Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ანთაძე: ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგო ფუნქციონირებას განაგრძობს


ერგნეთი
ერგნეთი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში მიმდინარეობს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკური შეხვედრა, რომელზეც განიხილება სოფელ ჩორჩანის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული პროცესები.

ბოლო ორ კვირაში რიგით მეოთხე ტექნიკური შეხვედრის დაწყებამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ურყევი და უცვლელია - ჩორჩანასთან ქართული პოლიციის სტანდარტული საგუშაგო ფუნქციონირებას განაგრძობს.

რაც შეეხება ჩორჩანასა და ოკუპირებულ სოფელ წნელისს შორის განვითარებულ მოვლენებს, ირაკლი ანთაძის განცხადებით, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს უკანონო და ზიანის მომტანი ქმედებები და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ეს ტერიტორია უნდა დატოვონ. ანთაძის თქმით, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ადგილზე აღდგეს უსაფრთხოების გარემო და საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მოსახლეობას მიეცეს ნორმალურად ცხოვრების საშუალება.

ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, ამჟამად ჩორჩანასა და წნელისს შორის არსებულ ტერიტორიაზე აღმართულია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ორი დროშა და ერთი საგუშაგო.

რაც შეეხება დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებებს, რომ ოკუპირებულ ახალგორთან ე.წ. საზღვრის გაურკვეველი დროით დაკეტვა ჩორჩანასთან განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება, ირაკლი ანთაძის თქმით, თუ მსგავსი განცხადებები კეთდება, ეს პირდაპირ უსვამს ხაზს პოზიციის დესტრუქციულობას, რადგან საქმე ეხება ჰუმანიტარული საკითხს, როცა მოსახლეობა ყოველდღიური ცხოვრებისთვის საჭირო ე.წ. გადასასვლელებით სარგებლობს.

ირაკლი ანთაძის თქმით, მიუღებელია ნებისმიერ უთანხმოებასთან ჰუმანიტარული საკითხის დაკავშირება, რადგან საქმე ეხება მოსახლეობის ყოველდღიურ ყოფას, რომელიც ოკუპაციის პირობებში ისედაც მძიმეა.

საოკუპაციო ხაზთან ვითარება აგვისტოს ბოლოდან დაიძაბა. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნის გამო, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო დადგეს ოკუპირებული სოფლის, წნელისის მახლობლად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG