Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ე.წ. საზღვარს პერევთანაც კეტავს


რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარს კეტავს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევთანაც.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის განცხადებით, „რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების გამო“ პერევთან მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტი დაიკეტება 18 სექტემბერს, საღამოს რვა საათიდან 22 სექტემბრის დილის ექვს საათამდე. ოკუპირებულ რეგიონში "რესპუბლიკის დღეს" 20 სექტემბერს აღნიშნავენ.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ 4 სექტემბრიდან დაკეტა ე.წ. გამშვები პუნქტები ოკუპირებული ახალგორის და ჯავის რაიონებთანაც. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ირწმუნებოდა, რომ ახალი სასწავლო წლის დაწყების გამო, "საზღვარი" 6 სექტემბრამდე იკეტება, თუმცა, ე.წ. გამშვები პუნქტები ამ დრომდე არ მუშაობს. ამის მიზეზად დე ფაქტო ხელისუფლება ასახელებს საქართველოს მთავრობის მიერ „საზღვართან“ ვითარების დაძაბვას და „ოპერატიული ვითარების გართულებას“.

დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის მიერ 18 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. საზღვრის ეს მონაკვეთები „მდგომარეობის ნორმალიზების“ შემდეგ გაიხსნება.

საოკუპაციო ხაზთან ვითარება აგვისტოს ბოლოდან დაიძაბა. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნის გამო, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. სასაზღვრო საგუშაგო დადგეს ოკუპირებული სოფლის, წნელისის მახლობლად, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG