Accessibility links

site logo site logo

PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ


ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი და კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილე ბას კლეინი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს შეხვდნენ.

არჩილ თალაკვაძემ მომხსენებლებს გააცნო საარჩევნო რეფორმის არსი და ძირითადი არგუმენტები, ასევე საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის მიმდინარეობის პროცესი. საუბარი იყო მართლმსაჯულებისა და განათლების რეფორმებზე.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კლოდ კერნმა და ტიტუს კორლატეანმა დადებითად შეაფასეს პარლამენტის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების რეფორმა.

თანამომხსენებლებმა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზეც. კლოდ კერნმა და ტიტუს კორლატეანმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა დაადასტურეს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს 17 და 18 სექტემბერს შეხვდებიან.

მონიტორინგის კომიტეტმა უნდა მოამზადოს მორიგი ანგარიში საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის და ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG