Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეტანიაჰუ და პუტინი სოჭში მართავენ შეხვედრას


ბენიამინ ნეტანიაჰუ და ვლადიმირ პუტინი. 2019 წ. 4 აპრილის ფოტო.
ბენიამინ ნეტანიაჰუ და ვლადიმირ პუტინი. 2019 წ. 4 აპრილის ფოტო.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ, ისრაელში კრიტიკულ არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, მიემგზავრება სოჭში, სადაც 12 სექტემბერს შეხვდება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ნეტანიაჰუს თან ახლავან მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მეირ ბენ-შაბი და სამხედრო-საჰაერო ძალების სარდალი ავივ კოჩავი. ტასის ცნობით, ნეტანიაჰუ შეხვედრას გამართავს ასევე რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან.

რუსეთში გამგზავრების წინ ნეტანიაჰუმ განაცხადა, რომ მისი ვიზიტის მიზანია ისრაელსა და რუსეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება სირიაში მათ ძალებს შორის კომუნიკაციაში შეფერხებების თავიდან ასაცილებლად. მისი თქმით, მოლაპარაკებების ყურადღების ცენტრში იქნება ასევე ის, რომ „გავაგრძელოთ წინსვლა საერთო მიზნის მისაღწევად, რომელზეც ადრე შევთანხმდით, რომელიც ჯერაც მისაღწევია და რომელიც ჯერჯერობით შორსაა, და ესაა სირიიდან ირანის გასვლა.“

კრემლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიდერები ისაუბრებენ „ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე.“

მოსკოვმა შეშფოთება გამოხატა ნეტანიაჰუს გეგმაზე, მოახდინოს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ნაწილის ანექსაცია, და განაცხადა, რომ ამის განხორციელებამ შესაძლოა რეგიონში დაძაბულობის გამწვავება გამოიწვიოს.

უკანასკნელ წლებში ნეტანიაჰუ და პუტინი რეგულარულად ხვდებიან ერთმანეთს იმ სამხედრო ოპერაციების კოორდინაციისთვის, რომლებშიც რუსეთი და ისრაელი მონაწილეობენ სირიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG