Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 13 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა


თბილისში აღმაშენებლისა და ბელიაშვილის ქუჩებზე მდებარე კვების 13 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების შედეგად ამ ობიექტებში კრიტიკულად შეუსაბამო დარღვევები აღმოჩნდა. მათ 1000 ლარის ოდენობის საჯარიმო სანქციაც დაეკისრათ.

მუშაობას ეს ობიექტები სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული მითითებების გამოსწორების შემდეგ განაახლებენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა აღმაშენებლის და ბელიაშვილის ქუჩაზე სულ კვების 57 ფილიალი შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად მათ უმრავლესობაში გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა, ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტები, საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე, რისთვისაც მეწარმეები დაჯარიმდნენ. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ დარღვევების გარეშე მხოლოდ 7 ობიექტი მუშაობდა.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, გააქტიურებული კონტროლისა და სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შედეგად, დარღვევების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG