Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული


საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, - ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა დაუდასტურა.

როგორც ბეჟანიძის ინტერესების დამცველმა გვითხრა, მსჯავრდებული დაახლოებით 2-3 კვირაა, რაც შეიწყალეს.

ირაკლი ჩომახაშვილი ბეჟანიძის დამნაშავედ ცნობას იმთავითვე მიიჩნევდა დაუსაბუთებელად, უკანონოდ და პოლიტიკურად მოტივირებულად.

„ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი, თავის დროზე, პირველმა და მეორე ინსტანციამ უდანაშაულოდ ცნო! საქართველოს უზენაეს სასამართლომ კი ნინო გვენეტაძის მეთაურობით „ახლობლური" გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის პალატამ ორი, ერთის წინააღმდეგ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ამ მექრთამეების გამო (იგულისხმება ნინო გვენეტაძე) სალომე ზურაბიშვილს ნუ დამაცვევინებთ (ისედაც ძეგლია). ბრალდება მთლიანად ეფუძნებოდა მსჯავრდებულების ჩვენებებს... ისეთები, როგორებიც არიან შანიძე, მორჩილაძე და ა.შ. ეს განაჩენი დევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე (ასევე დევს განსხვავებული აზრიც)“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადვოკატმა ირაკლი ჩომახაშვილმა.

ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილი და ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილი, დავით ოთხმეზური 2004 წლის 27 ოქტომბერს თბილისში, პეკინის გამზირზე მოკლეს.

პროკურატურამ საქმე გახსნილად მხოლოდ 2015 წელს გამოაცხადა. ასლან ბეჟანიძე კი სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2016 წლის 26 მარტს დააკავეს განზრახ მკვლელობის ბრალდებით.

ასლან ბეჟანიძე სასამართლოს პირველმა და მეორე ინსტანციებმა გაამართლეს, უზენაესმა სასამართლომ კი ის 2018 წლის 29 მარტს დამნაშავედ ცნო. ბეჟანიძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის გათვალისწინებით, ასლან ბეჟანიძეს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლის და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა.

განსაკუთრებული უკმაყოფილება მოჰყვა ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულის, რამაზ დევაძის შეწყალებას.

შედეგად სალომე ზურაბიშვილი შეწყალების საკითხის დარეგულირების მიზნით, ახალი ინიციატივით გამოვიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG