Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში ჩატარდა აქცია „#სირცხვილია“


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან მოძრაობა "#სირცხვილიას" საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილების თქმით, ნაცვლად იმისა, რომ გიორგი გახარია შს მინისტრის თანამდებობიდან გაეთავისუფლებინათ, პრემიერ-მინისტრად დანიშნეს, რითიც სილა გააწნეს საზოგადოებას. როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, შესაბამისად, იღებენ ბიძინა ივანიშვილის გამოწვევას და საპროტესტო აქციები არათუ შესუსტდება, რეგიონებში გადაინაცვლებს. ზუგდიდი კი პირველი ქალაქი იყო თბილისის შემდეგ, სადაც „#სირცხვილიას“ ორგანიზატორებმა აქცია გამართეს. შემდეგ ისინი სხვა ქალაქებშიც შეიკრიბებიან, 20 სექტემბერს კი მასშტაბურ მანიფესტაციას უკვე პარლამენტის წინ გამართავენ.

აქციას შეუერთდა ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი ბაჩანა შენგელია. მისი განცხადებით, უკვე დაიწყეს აქტიური სამზადისი 20 სექტემბრის შეკრებისთვის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

აქციის მონაწილეებს ხელთ ჰქონდათ ანტისაოკუპაციო შინაარსის ბანერები, რამდენიმეს პროტესტის ნიშნად ცალი თვალი ჰქონდა ახვეული წითელი ნაჭრით და ისმოდა სიმღერა "როცა ბავშვებს ხვდებათ ტყვია, გახარიას უხარია".

"#სირცხვილიას" მონაწილეების განცხადებით, 2020 წელს "ქართული ოცნება" აუცილებლად დამარცხდება არჩევნებში და ქვეყანა დაუბრუნდება გზას ნამდვილი ევროპული ოჯახისკენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG