Accessibility links

site logo site logo

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო: „ესაა დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა“


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად მიიჩნევს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გამომცემლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის და მისი ახლო ნათესავების მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს.

საქმე ეხება ბათუმში, 16 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ღონისძიების სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსს როინ კოჩალიძესა და მზია ამაღლობელის ნათესავებს შორის მომხდარ ინციდენტს.

როინ კოჩალიძე ჩვენებაში აღწერს, რომ ინციდენტის მონაწილე პირებს პოლიციის შეურაცხყოფისა და გინების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, რა დროსაც მას წინააღმდეგობა გაუწიეს. ბრალდებულების განმარტებით კი, სამოქალაქო ფორმაში მყოფი პირი ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრათ, ერთ-ერთს სხეულის დაზიანებაც მიაყენა.

პოლიციამ საქმის გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ფიზიკური ძალადობა) დაიწყო. მას შემდეგ, რაც საქმის დეტალების გასარკვევად „ბათუმელების“ დირექტორი ადვოკატთან ერთად პოლიციაში მივიდა, კვალიფიკაცია დაამძიმეს 353-ე პრიმა პირველი მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელზე ჯგუფურ თავდასხმას. აღნიშნული მუხლი სასჯელად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულთა ადვოკატების განმარტებით, პროკურატურას ბრალის დამძიმების საფუძველი არ ჰქონდა.


ინციდენტიდან რამდენიმე დღეში, ერთ-ერთი ბრალდებულის დაკავების მოტივით სამართალდამცავები გაუფრთხილებლად შევიდნენ და საგამოძიებო მოქმედება განახორციელეს მზია ამაღლობელის საცხოვრებელ სახლში, სადაც ბრალდებული არაა რეგისტრირებული და არც არასდროს უცხოვრია, მაშინ, როცა აღნიშნული ბრალდებულისთვის მისივე საცხოვრებელ სახლში არ მიუკითხავთ.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო საგანგაშოდ მიიჩნევს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორისა და გამომცემლის მიმართ ზეწოლას. „ბათუმელები“, რომლის გამოცემაა ასევე „ნეტგაზეთი“, გამოირჩევა კრიტიკული მასალებით, ჟურნალისტური გამოძიებებით და ხაზგასასმელია ის, რომ რეგულარულად აშუქებს სამართალდამცავი უწყებების საქმიანობას.

ქარტია მოუწოდებს მთავარ პროკურატურას გამჭვირვალედ წარმართოს გამოძიება. მივმართავთ სახალხო დამცველს, უფლებადაცვით და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე, დიპლომატიურ კორპუსს განახორციელონ საქმეზე ეფექტური მონიტორინგი”, - წერია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG