Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

20-21 ივნისის ღამის საქმეზე დაკავებული 3 პირი პატიმრობაში რჩება


20-21 ივნისის საქმეზე დაკავებული სამივე პირი - ილია მემანიშვილი, მორის მაჩალიკაშვილი და გოგი ქურდოვანიძე კვლავ პატიმრობაში რჩებიან. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა.

ადვოკატებმა ბრალდებულების გათავისუფლების შუამდგომლობა დააყენეს, რასაც ბრალდების მხარე არ დაეთანხმა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკავებულებმა ბრალთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციაც დააფიქსირეს და აღნიშნეს, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობდნენ.

„მეგონა, გულისხმიერებას გამოიჩენდნენ და გამოუშვებდნენ ყველას“, - განაცხადა პანკისის ხეობას ჩატარებული სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა, რომელიც 20-21 ივნისის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის მორის მაჩალიკაშვილის ნათესავია, სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ.

„მოსამართლის ხელში არაფერია. მაღლიდან აქვთ დაკვეთა, გამოუშვებენ თუ არა. ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ასეთი სამართლიანი მოსამართლეები გვყავს. რად გვინდა მოსამართლე, თუ უსამართლობაში ვცხოვრობთ? უსამართლობას და სადისტურ დანაშაულებს თვითონ ჩადიან ესენი. მე მაინც მგონია, რომ 24-ში გამოუშვებენ“, - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

რაც შეეხება ბეჟან ლორთქიფანიძეს, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მისი საქმეც განიხილებოდა, მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული 20-21 ივნისის საქმეზე. მან სასამართლო სხდომაზე დაკავებული პირების გათავისუფლება ითხოვა და განაცხადა, რომ როგორც თავად არ მიემალა გამოძიებას, ასევე ისინი არ მიიმალებიან.

ბეჟან ლორთქიფანიძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ, მოსამართლე ნატო ხუჯაძეს, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, არაკომპეტენტური, არასამართლიანი მოსამართლე უწოდა,

„პატრიოტული სულისკვეთებით სავსე სამ ადამიანს პატიმრობაში ტოვებთ, რათა გახარიას ჰქონდეს სათქმელი, რომ 20 ივნისი პარლამენტზე შტურმის დღე იყო და არა გავრილოვის ღამე. აიცილეთ ეს საქმე, რომ ელემენტარული სახე შეინარჩუნოთ“, - განაცხადა ბასილაიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს 20-21 ივნისის ღამით ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული სასამართლო პროცესი. გამოძიება სისხლის სამართლის 225-ე მუხლის (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა) მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც, კანონის თანახმად, 4-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

20-21 ივნისის ღამით ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG