Accessibility links

ნიკა მელია პროკურატურაში დაიბარეს


ნიკა მელია

„2019 წლის 10 სექტემბერს, ნიკანორ მელიამ დემონსტრაციულად დაარღვია თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით დაწესებული აკრძალვა და საკუთარი სურვილით, საგამოძიებო ორგანოს უარის მიუხედავად, დატოვა საცხოვრებელი ადგილი.
აქედან გამომდინარე, ნიკანორ მელია დაბარებულია საქართველოს პროკურატურაში, რათა განემარტოს, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პირობის დარღვევას“
, - აღნიშნულია საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაში. პროკურატურა ნიკა მელიას აფრთხილებს, რომ მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნას აღკვეთის უფრო მკაცრი ღონისძიება.

2019 წლის 27 ივნისს, 20 ივნისის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობისთვის ბრალდებულ ნიკანორ მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარის ოდენობით. დამატებითი შეზღუდვის სახით მას აეკრძალა საცხოვრებელი ადგილის დატოვება საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების და თანხმობის გარეშე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებებით გამოსვლა და მოწმეებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. დამატებით მის მიმართ მიმდინარეობს ელექტრონული მონიტორინგი.

8 სექტემბერს ნიკა მელიას პროკურატურისგან მიეცა თანხმობა, განეხორციელებინა საპარლამენტო უფლებამოსილება. ამგვარი ნებართვა მას არ ჰქონია 10 სექტემბერს, როდესაც მონაწილეობა მიიღო ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემაში. აღნიშნულთან დაკავშირებით ნიკა მელიამ „ფეისბუკში“ განმარტა, რომ მისმა ადვოკატმა პროკურატურა საქმის კურსში ჩააყენა და პასუხად კატეგორიული უარი მიიღო, თუმცა პროკურატურის მითითებები მისთვის მიუღებელი და არაკონსტიტუციურია.

13 სექტემბრის განცხადების მიხედვით, გენერალური პროკურატურა ნიკა მელიას აფრთხილებს, რომ მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში, მის მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნას აღკვეთის უფრო მკაცრი ღონისძიება.

ნიკა მელია გენერალურ პროკურატურაში 13 სექტემბერს 16 საათზეა დაბარებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG