Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა: „ოცნების“ მთავრობამ რუსეთში მცხოვრები ქართველები კრემლის ხელში მძევლად აქცია


გიგი უგულავა
გიგი უგულავა

ივანიშვილმა, ვოლსკიმ და ზოგადად ოცნების მთავრობამ რუსეთში მცხოვრები ქართველები კრემლის ხელში მძევლად აქცია. ფაქტიურად ვოლსკიმ დღეს "მოუწოდა" რუსეთს, იქ მყოფი ქართველები ზეწოლის მექანიზმად გამოიყენოს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და აღუთქვა, რომ ეს ილეთი გაჭრის საქართველოს მთავრობაზე“, - აღნიშნავს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

პოსტში გიგი უგულავა გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განცხადებას იმის შესახებ, რომ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს „ევროპული საქართველოს“ ინიციატივას „საქართველოს დასავლეთ-რუსეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნების შესახებ“, რადგან ინიციატივა „ქართველი ხალხის, განსაკუთრებით საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ასობით ათასი ჩვენი თანამოქალაქის“ დასჯას გამოიწვევს.

ამ ლოგიკით გამოდის, რომ საქართველომ საერთოდ არაფერი არ უნდა მოიმოქმედოს. ამასთანავე თან იტყუება, რადგან 2006 წლის შემდეგ რუსეთში მყოფი ქართველების უდიდესი უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა, შესაბამისად, ვერ გამოაძევებენ. ვოლსკის ეს "რუსეთის მოპატიჟება" პასუხია ევროპული საქართველოს რეზოლუციის პროექტზე, რომელიც საქართველოს დასავლეთ-რუსეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნებას ითვალისწინებს“, - აღნიშნავს გიგი უგულავა.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში განიხილება "ევროპული საქართველოს" მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი - "საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე".

პარლამენტის წევრების, სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებული პროექტის დამტკიცების შედეგად, საქართველოს მთავრობას დაევალება, მიიღოს ყველა ზომა და ჩაატაროს აუცილებელი დიპლომატიური და პოლიტიკური სამუშაო, რითიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულება შევა ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაკისრებული სანქციების მოთხოვნებში.

დადგენილების პროექტი ითვალისწინებს ევროკავშირის და აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული პერსონალური სანქციების პაკეტებში „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შეტანასაც და ევროკავშირის და აშშ-ის მიერ სანქციების შემოღებას ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წარმართავენ ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, აქირავებენ ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონებას.

"ქართულმა ოცნებამ" საჯაროდ უკვე განაცხადა, რომ ინიციატივას პარლამენტი მხარს არ დაუჭერს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG