Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხარკოვში ლგბტ თემის აღლუმი გაიმართა


უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში პირველად გაიმართა ლგბტ თემის აღლუმი. ეს უკრაინაში ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა უკანასკნელ წლებში.

ხარკოვის პრაიდი ჩატარდა მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მერი გენადი კერნესი ორგანიზატორებს სამართლებრივი ზომებით და მარშის ჩაშლით დაემუქრა. კონსერვატორი აქტივისტებიც იმუქრებოდნენ, რომ ძალადობას მიმართავდნენ, თუკი აღლუმი გაიმართებოდა.

ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა, მათ შორის „ამნესტი ინტერნეიშნელმა“, უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდეს, დაუშვას მარშის ჩატარება და უზრუნველყოს სათანადო უსაფრთხოება.

საბოლოოდ აღლუმი შეზღუდულ ტერიტორიაზე ჩატარდა და მონაწილეები იძულებული იყვნენ, ორი საათის განმავლობაში წინ და უკან ეარათ მარშით. მათგან ბევრს ეჭირა ცისარტყელას ფერების დროშები. ისინი სკანდირებდნენ: „ხარკოვი ყველასთვის, უსაფრთხოება ყველასთვის!“ და „ჩვენ ყველანი თანასწორნი ვარ, ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ“.

რაიმე ძალადობის შესახებ ცნობები არ მოიპოვება. ვითარებას აკონტროლებდნენ პოლიციის სპეცდანიშნულების შენაერთები.

როგორც იტყობინებიან, გეი პრაიდის რამდენიმე მოწინააღმდეგე შეეცადა ხელი შეეშალა მარშისთვის და გზაზე დაწვა აღლუმის მონაწილეთა შესაფერხებლად. მაგრამ მარშის მონაწილეებმა მათ უბრალოდ გვერდი აუარეს.
ივნისში ლგბტ აქტივისტებმა კიევში გამართეს ქვეყნის უდიდესი პრაიდი, რომელშიც, ორგანიზატორთა თანახმად, 8000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

კიევში 2016 წლიდან ტარდება ლგბტ აღლუმები, მიუხედავად ოპონენტების პროტესტისა და მემარჯვენე აქტივისტებისა და რელიგიური ჯგუფების მუქარისა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG