გურჯაანის სოფელ ველისციხეში ძლიერმა ქარმა ათამდე სახლს სახურავი გადახადა. დაისეტყვა სოფელი ვაზისუბანი. დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები.
გურჯაანის მერი, არჩილ ხანდამაშვილი ამბობს, რომ ახლა ეცნობა არსებულ ვითარებას და ინფორმაციას აგროვებს.
"ჯერ არ მაქვს ინფორმაცია, რამდენი პროცენტითაა დასეტყვილი ვენახები. რაც შეეხება ველისციხეს, დაზარალებულ მოსახლეობას, ვის სახლსაც ქარმა სახურავი გადახადა, მერია შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარება", - განაცხადა გურჯაანის მერმა.
ძლიერი ქარი იყო ყვარელშიც. მოტეხილი ხე სოფელ სანავარდოში საბავშვო ბაღის ღობეს დაეცა და დააზიანა. ხე დაეცა ასევე ყვარელში გაჩერებულ სატვირთო ავტომობილს.
ქარისა და სეტყვისგან მიყენებული ზარალის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი.