Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა ნიუ-იორკში, უნივერსალური ჯანდაცვის შეხვედრაზე


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებში მონაწილეობს.

ზურაბიშვილი 23 სექტემბერს სიტყვით გამოვიდა უნივერსალური ჯანდაცვის შეხვედრაზე, რომელიც მსოფლიოში საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფაზეა მიმართული.

„2013 წლიდან საქართველომ დაამტკიცა, რომ ჯანდაცვის საყოველთაოობის მიღწევა შესაძლებელია შეზღუდული რესურსის მქონე ქვეყნებისთვისაც.

ჩვენ ჯანმრთელობა გამოვაცხადეთ პოლიტიკურ პრიორიტეტად და, რესურსების ეფექტიანი მობილიზაციის გზით, საქართველოს მოსახლეობის 90%-ს დღეს უკვე აქვს წვდომა ჯანმრთელობის დაცვის აუცილებელ სერვისებზე. საყოველთაო ჯანდაცვის დანერგვამ, როგორც ფინანსური ბარიერის აღმოფხვრის მთავარმა მექანიზმმა, 25%-ით შეგვიმცირა ჯიბიდან გადახდები; ასევე, შემცირდა გაღატაკების რისკები. უნივერსალურობის კიდევ ერთი კარგი მაგალითია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის განხორციელებაც საქართველოს მთავრობამ 2015 წელს დაიწყო აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, „გილეად საიენსის“, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და სხვა პარტნიორების ხელშეწყობით. ეს პროგრამა შექმნის ქრონიკული დაავადების მედიკამენტური მკურნალობით აღმოფხვრის პრეცედენტს მსოფლიოში“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

ამასთანავე, როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ქრონიკული და არაგადამდები დაავადებები ჯერ კიდევ დიდ ტვირთს წარმოადგენს. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა დიდ ძალისხმევას დებს საიმისოდ, რომ გაიზარდოს პენსიონერებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის ქრონიკული დაავადებების შემთხვევებში მედიკამენტებით უზრუნველყოფა.

სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების მდგომარეობის შესახებაც საუბრობს.

„თუმცა ჩემი გული რჩება ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებთან, რომელთაც ხშირად არ ეძლევათ შესაძლებლობა, სრულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის იმ სიკეთეებით, რასაც მათ საქართველოს სახელმწიფო სთავაზობს“, - თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების დღის წესრიგი მოითხოვს განახლებულ მიდგომას ჯანმრთელობაზე, გარემოსა და თანასწორობაზე.

„ჩვენ უნდა ვიყოთ უფრო პროაქტიულები, ინოვაციურები, გამოვიყენოთ ელექტრონული ჯანდაცვისა და ტექნოლოგიების შესაძლებლობები“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

25 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე სიტყვით გამოსვლას გეგმავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG