Accessibility links

მამუკა მდინარაძე "ევროპულ საქართველოს" - თქვენ ხართ პირდაპირ რუსული ძალა


პარლამენტის წევრი მამუკა მდინარაძე

საქართველოს პარლამენტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ და „ევროპული საქართველოს“ წევრების ურთიერთბრალდებები ბოლშევიკური აზროვნების და პრორუსულობის შესახებ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააგრძელა.

„პრორუსულობა კი არა, თქვენ ხართ პირდაპირ რუსული ძალა იმიტომ, რომ მთელი თქვენი მმართველობის განმავლობაში აკეთეთ რუსული საქმე. ავტოკრატიულობის მსგავსებიდან დაწყებული“, - მიმართა მამუკა მდინარაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრს, სერგი კაპანაძეს, რომელმაც მანამდე „ქართული ოცნება“ პრორუსულობაში დაადანაშაულა.

მამუკა მდინარაძემ „ევროპულ საქართველოს“ ბრალი დასდო ორმაგ სტანდარტებშიც.

„ორმაგი სტანდარტია, რომ ნაცმოძრაობის დანაყოფები - „ევროპული საქართველო“ და საკუთრივ „ნაციონალური მოძრაობა“ თავს უწოდებთ პროდასავლურს, მოუწოდებთ პროდასავლურ ძალებს, რომ კოალიციაში არ შევიდნენ 2020 წელს „ქართულ ოცნებასთან“ და თქვენი გენერალური მდივანი გიგი უგულავა ამბობს, რომ შეეკვრება პრორუსულ ძალებს, ოღონდ ეს ხელისუფლება დაამხოს და დაამარცხოს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე შტო „აპრავებს“ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოსთვის წაგებიანი რეზოლუციის მხარდაჭერას და ომის შედეგებს, თითქოს, „ქართულ ოცნებას“ დაეკარგოს ტერიტორიები.

„ვითომ, ეთანხმებით პრაგმატულ პოლიტიკას და დასავლეთის მხარდაჭერას ჩვენი სახელმწიფოს მიმართ და ამ დროს, კვარტალში ერთხელ შემოაგდებთ ისეთ თემას, სპეკულაციურს, რომლის შედეგები შეიძლება იყოს დამაზიანებელი მხოლოდ ქართული სახელმწიფოსთვის და არა ოკუპანტი ქვეყნისთვის“, - თქვა მამუკა მდინარაძემ.

მან ორმაგი სტანდარტის მაგალითად მოიყვანა ისიც, რომ ნიკა გვარამიას მიერ დაარსებული ტელეკომპანია „მთავარი“ მაუწყებლობს „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი დამფინანსებლის, ზაზა ოქუაშვილის ტელეკომპანია „იბერიის“ ბაზაზე.

„გვარამია, თქვენი სულიერი ძმა მეორე შტოდან, პროდასავლურობაზე ლაპარაკობს და სამომავლო ბულინგს ეწევა 2020 წლისთვის, პრევენციას აკეთებს, და ამ დროს „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი მთავარი დამფინანსებლისგან იღებს დღეს დაფინანსებას და იმის ბაზაზე რაღაცეებს აკეთებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით, ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლებს სჭირდებათ მხოლოდ საზოგადოების მოტყუების მცდელობაზე აგებული კამპანია.

„არ ტყუვდება ეს საზოგადოება, ყველა არჩევნებს მაინც აგებთ, წააგებთ... და იცით, რა იქნება პოლიტიკური განადგურება, 2020-ში მიმსგავსებულ შედეგებსაც ვერ მიიღებთ, რაც მიიღეთ აქამდე. ამის გარანტიას გაძლევთ იმიტომ, რომ ყველაფერს ერქმევა თავისი სახელი. პოლიტიკურად მართლა განადგურდებით იმიტომ, რომ იმსახურებთ. და ხალხის ხელით გაკეთდება ეს ყველაფერი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ, „ევროპული საქართველოს“ დეპუტატმა, სერგო რატიანმა უმრავლესობას „მიღწევები“ მიულოცა.

„დოიჩე ველემ შეაფასა მიღწევები და თქვა - საქართველოს პარლამენტმა პრემიერ-მინისტრად მოსკოვის კაცს დაუჭირა მხარი. აი, ეს კი არის უდიდესი მიღწევა თქვენი“, - განაცხადა რატიანმა.

რატიანმა „ქართული ოცნების“ მიღწევად დაასახელა ისიც, რომ გახარიას პრემიერ-მინისტრობას მიესალმა რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი გავრილოვი, რომლის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას მოჰყვა 20-21 ივნისის მოვლენები და საპროტესტო აქციის დაშლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG