Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოჭიდავე გიორგი მელიამ ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა


ქართველმა მოჭიდავეებმა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია მოიპოვეს. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი გიორგი მელია ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ნახევარფინალში გავიდა და 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოლიმპიური ნორმატივი შეასრულა.

გიორგი მელიამ დილის პროგრამაში სამი მეტოქე დაამარცხა: ჰონდურასელი კევინ მეხია კასტილიო, ყაზახი იერულან ისკაკოვი და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი, ფრანგი მელონინ ნუმონვი. ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში მისი მეტოქე იქნება ოლიმპიური, მსოფლიოს სამგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი, სომეხი არტურ ალექსანიანი. მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს რუსეთის ნაკრების წევრი მუსა ევლოევი და სერბეთის სახელით მოჭიდავე მიხეილ ქაჯაია დაუპირისპირდებიან.

ნახევარფინალური შეხვედრები თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. 17:00 საათიდან კი მსოფლიოს პირველობაზე მედლები გათამაშდება ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ოთხ არაოლიმპიურ წონით კატეგორიაში: 55, 63, 72 და 82 კილოგრამებში. საქართველოს ნაკრები ორი ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ნუგზარ წურწუმია (55 კგ) მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ყაზახ ხორლან ჟანკანშას დაეჭიდება. ლაშა გობაძის (82 კგ) მეტოქე კი აზერბაიჯანელი რაფიგ ჰუსეინოვი იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG