Accessibility links

სასამართლომ „ჯეოსთილი“ 5 ათასი ლარით დააჯარიმა


რუსთავის სასამართლოს მოსამართლე ნატა თედეშვილმა ნარჩენების მართვის კოდექსის მთელი რიგი მუხლების დარღვევისთვის 5 ათასი ლარით დააჯარიმა რუსთავში მდებარე არმატურის მწარმოებელი კომპანია „ჯეოსთილი“, რითაც დააკმაყოფილა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის სარჩელი.

მოსამართლემ გაიზიარა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ამა წლის 2 აგვისტოს ოქმში მოყვანილი ბრალდებები, სადაც ჩამოთვლილია „ჯეოსთილის“ მხრიდან გარემოზე ზემოქმედების ნებართვით განსაზღვრული პირობების დარღვევის ფაქტები. კომპანიამ ეს ბრალდებები მხოლოდ ნაწილობრივ გაიზიარა, რასაც მოჰყვა მის წინააღმდეგ სარჩელი.

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თანახმად, საწარმოს გარშემო ხუთასმეტრიან რადიუსში, სადაც მოხვდა დასახლებული პუნქტებიც, დაფიქსირებულია მავნე ნივთიერებების ზღვრულ ნორმაზე გადაჭარბება.


გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი იკვლევდა ჰაერში 9 მავნე ნივთიერების კონცეტნტრაციას, მათ შორის რკინის ოქსიდის, ტყვიის ოქსიდის, მანგანუმის ოქსიდისა და აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციას.

ამავე დროს, გარემოზე ზემოქმედების შეფასებისას, ანგარიშის თანახმად, „ვერ დგინდება, რომ ჰაერში მავნე ნივთიერებების დასაშვებზე მაღალი კონცენტრაცია პირდაპირ უკავშირდება „ჯეოსთილის“ საქმიანობას, ვინაიდან მიმდებარედ ფუქნციონირებს სხვა საწარმოებიც“.

რუსთაველი ეკოლოგები არაერთხელ გამოსულან „ჯეოსთილისა“ და მსგავსი პროფილის სხვა ადგილობრივი საწარმოების წინააღმდეგ. ისინი აქციებსაც მართავდნენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG