Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასრულწლოვანთა მონაწილეობით პორნოგრაფიული პროდუქციის დამზადებისთვის 11 პირი დააკავეს


საქართველოში დააკავეს 11 ადამიანი, რომლებსაც ბრალად ედება არასრულწლოვნების მონაწილეობით პორნოგრაფიული პროდუქციის დამზადება და გასაღება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვანთა მშობლები და აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეები.

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნებით ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელის გამოავლენასა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავებაში მონაწილეობდნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლები.

შსს-ს განცხადებით, ქართველი და უცხოელი სამართალდამცველები რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდნენ ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს. შედეგად, მოსამართლის განჩინებით დააკავეს საქართველოს ცხრა, აშშ-ის ერთი და ავსტრალიის ერთი მოქალაქე.

დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები და უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები.

დანაშაული 17-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აშშ-ს მოქალაქე კ.უ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის განაღდებას თბილისში არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში განთავსებული კრიპტომატებიდან ახდენდა.“

შსს-ს ცნობითვე, „პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე უკანონო ფოტოსალონებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ძვირადღირებული ფოტოაპარატები, განათების საშუალებები, რეკვიზიტები და კომპიუტერული ტექნიკა. ამოღებულია კომპიუტერულ ტექნიკაში, დისკებსა და ფოტოაპარატებში მოთავსებულ მეხსიერების ბარათებზე არსებული არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალები.“

შსს-ს განცხადებით, დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით ტარდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები.

გამოძიება გრძელდება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის მუხლებით.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოჰყავს საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაც, რომ საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული, რამდენიმე ქვეყნის ჩართულობით განხორციელებული ეს სამართალდაცვითი ღონისძიება უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ბავშვებს ზიანს აყენებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები, საერთაშორისო დონეზე, ერთობლივი ძალისხმევით, ყოველთვის შეძლებენ მათ იდენტიფიცირებას, დაკავებას და პასუხისგებაში მიცემას. ამასთან, ამერიკის საემიგრაციო და საბაჟო უწყების შიდა უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური ყოველთვის და ყველგან აღასრულებს თავის ვალდებულებას, რომ დაიცვას ბავშვები მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას იმ ადამიანებისგან, ვინც ბოროტად სარგებლობს ბავშვთა უმწეობით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG