხელი მიუწვდებათ ბევრ მნიშვნელოვან, მათ შორის კონფიდენციალურ ინფორმაციაზე. ნინო ლომჯარია ფიქრობს, რომ ძალიან მალე შესაძლოა გარკვეული პირების პასუხისგებლობის საკითხი გამოიკვეთოს.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ მივცეთ პროკურატურას გარკვეული რეკომენდაციები და ამ მიმართულებით მე მზად ვარ , რომ სხვა ფორმატში შეგხვდეთ თქვენ, როგორც საქართველოს პარლამენტის წევრებს და განსხვავებულ ფორმატში უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველმა პარლამენტში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2018 წლის ანგარიში წარადგინა. ამ წუთებში იგი დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ირაკლი ოქრუაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა 20-21 ივნისის საქმეზე ბრალდებული თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. პატიმრობაში, ასევე რჩებიან თორნიკე დათაშვილი და გიორგი ჯავახიშვილი.

ბრალდებული სასამართლოს სხდომას პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლის ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და 500 000-ლარიან გირაოს მოითხოვდა.

ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს, 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე დააკავეს. ოქრუაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

ირაკლი ოქრუაშვილი დანაშაულს არ აღიარებს.

„პორნოგრაფიის საქმეზე“ დაკავებული ავსტრალიის მოქალაქე ბრალს არ ეთანხმება

არასრულწლოვნების მონაწილეობით პორნოგრაფიული პროდუქციის დამზადება და გასაღების საქმეზე დაკავებული ავსტრალიის მოქალაქის ადვოკატის, ნინო ტაბატაძის განცხადებით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს და წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება.

საზოგადოებრივი დამცველი ამბობს, რომ ბრალდებულმა საქმის დეტალების შესახებ საუბარი აუკრძალა. ნინო ტაბატაძის განცხადებით დამატებითი კომენტარის გაკეთებას მაშინ შეძლებს, როდესაც ბრალის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტებს გაეცნობა და მისი დაცვის ქვეშ მყოფთან დამატებით შეათანხმებს პოზიციას.

ადვოკატის ინფორმაციით პროკურატურის მხრიდან პატიმრობის მოთხოვნის შემთხვევაში, ის გირაოს ან აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვს.

საქართველოში დააკავეს 11 ადამიანი, რომლებსაც ბრალად ედება არასრულწლოვნების მონაწილეობით პორნოგრაფიული პროდუქციის დამზადება და გასაღება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეები, ასევე პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG