Accessibility links

ახალი ამბები

სერგი კაპანაძე "ქართულ ოცნებას" - თქვენ ხართ პრორუსული, პროპუტინური ძალა

პარლამენტის წევრი სერგი კაპანაძე

„თქვენ ბოლო წლების განმავლობაში დანერგეთ ნარატივი, რომ საქართველომ დაიწყო ომი და ამიტომ ხართ პრორუსული ძალა“, - ასე მიმართა პარლამეტის ვიცე-სპიკერმა, „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.

17 სექტემბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაგრძელდა დავა „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტზე „საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე”, რომელსაც „ქართული ოცნება“ მხარს არ უჭერს.

„ქართულმა ოცნებამ ჩააგდო სრულიად უწყინარი, სამპუნქტიანი დადგენილების პროექტი, რომელიც ერთადერთ რამეს ისახავდა მიზნად, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის გვეთქვა, მოგვეწოდებინა, რომ რუსეთთან მიმართებაში თავიანთ ურთიერთობებში გაეთვალისწინებინათ ჩვენი თემატიკა. ამაზე თქვით უარი და ეს არის ერთ-ერთი მანიშნებელი იმისა, რატომ ხართ პრორუსული ძალა. ოღონდ მარტო ეს არ არის“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატის შეფასებით, „ქართული ოცნება“ პრორუსული ძალაა იმიტომაც, რომ ხელისუფლებაში მისი ყოფნისას, საქართველოში, როგორც არასდროს, გაძლიერდნენ პროპუტინური ძალები. კაპანაძის თქმით, სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ გააძლიერა „პატრიოტთა ალიანსი“ და პარლამენტში მოახვედრა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა „ქართული ოცნება“ დაადანაშაულა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ისეთი გამოცემების დაფინანსებაშიც, რომლებიც „პირდაპირ არიან რუსულ მესიჯბოქსზე“.

„თქვენ ხართ კიდევ იმიტომ პრორუსული ძალა, რომ ამ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გაჩნდა ნარატივი თქვენს მიერ, რომ ომი დაიწყო საქართველომ და ისეთი პრეზიდენტი დაგვისვით პრეზიდენტად, რომელიც ამ გზავნილს იმეორებდა“, - თქვა სერგი კაპანაძემ. მან „ქართული ოცნების“ პრორუსულობის გამოვლინება უწოდა იმასაც, რომ ქვეყნის პარტნიორები რუსეთს საქართველოზე აღარ ესაუბრებიან და დასავლელ პარტნიორებს შეუქმნეს იმის ილუზია, რომ რუსეთთან ურთიერთობა მოგვარდება დიალოგის გზით.

სერგი კაპანაძის განცხადებითვე, „ქართული ოცნება“ პრორუსული ძალაა იმიტომ, რომ მას მართავს „რუსი ოლიგარქი, თავისი რუსული ოლიგარქიული მეთოდებით, რომლის ამოცანაა, რომ არ იყოს ოპოზიცია, შეიზღუდოს თავისუფალი სიტყვა და უმცირესობების უფლებები არ იყოს დაცული“.

„არანაირი პროევროპული ძალა თქვენ არ ხართ. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი - თქვენ ხართ პრორუსული, პროპუტინური ძალა, სამწუხაროდ“, - მიმართა „ქართულ ოცნებას“ სერგი კაპანაძემ. მის განცხადებას წინ უძღოდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის გამოსვლა. „ქართული ოცნების“ დეპუტატმა „ევროპულ საქართველოს“ უწოდა ე.წ. პროდასავლური და „ღრმა ბოლშევიკურ პოლიტიკურ აზროვნებაში ჩარჩენილი“ ძალა.

ყველა ახალი ამბავი

ალექსეი ნავალნიმ ორი ძვირადღირებული ბინა აღმოუჩინა რუსეთის პრემიერ-მინისტრის შვილებს

მიხაილ მიშუსტინი

რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, მიხაილ მიშუსტინის ორი შვილი საკმაოდ ძვირადღირებულ ბინებს ფლობენ მოსკოვის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ე.წ. ელიტურ სახლში, - ამის შესახებ ნათქვამია ალექსეი ნავალნის მიერ დაფუძნებულ კორუფციასთან ბრძოლის ფონდის მიერ ჩატარებულ გამოძიებაში.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთის პრემიერ-მინისტრის ორ შვილს ეკუთვნით მთელი სართული ფრუნზეს სახელობის სანაპიროზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც კვადრატული მეტრი ფართის ღირებულება ერთ მილიონ რუბლს (დაახლოებით 16 ათასი დოლარი) შეადგენს.

ნავალნის ფონდი ირწმუნება, რომ მანამდე ეს ბინები ეკუთვნოდა ბიზნესმენ ალექსანდრ უდოდოვს, რომელსაც გაზეთ „კომერსანტის“ 2011 წლის სტატიის მიხედვით, გამოძიება მიიჩნევდა ეჭვმიტანილად რუსეთის საგადასახადო სამსახურიდან დაახლოებით 2 მილიარდი რუბლის მითვისების მცდელობაში. იმხანად ამ ფედერალურ სამსახურს სწორედ მიხაილ მიშუსტინი ხელმძღვანელობდა.

უდოდოვის შემდეგ ბინები შეიძინა რესტავრატორმა არდაკი ნოვიკოვმა, რომელიც, სხვა დამოუკიდებელი გამოძიების მიხედვით, მიშუსტინის ოჯახთან დაახლოებული პირია. რესტავრატორმა რუსეთის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის შვილებს ბინები მაშინვე მიყიდა, როგორც კი ისინი სრულწლოვნები გახდნენ. შესაბამისად, მათი ქონების ასახვა მოხელის დეკლარაციაში უკვე აღარ იყო საჭირო.

მანამდე „ბიბისის“ რუსულმა სამსახურმა მიხაილ მიშუსტინის დას აღმოუჩინა მილიარდი რუბლის ღირებულების უძრავი ქონება. ნავალნის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის დაანგარიშებით, რუსეთის პრემიერ-მინისტრის ოჯახის კუთვნილებაში 3 მილიარდი რუსული რუბლის (დაახლოებით 39 მილიონი დოლარის) უძრავი ქონება უნდა იყოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა ალტერნატიული პროფკავშირები შექმნეს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებმა ალტერნატიული პროფკავშირები შექმნეს. გაერთიანება 65-მა ჟურნალისტმა დააფუძნა. ისინი ამბობენ, რომ გაერთიანების მიზანია, სიტყვის თავისუფლებასა და სარედაქციო დამოუკიდებლობასთან ერთად, ყურადღება სამართლიან შრომით პირობებსა და შრომით უსაფრთხოებაზეც გაამახვილონ:

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები დიდი ხანია ვაკვირდებით მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებს. ამ დროის განმავლობაში მაუწყებელმა გამოიცვალა დირექტორები, რომელთაც ჰქონდათ საკუთარი პრიორიტეტები და ხედვები.

ხშირად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თანამშრომელთა ჩართულობა მხოლოდ საჩვენებელ ხასიათს ატარებდა და ფორმალური კონსულტაციით შემოიფარგლებოდა. მიგვაჩნია, რომ ვინც არ უნდა იყოს მაუწყებლის ხელმძღვანელობაში, მნიშვნელოვანია ესმოდეს, რომ რეალურად ორგანიზაციის მართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა იხელმძღვანელოს, ერთი მხრივ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების პრინციპით და, მეორე მხრივ - თანამშრომელთა კეთილდღეობისთვის საჭირო დღის წესრიგით“, - აღნიშნულია ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა მოთხოვნები ხშირად რჩებოდა ყურადღების მიღმა:

„ვერთიანდებით არა ვინმეს წინააღმდეგ, არამედ საკუთარი უფლებების დასაცავად. ეს უფლება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის აქ მომუშავე ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობა და თავისუფალი სიტყვა, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში, თვითგადარჩენის რეჟიმში მუშაობის გამო, ხშირად ყურადღებას არ ვუთმობდით სხვა საკითხებს, რადგან ფოკუსირებული ვიყავით იმ მთავარ ღირებულების ირგვლივ, რასაც მაუწყებელი ემსახურება. გაერთიანების მიზანი სწორედ ისაა, რომ სიტყვის თავისუფლებასთან და სარედაქციო დამოუკიდებლობასთან ერთად შევძლოთ ვისაუბროთ სამართლიან შრომით პირობებსა და შრომის უსაფრთხოებაზე,კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროებაზე და ა.შ.“, - აღნიშნულია ალტერნატიული პროფკავშირების დამფუძნებელთა განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანახმად, პროფკავშირები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში აქამდეც არსებობდა, ალტერნატიული გაერთიანება კი თანამშრომელთა ნაწილმა მედიაში დასაქმებულთა შრომითი პირობების უფრო ეფექტიანად დაცვის მიზნით დააფუძნა.

„იმ პირობებში, როცა სახეზეა შესაძლო რეორგანიზაცია, როცა შესაძლოა ამ პროცესებმა რეალურად დააზარალოს კონკრეტული ადამიანების შრომითი უფლებები გადავწყვიტეთ, რომ ერთად დგომა იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ალტერნატიული პროფკავშირების თავმჯდომარემ მალხაზ რეხვიაშვილმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის რადიოსა და ტელევიზიის ახლად არჩეული დირექტორი სტრუქტურულ რეორგანიზაციას გეგმავს, რაშიც თანამშრომელთა ნაწილი საფრთხეს ხედავს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ გიორგი კოხრეიძე დირექტორად 22 ნოემბერს აირჩია.

4 დეკემბერს, ჟურნალისტების ნაწილმა კოხრეიძე სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობაში დაადანაშაულა და მოითხოვა, რომ მან შეწყვიტოს შანტაჟი, თანამშრომლებზე თავდასხმა და დისკრედიტაცია. გიორგი კოხრეიძემ ბრალდებები უარყო.

ზურაბიშვილი: მოვუწოდებთ პარტნიორებს, რუსეთთან ურთიერთობებში კვლავ ჩართონ საქართველოს საკითხი

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის საკითხი პარტნიორების მეტ ყურადღებასა და აქტიურობს საჭიროებს; რუსეთთან ურთიერთობების პროცესში პარტნიორებმა კვლავ უნდა ჩართონ საქართველოს საკითხი - ამ შინაარსის განცხადებები გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის სხდომაზე გამოსვლისას.

გაეროს გენერალური ასამბლეის, გაეროს უშიშროების საბჭოს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულია მრავალი რეზოლუცია, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს ეხება. ეს მხარდაჭერის მნიშვნელოვანი მაგალითია. მაგრამ ჩვენ მეტი გვჭირდება! ჩემი არჩევის დღიდან მე აქტიურად ვმუშაობ იმისათვის, რათა საქართველოს ოკუპაციის საკითხი ჩვენი პარტნიორების პოლიტიკურ დღის წესრიგში მაღალ საფეხურზე ავიყვანო.

მოვუწოდებთ ჩვენს ყველა პარტნიორს, რუსეთთან თავიანთ ორმხრივ თუ მრავალმხრივ ურთიერთობებში კვლავ ჩართონ საქართველოს საკითხი, რათა შესრულდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, განსაკუთრებით - დეესკალაცია საოკუპაციო ხაზზე, ევროკავშირის დამკვირვებლების დაშვება ოკუპირებულ ტერიტორიებზე; რათა გადაიდგას ნაბიჯები ქვეყნის გაერთიანების, უფრო სწორად - ადამიანების გაერთიანებისკენ.

საოკუპაციო ხაზი ჩვენი საზოგადოების ტრაგედიაა. რუსეთი, მცოცავი ოკუპაციით, უკვე თბილისიდან 30 კილომეტრშია. ოკუპირებული რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია მიმდინარეობს. ამის მიუხედავად, ჩვენი მთავარი მიზანი და მისწრაფება რიგით მოქალაქეების კეთილდღეობა და უსაფრთხოებაა. ისინი უკეთეს ცხოვრებას იმსახურებენ“.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით წარსდგა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურის რანგში.

ევროსაბჭოში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი 28 იანვარს დაიწყო. ის უკვე შეხვდა უმაღლესი თანამდებობის პირებს, მათ შორის - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ჰენდრიკ დემს და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს.

ბრიტანელ მოგზაურს ველოსიპედი დაუბრუნეს

პოლიციამ ბრიტანელი მოგზაურის, როუან კემპბელის მოპარული ველოსიპედი იპოვა და პატრონს დაუბრუნა, ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, ბრიტანელი მოგზაურის ველოსიპედს თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე მიაკვლიეს და მფლობელს დაუბრუნეს.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ველოსიპედი ბრიტანელ მოგზაურს რუსთაველის გამზირზე, სამი დღის წინ მოჰპარეს. მისი თქმით, ნივთები, რომლებიც ველოსიპედთან ერთად დაკარგა, მან 25 იანვარს რუსთაველის გამზირზე, ნაგვის ურნაში ნახა და პოლიციას შეატყობინა.

როუან კემპბელი ერთწლიანი მოგზაურობის შემდეგ სინგაპურიდან ბრიტანეთში ბრუნდებოდა. ამ დროის განმავლობაში მან 11 ქვეყანა გამოიარა. თბილისში დარჩენა კი სამი კვირით აქვს დაგეგმილი.

"მწვანე სკოლამ" ჯარიმა 500 ლარი გადაიხადა

„მწვანე სკოლა“ არ აპირებს გაასაჩივროს სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება, რომელიც 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმის გამოძიებას მოჰყვა. სახელმწიფო ინსპექტორმა პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლისას აღმოჩენილი დარღვევების გამო სკოლა 500 ლარით დააჯარიმა. როგორც „მწვანე სკოლის“ დირექტორმა, კახა დავითურმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სკოლამ ჯარიმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების გამოტანისთანავე, იანვრის შუა რიცხვებში გადაიხადა.

„საქმე ეხება იმ ეპიზოდს, როდესაც ჩვენ პოლიცია გამოვიძახეთ 10 დეკემბერს და შემდეგ საგამოძიებო ქმედებების აუცილებლობიდან გამომდინარე, პოლიციამ მოითხოვა კამერების ჩანაწერები და ჩვენ კამერების ჩანაწერი გადავეცით.

ჩვენ არ ვიცოდით ამ შეზღუდვის შესახებ და ჩავთვალეთ, რომ ეს იყო ოპერატიული საჭიროება. როგორც აღმოჩნდა, არც ისინი იყვნენ მართლები, როდესაც გვთხოვდნენ და არც ჩვენ, როდესაც გადავეცით. კანონის მიხედვით, მათ უნდა ჰქონოდათ შესაბამისი სანქცია, უნდა წარმოედგინათ ეს სანქცია და ჩვენ მაშინ უნდა გადაგვეცა“, - თქვა კახა დავითურმა.

სახელმწიფო ინსპექტორის პრესსამსახურში კი განმარტავენ, რომ სკოლის შემოწმების მიზანი იყო იმის დადგენა, რამდენად იყო დაცული არასრულწლოვანთა ვიდეოთვალთვალის წესები და რამდენად კანონიერად ხორციელდებოდა ვიდეოსამეთვალყურეო კონტროლი.

28 იანვარს სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ „მწვანე სკოლის“ მხრიდან დარღვეული იყო მოსწავლეთა პერსონალური მონაცემები. გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.

17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც ბრალად ედება ჩვენების მიცემის იძულება. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

სალომე ზურაბიშვილი: მედიასივრცეში ამინდს ოპოზიციური არხები ქმნიან

საქართველოში მედია სრულად თავისუფალია, სივრცე ოპოზიციურ არხებს ეთმობათ, მესაკუთრის შეცვლის შემდეგ არ შეცვლილა „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა, ამ ტელეკომპანიის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა საქართველოს სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის სხდომაზე გამოსვლისას.

პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლებას არავითარი ზეგავლენა არ ჰქონდა ამ პროცესზე და სასამართლო განხილვების დროს, ტელეკომპანიას არც მილიონობით ლარის დავალიანება მოსთხოვეს.

„ოპოზიციური არხის - „რუსთავი-2“-ის საკუთრების დავა, რომელიც სასამართლოში იხილებოდა, წარმოდგენილ იქნა, როგორც ხელისუფლების მხრიდან არხის გაკონტროლების ან დახურვის მცდელობა. ამ დროს კი პირიქით მოხდა - განხილვის პერიოდში საგადასახადო უწყებამ თავი შეიკავა დაგროვილი დავალიანების (23 მილიონი ლარის) ამოღებისგან.

საქმე განიხილა როგორც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ისე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ. 2019 წლის ივლისის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ „რუსთავი-2“-ის მიმართ არც ერთი უფლება არ იყო დარღვეული, მათ შორის - არც სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც ქართული მართლმსაჯულების მიუკერძოებლობის ერთ-ერთი დადასტურება იყო...

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, არხი ლეგიტიმურ მესაკუთრეს დაუბრუნდა. დრამატული პროგნოზებისგან განსხვავებით, არხის მესაკუთრის ცვლილებით არ შეცვლილა სარედაქციო პოლიტიკა. „რუსთავი-2“ კვლავ ძლიერი ოპოზიციური არხია. ამასობაში, მედიასივრცეს კიდევ რამდენიმე ახალი ოპოზიციური არხი დაემატა. დღევანდელი ქართული მედიაგარემო ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და თავისუფალია. ცალსახაა, რომ დღეს მედიასივრცეში ამინდს ოპოზიციური არხები ქმნიან“.

პრეზიდენტის თქმით, „დღეს მედიაორგანიზაციები და სოციალური მედია საქართველოში სრული თავისუფლებით სარგებლობს“, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ მედიაში დეზინფორმაცია მასშტაბურად არის წარმოდგენილი.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და სრულად დაცულია; მაგრამ რეალობა კანონმდებლობის ჩარჩოებს სცდება. თავისუფლებას არ აქვს საზღვარი, რაც ხშირად საზოგადოებას სიძულვილის ენით ამძიმებს. კონტროლის მექანიზმისა და თვითრეგულირების არქონა კი, როგორც სხვაგან, საქართველოშიც ართულებს სოციალურ გარემოს. როგორც თავისუფალ, განვითარებულ ქვეყნებში ხდება, სოციალურ მედიაში გამოხატვის თავისუფლებას ყოველთვის არ ახლავს პასუხისმგებლობის შეგრძნება. ეს ხშირად ანონიმურია და ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში დაძაბულობის გაძლიერებას უწყობს ხელს“.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე სიტყვით წარდგა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურის რანგში.

ევროსაბჭოში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი 28 იანვარს დაიწყო. ის უკვე შეხვდა უმაღლესი თანამდებობის პირებს, მათ შორის - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ჰენდრიკ დემს და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს.

ევროკავშირის სანქციები კიდევ რამდენიმე რუს მოხელეზე გავრცელდება

ევროკავშირმა კიდევ 7 რუსი მოხელის სახელი დაამატა იმ სიას, რომელში შეტანილ ინდივიდუალურ პირებსა და სუბიექტებზე ვრცელდება სხვადასხვა სახის სანქცია კრემლის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელყოფის გამო.

სანქცირებულთა სიაში, რომელიც 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის შემდეგ წლიდან წლამდე იზრდება, ამჟამად არის 177 პირი და 44 ორგანიზაცია.

რადიო თავისუფლების ბრიუსელელი კორესპონდენტის ცნობით, ევროკავშირის მინისტრთა საბჭომ სანქცირებულ პირთა სიას 28 იანვარს დაამატა რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის ადგილობრივი საარჩევნო კომისიის სამი წევრი - სერგეი დანილენკო, ლიდია ბასოვა და ეკატერინა პირკოვა, ასევე ყირიმის დე ფაქტო მთავრობის მეთაური იური გოცანიუკი. ამათ გარდა კიდევ სამი პირი ბრალდებულია სექტემბერში ანექსირებულ ყირიმში ჩატარებული უკანონო ადგილობრივი არჩევნების ორგანიზებაში.

ევროკავშირის ნორმებით, მათი ანგარიშები დაექვემდებარება გაყინვას და მათ აეკრძალებათ მოგზაურობა ევროკავშირის სივრცეში.

პაატა იმნაძის თქმით, ჩინეთიდან ჩამოსულ ქალს ახალი ტიპის კორონავირუსი არ დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის პაატა იმნაძის ინფორმაციით, 22 წლის ქალს, რომელიც ჩინეთიდან საქართველოში 16 იანვარს ჩამოვიდა, ახალი ტიპის კორონავირუსი არ აქვს. იმნაძის განცხადებას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც იმნაძე განმარტავს, ქალს ვირუსული ინფექციის ნიშნები გამოუვლინდა, რაც არცერთი საერთაშორისო სტანდარტით, კორონავირუსის შესაძლო ან საეჭვო შემთხვევად არ მიიჩნევა.

პაატა იმნაძე ამბობს, რომ გოგონა, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, სამშობლოში ჩინეთის ერთ-ერთი პროვინციიდან იმ დროს დაბრუნდა, როდესაც უჰანის გარდა, ჩინეთის არცერთ სხვა ქალაქსა და პროვინციაში ახალი კორონავირუსი დაფიქსირებული არ იყო.

იმნაძის თქმით, ქალს ვირუსული ინფექცია ოჯახის წევრებისგან გადაედო. ამასთან, კონკრეტულად რა ტიპის ვირუსი აქვს მას, ამ ეტაპზე უცნობია და მიმდინარეობს დაკვირვება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ქალი სახლში მკურნალობს და მისი მდგომარეობა მძიმე არ არის.

ზურაბიშვილი: საზოგადოებისთვის უხერხულია, როცა LGBT თემი თავის უფლებებს საჯაროდ იცავს

საქართველოში საზოგადოებას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს LGBT თემის საჯარო გამოსვლების (პრაიდის) მიმართ და ისევ უხერხულ საკითხად რჩება მათ მიერ უფლებების ღიად დაცვა, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის სხდომაზე გამოსვლისას.

პრეზიდენტის თქმით, LGBT თემის მიმართ საზოგადოების უარყოფითი განწყობა გარკვეულწილად რელიგიურ ტრადიციებს ეფუძნება, მაგრამ ხელისუფლება აკეთებს მაქსიმუმს და სამართალდამცველები წარმატებით უმკლავდებიან საზოგადოებიდან მომდინარე ფიზიკურ ძალადობასაც.

„ჩვენი საზოგადოებისთვის უხერხულ საკითხად რჩება სექსუალური უმცირესობების მიერ მათი უფლებების საჯაროდ დაცვა. ლგბტ საზოგადოების მიერ საჯარო გამოსვლების (მაგალითად - პრაიდის) მიმართ საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება ეფუძნება როგორც რელიგიურ ტრადიციებს, ისე საბჭოთა პურიტანიზმის კვალს. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ დაცულ იქნას ეს უფლებები და გამოხატვის თავისუფლება, თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტი სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს შორის. სამართალდამცველები სულ უფრო უკეთესად უმკლავდებიან ამ სიტუაციების მართვას. ისინი ეფექტიანად ფიზიკურადაც იცავენ უმცირესობებს. ცხადია, ჩვენი მიზანია, რომ აღარ გვქონდეს უმცირესობების ფიზიკურად დაცვის საჭიროება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე პრეზიდენტი ზურაბიშვილი სიტყვით წარდგა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურის რანგში.

ევროსაბჭოში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი 28 იანვარს დაიწყო. ის უკვე შეხვდა უმაღლესი თანამდებობის პირებს, მათ შორის - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ჰენდრიკ დემს და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს.

ტაჯიკეთში დაპატიმრებულია ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან კავშირში ეჭვმიტანილი 113 კაცი

იუსუფ რაჰმონი, ტაჯიკეთის გენერალური პროკურორი

ტაჯიკეთის პოლიციამ დააპატიმრა 113 კაცი, ეჭვმიტანილი ექსტრემისტულ ორგანიზაცია „მუსლიმანთა საძმოსთან“ კავშირში. ქვეყნის გენერალური პროკურატურის, იუსუფ რაჰმონის, ცნობით, ეჭვმიტანილთა შორის არის 20 მასწავლებელი და სხვადასხვა უნივერსიტეტის თანამშრომელი, ასევე ერთი სახელმწიფო მოხელე და ორი უცხოეთის მოქალაქე.

„ჯგუფი, რომელიც ბევრ ქვეყანაში აკრძალულია, როგორც ტერორისტული და ექსტრემისტული, მიზნად ისახავდა ხელისუფლების ძალადობრივ დამხობას და ისლამური სახელმწფოს შექმნას“, - განაცხადა რაჰმონმა.

რადიო თავისუფლების ტაჯიკურ სამსახურს სამართალდამცველი ორგანოების ანონიმმა წარმომადგენელმა უთხრა, რომ „მუსლიმანთა საძმოსთან“ დაკავშირებული პირების დაპატიმრება რამდენიმე კვირის განმავლობაში ხდებოდა.

სამართალდამცველების რეიდი იანვრის დასაწყისში ერთდროულად ჩატარდა როგორც დედაქალაქ დუშანბეში, ისე ტაჯიკეთის მაღალმთიან რეგიონებში ხატლონსა და სუგდში.

სუნიტური დაჯგუფება „მუსლიმანთა საძმო“ 1928 წელს ეგვიპტეში დაარსა ისლამის მკვლევარმა ჰასან ალ-ბანამ. ორგანიზაციას მრავალი მიმდევარი ჰყავს სხვადასხვა ისლამისტურ დაჯგუფებასა და პარტიაში, მიუხედავად მათი ოფიციალური დასახელებისა.

ტაჯიკეთში „მუსლიმანთა საძმოს“, როგორც ექსტრემისტული ორგანიზაციის, საქმიანობა ოფიციალურად 2006 წლიდან აიკრძალა.

"გირჩმა" აშშ-ის საელჩოსთან აქცია გამართა

პარტია "გირჩის" წევრებმა თბილისში აშშ-ის საელჩოსთან მისასალმებელი აქცია გამართეს და გამოეხმაურნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო ელჩის ჩამოსვლას.

"ხვალ საქართველოში ჩამოდის ადამიანი, რომელსაც ამ წუთას ყველაზე დიდი ნდობა აქვს საქართველოში, ანუ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები იმედით ვუყურებთ ელჩის ჩამოსვლას, რომელიც რაღაც თვალსაზრისით დაგვეხმარება სიტუაციის დასტაბილურებაში", - ამბობს გირჩის თავმჯდომარე იაგო ხვიჩია

ის სთხოვს ელჩს, შეინარჩუნოს ის ინტერესი, რომელიც ამერიკას ჰქონდა საქართველოს მიმართ და გააგრძელოს ტრადიცია, რითაც აშშ იცავს თავისუფლებას არა მხოლოდ თავის ტერიტორიაზე, არამედ სამყაროს ნებისმიერ წერტილში.

"საქართველოსთვის ამერიკა არის ის მეგობარი, რომლის აქ ყოფნაც არის იმის გარანტია, რომ ვიღაცები თამაშის წესებს თავის თავზე ვერ მოირგებენ ისე, როგორც ამის სურვილი შეიძლება ჰქონდეთ", - ამბობს გირჩის წევრი ჰერმან საბო.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ახალმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა, ფიცი 17 იანვარს დადო. კელი დეგნანი ოფიციალურიად აშშ-ის ელჩის მოვალეობების შესრულებას მას შემდეგ შეუდგება, რაც საქართველოში რწმუნებათა სიგელს გადასაცემს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს.

სალომე ზურაბიშვილი: გასაკვირია, რამდენს მიაღწია საქართველომ

ომების, ოკუპაციისა და რეგიონში შექმნილი დაძაბულობის გამო არ არის გასაკვირი, რომ საქართველომ ჯერ ვერ მიაღწია ყველა მიზანს რეფორმების პროცესში; გასაკვირია მიღწევები ამ ვითარებაში, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 28 იანვარს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის სხდომაზე გამოსვლისას.

„დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე თავისი წილი დაძაბულობა, კონფლიქტი, ომი გადაიტანა; დაიძაბა მდგომარეობა ჩვენს რეგიონში; გლობალურმა გამოწვევებმა ჩვენამდეც მოაღწიეს. ამ კონტექსტში ის კი არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველომ ჯერ ვერ მიაღწია ყველა მიზანს, რეფორმების პროცესშია და პროგრესი უნდა გვაჩვენოს, უნდა გაგვიკვირდეს ის, თუ რამდენს მიაღწია მან ამ პირობებში.

გასაოცარია ამ პატარა ქვეყნის მდგრადობა; გასაოცარია დემოკრატიის ის დონე, რაც 70-წლიანი საბჭოთა მმართველობის შემდეგ იქნა მიღწეული; გასაოცარია მისი შესაძლებლობა - ოკუპაციის მიუხედავად, შეინარჩუნოს სტაბილურობა და მშვიდობა; გასაოცარია მისი სწრაფვა დემოკრატიისკენ და ევროპული ღირებულებების დაცვა. საქართველოში ვერ დამკვიდრდა ექსტრემიზმი. გარე მტრებმა იზოლაციაში ვერ მოგვაქციეს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე პრეზიდენტი ზურაბიშვილი სიტყვით წარდგა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურის რანგში.

ევროსაბჭოში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტი 28 იანვარს დაიწყო. ის უკვე შეხვდა უმაღლესი თანამდებობის პირებს, მათ შორის - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ჰენდრიკ დემს და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს.

არასამთავრობო ორგანიზაციები: ადმინისტრაციულ დაკავებას ხელისუფლება იარაღად იყენებს

აქტივისტი შუშანა მაცაბერიძე გასული წლის დეკემბერში დააკავეს, როცა ის თბილისის საკრებულოში პროტესტს გამოხატავდა დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის მიმართ. კუხიანიძემ რამდენიმე დღით ადრე საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს „პროვოკატორები“ და „იდიოტები“ უწოდა.

მაცაბერიძე ჰყვება, რომ სამართალდამცველების მიერ მისი საკრებულოდან გაყვანის პროცესში კარში მოაყოლეს ხელი და პოლიციელებთან შეხლა-შემოხლის დროს კიბეზე დაგორდა.

„დაკავების ოქმში წერია, რომ თურმე უშვერი სიტყვებით ვიგინებოდი და ვილანძღებოდი. ეს ოქმი ვინც შეადგინა, ეს ადამიანი იმ ოთახში არ იყო. მსგავსი არაფერი მომხდარა, არც კადრებში ჩანს, რომ ვიგინები და ვილანძღები. ერთადერთი სიტყვა, რასაც ვამბობდი, ეს იყო ‘მონა’”, - ჰყვება შუშანა მაცაბერიძე და განაგრძობს: “მოსამართლემ პროცესზევე განუმარტა ბრალდებას, რომ მონა არ არის შეურაცხმყოფელი სიტყვა, თუმცა ბოლოს მაინც დამაჯარიმა 1500 ლარით“.

შუშანა მაცაბერიძე მხოლოდ ერთ-ერთია იმ ასეულობით აქტივისტიდან, რომლებიც 2019 წლის აქციების დროს ადმინისტრაციულად დააკავეს, წვრილმანი ხულიგნობისა თუ პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით.

მაცაბერიძემ საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა დისკუსიაზე „ადმინისტრაციული დაკავება - ხელისუფლების იარაღი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ“. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსა“ და „კონსტიტუციური კვლევების ცენტრის“ ორგანიზებით 28 იანვარს გამართულ ღონისძიებას სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური და საექსპერტო წრეების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ.

დისკუსია შეეხო ბოლო პერიოდში გამართული საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავებისას გამოვლენილ ხარვეზებს, სასამართლოში საქმეების განხილვის პრაქტიკას.

იურისტი ნონა ქურდოვანიძე რადიო თავისუფლებასთან განმარტავს, რომ პრობლემა იწყება 1984 წელს მიღებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსიდან, რომელიც მოსამართლეს და შსს-ს წარმომადგენელს უფლებას აძლევს, რომ მხოლოდ პოლიციელთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე ადამიანი ადმინისტრაციულად დააპატიმრონ ან დააჯარიმონ 3000-4000 ლარით.

დისკუსიის მონაწილეების თქმით, პრობლემა წლებია, იდენტიფიცირებულია, თუმცა რეფორმა არც ერთმა ხელისუფლებამ ბოლომდე არ მიიყვანა.

ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, 2019 წლის ზაფხულის შემდეგ აქციებზე დაკავებულთაგან 120 ადამიანზე მეტს შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა და 70-ზე მეტი დაჯარიმდა.

„ეს ძალიან დიდი რიცხვია“, - ამბობს ქურდოვანიძე და განაგრძობს: „5 ადამიანის საქმე განიხილებოდა ერთად. აქედან ყველა ამბობდა, რომ არ მომხდარა ის ფაქტი, რასაც პოლიცია ამტკიცებდა. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ ყველა დააჯარიმა ერთის გარდა. ერთნაირად უარყო ყველამ ბრალდება, ერთნაირი მტკიცებულებები იყო საქმეში, მაგრამ მოსამართლემ თქვა, რომ ერთის ჩვენება უფრო სარწმუნოდ ჩათვალა“.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმე, რომლის განხილვას უახლოეს მომავალში საკონსტიტუციო სასამართლო დაიწყებს, არის ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.

„თუ ეს სარჩელი დაკმაყოფილდება, რისი იმედიც გვაქვს, ეს ნიშნავს, რომ კანონმდებლობა ასეთი ფორმით ვერ შენარჩუნდება და შეიცვლება საერთოდ ის სტანდარტი, რომლითაც საქმეები განიხილება. გასაჩივრებულია ის მუხლი, რომელიც მოსამართლეს არ ავალდებულებს, დაასაბუთოს, რატომ, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებას“, - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

თალიბებმა სისხლიანი თავდასხმა განახორციელეს ავღანეთის პოლიციის ერთ-ერთ საგუშაგოზე

სულ მცირე შვიდი ავღანელი პოლიციელი დაიღუპა თალიბების მიერ 28 იანვარს განხორციელებული თავდასხმის შედეგად ბაღლანის პროვინციაში მდებარე პოლიციის საგუშაგოზე.

რადიო თავისუფლების ავღანური სამსახურის ცნობით, თავდასხმის შედეგად, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, დაიჭრა პოლიციის რამდენიმე თანამშრომელი.

სხვა ცნობების მიხედვით, ექსტრემისტების თავდასხმის დროს დაღუპულია 16 პოლიციელი.

თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზაბიულა მუჯაჰიდმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ ექსტრემისტებმა აიყვანეს ერთი მძევალი.

თალიბებმა ბაღლანის პროვინციის დედაქალაქ პულ ე-ხუმრიზე სექტემბერში მიიტანეს მასშტაბური იერიში და მთელი კვირის განმავლობაში დაამყარეს კონტროლი სტრატეგიული ადგილმდებარეობის ქალაქზე.

თალიბები აკონტროლებენ ან ინარჩუნებენ პოზიციებს ავღანეთის ტერიტორიის ნახევარზე. აშშ-ისა და თალიბანის წარმომადგენლები აწარმოებენ მოლაპარაკებებს ავღანეთში მიმდინარე 18-წლიანი ომის დასრულების მიზნით.

ხორავას ქუჩის საქმეზე მსჯავრდებულები უზენაესმა სასამართლომაც დამნაშავედ ცნო

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას და გუგა ბარბაქაძის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

მოსამართლეთა კოლეგიამ გუგა ბარბაქაძისთვის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უცვლელად დატოვა, ხოლო გიორგი ჯანაშიას შემთხვევაში, პროკურატურასთან მიღწეული საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა.

გიორგი ჯანაშიას 11 წლით და 3 თვით პატიმრობის ნაცვლად, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 4 წელს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, დანარჩენი 4 წელი კი პირობითად ჩაეთვლება. გიორგი ჯანაშიას 2 წელი უკვე მოხდილი აქვს, შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებას 2021 წელს დატოვებს.

პროკურორის განმარტებით, საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და ბრალდების მხარეს მიაწოდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

რაც შეეხება ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს, უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება - 11 წლით და 3 თვით პატიმრობა უცვლელად დატოვა.

ბარბაქაძის ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე, მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით გასამართლებას ითხოვდა.

2019 წლის 3 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი ჯანაშიამ დავით სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა ჯგუფურად, სხვა პირთან ერთად. გიორგი ჯანაშიას11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიესაჯა. პირველი ინსტანციის - თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, გიორგი ჯანაშია დამნაშავედ იყო ცნობილი დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გუგა ბარბაქაძეს სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი, 10 წლით და 6 თვით პატიმრობა დაუმძიმა და 11 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს, სამართალდამცავებმა დავით სარალიძის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს მიხეილ კალანდია, რომელსაც მანამდე მოწმის სტატუსი ჰქონდა.

დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის დეკემბერში მოკლეს არასრულწლოვნებს შორის მომხდარი ჩხუბისას.

მიქელაძე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე: ისე დახურეს, ბრალდებულის სტატუსიც კი არ მიანიჭეს

თამთა მიქელაძე

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის უფლებების დამცავი ორგანიზაციის, EMC-ის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე ეხმაურება პროკურატურის მიერ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილებას. იურისტი ხაზს უსვამს იმას, რომ მიმდინარე გამოძიება, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გამო, პროკურატურამ შეწყვიტა ასევე მის წინააღმდეგ ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზეც.

"ფეისბუკის" პოსტში თამთა მიქელაძე წერს, რომ ორივე საქმეზე გადაწყვეტილება გენერალური პროკურორის არარსებობის პირობებში მიიღეს ისე, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ბრალდებულის სტატუსიც კი არ მისცეს, თავიც კი არ დააცვევინეს და ოჯახის წევრებს საბოლოოდ მტკიცებულებებიც კი არ აჩვენეს.

„ორივე საქმეზე თანადროულად და სრულიად მოულოდნელად მიიღო უფროსის გარეშე დარჩენილმა პროკურატურამ გადაწყვეტილება. ეს მაშინ, როცა ჩვენ გამოძიების წინაშე ახალი განცხადებების და ინიციატივების დაყენების რეჟიმში ვიყავით და ახალ საგამოძიებო მოქმედებებს ვთხოვდით პროკურატურას.

ეს შედეგი მოსალოდნელი იყო ამ ხელისუფლების მხრიდან, ცხადია!
თუმცა, ევროსასამართლოში საქმის განხილვის პირობებში გამოძიების გაჭიანურების სტრატეგია უფრო "ლოგიკური" მიგვაჩნდა და საინტერესოა ამ რისკზე წასვლის პოლიტიკური რაციონალობა რა არის. სავარაუდოდ, ხელის გადაწევის და ძალის დემონსტრირების პოლიტიკური სტრატეგია, რომელსაც ბოლო თვეებია ხელისუფლება იყენებს“
, - წერს თამთა მიქელაძე.

„მოვა დრო და ძალიან ძვირი დაგიჯდებათ ეს სიბრმავე, უპასუხისმგებლობა და უსამართლობა ამ და სხვა საქმეებზე“, - მიმართავს იგი სამართალდამცავ უწყებებს.

გენერალურმა პროკურატურამ თემირლან მაჩლიკაშვილის მიმართ, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 25 იანვარს შეწყვიტა. მიზეზად კი დასახელდა საქმეში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ არც სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრეს. ის მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ამ დრომდე მოითხოვენ, სახელმწიფომ ჩადენილი დანაშაული აღიაროს, რისთვისაც აქციებს მართავენ პარლამენტის შენობის წინ. ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებდნენ ხელმოწერებს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით.

სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვის გადაწყვეტილება მიიღო.

მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოძიების შეწყვეტაზე: სხვა რა მოლოდინი უნდა მქონოდა?!

„ეს უნდა ეთქვათ, სხვა რას იტყოდნენ?!“, - უთხრა რადიო თავისუფლებას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

„პროკურატურა, რომელიც ორი წლის განმავლობაში საზოგადოებას ატყუებდა, სხვას რას იტყოდა? სხვა რა მოლოდინი უნდა მქონოდა? ან პროკურატურა ან სასამართლო სად არის?! ისინი სულ ცდილობდნენ, რამენაირად თავიანთი ტყუილები გაეტანათ. მე ვცდილობ, რამენაირად სიმართლე დავადგინო“, - ამბობს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მისი თქმით, ის გააგრძელებს სიმართლის დასადგენად ბრძოლას, მიუხედავად პროკურატურის მიერ გამოძიების შეწყვეტისა.

მთავარმა პროკურატურამ თემირლან მაჩლიკაშვილის მიმართ, ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება 2020 წლის 25 იანვარს შეწყვიტა. მიზეზად კი დასახელდა საქმეში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ არც სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრეს. ის მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ამ დრომდე მოითხოვენ, სახელმწიფომ ჩადენილი დანაშაული აღიაროს, რისთვისაც აქციებს მართავენ პარლამენტის შენობის წინ. ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებდნენ ხელმოწერებს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით.

სტრასბურგის სასამართლომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვის გადაწყვეტილება მიიღო.

ევროპული სასამართლო განიხილავს საქმეს „მაჩალიკაშვილები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. სასამართლომ უკვე მიმართა საქართველოს მთავრობას და მოითხოვა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის მოსპობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების მასალების, მათ შორის, სპეცოპერაციის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარდგენა.

მაჩალიკაშვილების ინტერესებს ევროსასამართლოში „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონოტორინგის ცენტრი“ (EMC) წარმოადგენს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის გამოძიება საქართველოში ფორმალური სახისაა.

არასამთავრობო სექტორი "ქართულ ოცნებას" მიმართავს

ოცამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად პარლამენტს კიდევ ერთხელ მიმართოს საკონსტიტიციო ცვლილებების ინიციატივით.

არასამთავრობო სექტორის მიმართვის საფუძვლად იქცა საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ბოლო ხანს გამოთქმული კრიტიკული შეფასებები: „ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში დემოკრატიული განვითარების მხრივ უკან გადადგმული ნაბიჯები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებისგან უპრეცედენტო ყურადღების ქვეშ მოექცა. დაპირებული პროპორციული საარჩევნო რეფორმის ჩაგდება, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესი, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ქვეყნის პარტნიორების მხრიდან მწვავე კრიტიკის საგანი გახდა. ამის დასტურია ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გაკეთებული კრიტიკული განცხადებები და საქართველოს პრემიერ მინისტრის სახელზე ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრების მიერ გამოგზავნილი რამდენიმე მწვავე წერილი“.

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ მოთამაშეებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბულია და საზოგადოებაში იზრდება პოლარიზაცია, რასაც უარყოფითი გავლენა ექნება საპარლამენტო არჩევნების წინაასარჩევნო გარემოსა და არჩევნების დღეზე:

„ასეთ ვითარებაში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ და მმართველმა პარტიამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ვითარების განსამუხტად და საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ქვეყნის რეპუტაციის აღსადგენად. ამ სიტუაციაში გამოსავალი საზოგადოებისთვის მიცემული პირობის შესრულება და პროპორციულ სააარჩევნო სისტემაზე გადასვლა იქნება".

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამს, ეს ქართული და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღიქმება, როგორც მმართველი პარტიის მზაობა, უზრუნველყოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარება:

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემოს შექმნა განამტკიცებს არჩევნების ლეგიტიმურობას, აღადგენს დასავლელი პარტნიორების ნდობას და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყნის რეპუტაციას. საარჩევნო სისტემის ცვლილება პოლიტიკურ პარტიებს შესაძლებლობას მისცემს წინასაარჩევნო მზადების რეჟიმში გადავიდნენ, შეამცირებს პოლარიზაციის ხარისხს, შექმნის პოლიტიკური პროცესის დასტაბილურების წინაპირობას“.

არასამთავრობო ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, გაიაზროს პასუხისმგებლობა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლის მიზნით, კიდევ ერთხელ მიმართოს პარლამენტს შესაბამისი კონსტიტუციური ცვლილებების ინიციატივით.

პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

გენერალურმა პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. პროკურატურაში გაკეთებული განცხადების თანახმად, თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქმის გამოძიება 2020 წლის 25 იანვარს, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო შეწყდა.

„სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა გაისროლა.

"აღნიშნული ხელყუმბარა ამოღებული იქნა საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკის შედეგად, ჩხრეკას ესწრებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელმაც დაადასტურა ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე. მას რაიმე შენიშვნა ხელყუმბარასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია", - აღნიშნულია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების თანახმად, გამოძიების შეწყვეტის გადაწყვეტილებამ, თავის მხრივ შესაძლებელი გახადა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ შემაჯამებელი მსჯელობა მომხდარიყო სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზეც, რომელზეც სხვა საკითხებთან ერთად, მიმდინარეობდა ძიება თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისათვის მომსახურების გაწევისა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებითაც:

"კერძოდ: მიუხედავად იმისა, რომ შეიქმნა მტკიცებულებითი სტანდარტი ტერორისტებისთვის და ტერორისტული ორგანიზაციისთვის მომსახურების გაწევის შესახებ, ასევე ხელყუმბარის ფლობასთან დაკავშირებითაც, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებით გამოწვეული ვითარების შეცვლის გამო. რაც შეეხება თავად სუს-ის კონტრტერორისტულ ცენტრში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს, მასზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში ჩართული სხვა პირთა დადგენა-მხილების მიზნით“, - განაცხადეს პროკურატურაში.

პროკურატურის განცხადების მიხედვით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცრაზმელის მოთხოვნას, ეჩვენებინა მისთვის ხელები, სცადა საბრძოლო მდგომარეობაში მოეყვანა ხელყუმბარა, რის გამოც მისი მიმართულებით სპეცრაზმელმა გაისროლა.

"აღნიშნული ხელყუმბარა ამოღებული იქნა საცხოვრებელი ოთახის ჩხრეკის შედეგად, ჩხრეკას ესწრებოდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, რომელმაც დაადასტურა ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებული მონაცემების სისწორე. მას რაიმე შენიშვნა ხელყუმბარასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია", - აღნიშნულია გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრეს. ის მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ამ დრომდე მოითხოვენ, სახელმწიფომ ჩადენილი დანაშაული აღიაროს, რისთვისაც აქციებს მართავენ პარლამენტის შენობის წინ. ისინი მთელი საქართველოს მასშტაბით აგროვებდნენ ხელმოწერებს დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით.

ქუთაისის აეროპორტში ხარაჩო ჩამოინგრა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ხარაჩო ჩამოინგრა. აეროპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნანა ბარამიძის თქმით, ხარაჩო ძლიერი ქარის შედეგად ჩამოინგრა, შემთხვევის ადგილზე არავინ იმყოფებოდა და, შესაბამისად, არავინ დაშავებულა.

„ხარაჩო ძლიერი ქარის გამო ჩამოინგრა. ქარის გამო სარემონტო სამუშაოები არ მიმდინარეობდა, ხარაჩოზე არავინ იმყოფებოდა და არავინ დაშავებულა.უსაფრთხოების ზომები დაცული იყო, ტერიტორია შემოსაზღვრული იყო დამცავი ბადით. საუბარია არსებული ტერმინალის ფასადზე მიმდინარე სამუშაოებზე. მიმდინარეობს ფასადის განახლების სამუშაოები“, - აცხადებს ნანა ბარამიძე.

მისი სიტყვებით, ხარაჩო რამდენიმე საათის წინ ჩამოიშალა და ამჟამად ტერიტორიას ალაგებენ.

ვახტანგ გომელაური: ჩანაწერებით "გამოვარდნა" არასწორია

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია, რაც პოლიციის მაიორმა გიორგი დვალიშვილმა გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, ლევან იზორიას ძმის მონაწილეობით მომხდარი ინციდენტიდან 6 წლის შემდეგ.

„ეს(ჩანაწერი) ეხლა ამას შენახული ჰქონდა, თუ რა ჰქონდა, მე ნამდვილად არ ვიცოდი, ეხლა გავიგე. არც მახსოვდა, დვალიშვილი იყო თუ სხვა გვარი იყო“, - უთხრა დღეს, 28 იანვარს ჟურნალისტებს გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ის, რასაც დვალიშვილი დევნას უწოდებს, სინამდვილეში იყო საპატრულო პოლიციაში მიმდინარე რეფორმა, რომლის გამოც სხვაგან გადასვლა უწევდა: „ეს ჩვეულებრივი თემაა. ხვალ შეიძლება, დამიძახონ და მითხრან, იცი რა, დღეს მინისტრი ხარ, ხვალე მოადგილედ უნდა გადახვიდე ამა და ამ სამინისტროში, გუნდს ეს სჭირდება. გადაწყვიტავს, ვთქვათ, პრემიერი, მთავრობა და მე უნდა გადავიდე. კი არ უნდა გამოვვარდე, უკაცრავად, ჩანაწერებით. ეს არასწორია“.

ვახტანგ გომელაურის განცხადებითვე, თუ გიორგი დვალიშვილმა დანაშაული დააფიქსირა, გენერალური ინსპექციისთვის ან პროკურატურისთვის უნდა მიემართა: „არ უნდა შეენახა(ჩანაწერი). ჩემი თავდაცვის მიზნით შევინახეო. ვინ დევნიდა?! ექვსი წლის განმავლობაში თანამდებობაზე იყო ეს ადამიანი. ერთი წლის წინ დაუსაქმეს მეუღლე. არავის ხელი არ შეუშლია. როგორ ფიქრობთ, ექვსი წელი რომ დევნაში ყოფილიყო ეს ადამიანი უსაფრთხოების სამსახურის მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ან სხვა სამსახურების ზეწოლის ქვეშ ყოფილიყო, ეს ადამიანი იმუშავებდა კიდევ ექვსი წელი?!“

„მთავარი არხის“ კორესპონდენტის შეკითხვას, რატომ არ მისცეს პასუხისგებაში კიტა იზორია, რომელიც პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდა და აგრესიას გამოხატავდა, ვახტანგ გომელაურმა უპასუხა, რომ იზორია პოლიციას ხელით არ შეხებია და ერთ ადგილას უბრალოდ, ამბობს, ფორმას გაგხდითო, რაც დანაშაული არ არის. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, იზორიას ქმედებას არანაირი გამართლება არ აქვს, მაგრამ ხშირია შემთხვევა, როცა ასეთ დროს ადამიანს არ აკავებენ.

ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტს ჰკითხა, თავად აქვს თუ არა ნანახი ჩანაწერი სრულად: „მანამდე რა მოხდა, იქნებ ესენი(საპატრულო პოლიცია) აყენებენ შეურაცხყოფას. არ ვიცი. ვთქვათ, შეიძლება ხო?!

2014 წელს გომელაური შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.

რამდენიმე დღის წინ, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა 2014 წლის ვიდეოჩანაწერი, რომლის თანახმად, საპატრულო პოლიციის მაიორი გიორგი დვალიშვილი აკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მაშინდელი მოადგილის, ლევან იზორიას ძმას, ვახო (კიტა) იზორიას და მას მალევე ათავისუფლებენ საპატრულო პოლიციის ავტომანქანიდან.

გიორგი დვალიშვილმა „მთავარ არხს“ უთხრა, რომ მას შემდეგ, რაც იზორია წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა, დაიწყო მისი დევნა - დააქვეითეს, სამეგრელოში გადასვლა შესთავაზეს, მოგვიანებით კი, რეორგანიზაციის საბაბით, კადრების განყოფილებაში გადაიყვანეს.

დვალიშვილის ამ განცხადების საფუძველზე თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

27 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ლევან იზორია დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობას ტოვებს და გერმანიაში ელჩად ინიშნება. იზორიამ POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი ძმის დაკავება უსაფუძვლო იყო და, სავარაუდოდ, არსებობს ჩანაწერის სრული ვერსია, რომელიც ნათელს მოჰფენს ინციდენტის წარმოშობის მიზეზებს.

ბულგარეთში პატიმრობა მიუსაჯეს აქტივისტზე თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილ უკრაინელს

ბულგარეთის სასამართლომ სამშაბათს უკრაინის მოქალაქე ოლექსი მოსკალენკოს (ლევინს) 40 დღით პატიმრობა მიუსაჯა მასზე ინტერპოლის მიერ გამოცხადებული ძებნის საფუძველზე. მოსკალენკო (ლევინი) ეჭვმიტანილია იმაში, რომ ის მონაწილეობდა უკრაინელ აქტივისტ ქალზე თავდასხმის ორგანიზებაში, რასაც აქტივისტის სიკვდილი მოჰყვა. ბულგარელმა პროკურორებმა იმავე დღეს განაცხადეს, რომ მათ ექსტრადიციის თაობაზე დოკუმენტები პირდაპირ უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის, ვიქტორ ტრეპაკისგან მიიღეს.

42 წლის მოსკალენკო ბულგარეთის შავიზღვისპირა ქალაქ ბურგასში დააპატიმრეს 24 იანვარს. ბულგარეთის პოლიციის თანახმად, ის თითის ანაბეჭდებით ამოიცნეს. პოლიციის თქმით, ეჭვმიტანილმა 2018 წელს ბულგარეთის საზღვარი ფეხით გადაკვეთა რუმინეთიდან და უკრაინის მოქალაქის მიერ ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

იმავე წლის 31 ივლისს უკრაინის ქალაქ ხერსონში თავდამსხმელმა მჟავა შეასხა უკრაინელ აქტივისტ კატერინა ჰანდზიუკს. მისი სხეულის 30% პროცენტი დამწვარი იყო და სამ თვეში, მრავალჯერადი ოპერაციების შემდეგ გარდაიცვალა. ჰანდზიუკი ხშირად ილაშქრებდა ქალაქში კორუფციის წინააღმდეგ.

ლონდა თოლორაია: „მწვანე სკოლაში“ დაირღვა არასრულწლოვნების პერსონალური მონაცემები

ლონდა თოლორაია, სახელმწიფო ინსპექტორი

სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია ამბობს, რომ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმის გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ „მწვანე სკოლის“ მხრიდან დარღვეული იყო მოსწავლეთა პერსონალური მონაცემები.

„ჩვენ ეს ფაქტი შევისწავლეთ და „მწვანე სკოლაში“ დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას და ეს გადაწყვეტილება უკვე მათთვის არის ცნობილი“, - უთხრა ჟურნალისტებს ლონდა თოლორაიამ. მან არასრულწლოვნის გარდაცვალების საქმის დეტალებზე არ ისაუბრა და მხოლოდ ის თქვა, რომ გარდაცვლილის დედა მეორედ დაიკითხა:

„მშობელი დაკითხულია ხელმეორედ, ამ ეტაპზე მეტ ახალ ინფორმაციას მე ვერ მოგაწოდებთ. ძალიან მალე ამ საქმეზე ამოიწურება საგამოძიებო მოქმედებები და წინასწარი გამოძიება და გამოძიების დასრულებისთანავე მე თქვენ უფრო მეტ დეტალს გეტყვით“, - განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორმა.

სახელმწიფო ინსპექტორის მიერ „მწვანე სკოლაში“ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შესწავლის მიზეზი კი გახდა ის, რომ გამოიკვეთა არასრულწლოვანთა პერსონალური ინფორმაციის მოპოვების, შენახვისა და გავრცელების წესების დარღვევის ნიშნები.

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

თვითმკვლელობის მცდელობამდე მოზარდი „მწვანე სკოლაში“ კედლებზე წარწერების გაკეთების ფაქტზე გამოკითხეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში.

12 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ადვოკატმა, რომელიც მიუთითებდა პოლიციის განყოფილებაში არასრულწლოვნის მიმართ იძულების ფაქტზე.

17 დეკემბერს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დააკავა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელსაც ბრალად ედება ჩვენების მიცემის იძულება. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ტიკარაძე: ჩინეთთან ფრენები აიკრძალება, იგეგმება უჰანიდან ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია

ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ იგეგმება ჩინეთთან საჰაერო მიმოსვლის დროებითი აკრძალვა. მისივე თქმით, განხორციელდება ასევე უჰანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია:

„ფრენები აიკრძალება, ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება და დღეს, დღის მეორე ნახევარში, ჩვენ გვექნება შეხვედრა, სადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა გზით მოხდება ამ მოქალაქეების ევაკუაცია“, - უთხრა ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, საქართველო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად ჩართულია ახალი სახეობის კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში:

„ამ დროისათვის საფრთხე არ არსებობს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს საფრთხე შეიძლება არ დადგეს, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ დავიყვანოთ მინიმუმამდე საფრთხის გაჩენის რისკი“, - განაცხადა მინისტრმა.

ჩინეთში საქართველოს ელჩის, არჩილ კალანდიას თანახმად, ახალი სახეობის კორონავირუსის გავრცელების რეგიონში საქართველოს 5 მოქალაქე იმყოფება.

თავის მხრივ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავაც აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ ჩინეთთან პირდაპირი ფრენების დროებითი შეჩერება გახდება საჭირო:

„ხორციელდება სკრინინგი ჩინეთიდან მომავალ მგზავრებზე და ჩვენც ვართ ჩართული, თუმცა ვფიქრობ, მოგვიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება და ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებითი შეჩერება, მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო კვლავაც მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად. ჩვენ ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება იქნება აუცილებელი იმისათვის, რომ უფრო მშვიდად ვიყოთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

პეკინი-ურუმჩი-თბილისის რეისები, რომლებიც 25 და 27 იანვარს უნდა განხორციელებულიყო, არ შესრულდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანახმად, რეისები ჩინური მხარის გადაწყვეტილებით გაუქმდა და ამის მიზეზი საახალწლო ღონისძიებები გახდა.

ჩინეთში 106-მდე გაიზარდა ახალი სახეობის კორონავირუსით(2019-nCoV) გარდაცვლილთა რიცხვი. ჩინეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ გარდაცვალების პირველი შემთხვევაა ქვეყნის დედაქალაქ პეკინშიც.

28 იანვრის დილის მონაცემებით, ვირუსით ინფიცირებულია 4515 ადამიანი. ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, 106 გარდაცვლილიდან 100 ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანის მცხოვრები იყო. დეკემბრის ბოლოს, სწორედ ამ ქალაქიდან გავრცელდა მანამდე უცნობი ვირუსი. უჰანის 11 მილიონზე მეტი მცხოვრები კარანტინის ქვეშ იმყოფება. განსაკუთრებული ზომებია მიღებული ჰუბეის პროვინციის სხვა ქალაქებშიც.

საქართველოს მთავრობაში ამბობენ, რომ ჭორებისთვის არ სცალიათ

საქართველოს მთავრობის წევრები არ ადასტურებენ ინფორმაციას მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ.

მას შემდეგ, რაც 27 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ლევან იზორია დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობას ტოვებს და გერმანიაში ელჩად ინიშნება, მედიასაშუალებებით გავრცელდა ცნობები, რომ უახლოეს ხანში ამ პოსტს დაიკავებს მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მთავრობის მეთაურად კი ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდება.

„არასწორი ინფორმაცია გაქვთ“, - უთხრა დღეს, 28 იანვარს ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

მთავრობაში საკადრო ცვლილებებს არ ადასტურებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა: „ვფიქრობ, რომ ეს არის აგორებული შავი პიარი იმ მიზნით, რომ წარმოჩინდეს, თითქოს, რაღაცა ხდება, არასტაბილურობა სამთავრობო გუნდში, რაც არის ტყუილი, მეგობრებო! ძალიან კარგად, შეხმატკბილებულად ვმუშაობთ“.

ნათია თურნავას განცხადებითვე, მთავრობას ძალიან ბევრი საქმე აქვს და ჭორებისთვის არ სცალია.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG