Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერაბ გაბინაშვილი: შეთავაზება გიორგი მიქაუტაძისგან მივიღე


უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, მერაბ გაბინაშვილის თქმით, ამ პოსტზე ნომინირების შეთავაზება მან თავდაპირველად პირადად იუსტიციის საბჭოს მდივნისგან, გიორგი მიქაუტაძისგან მიიღო და ამის შემდეგ მოხვდა თავდაპირველ 10-კაციან სიაში.

24 სექტემბერს, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე მიმდინარე მოსმენისას, „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი დეპუტატის, გიგა ბოკერიას შეკითხვის საპასუხოდ, მიქაუტაძემ განაცხადა, რომ გიორგი მიქაუტაძე მას ტელეფონით დაუკავშირდა.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან დამირეკა იუსტიციის საბჭოს მდივანმა, ბატონმა გიორგი მიქაუტაძემ... მე პირადად თავად გიორგი მიქაუტაძემ დამირეკა. არა მხოლოდ ვიცანი მისი ნომერი, რომელიც ჩაწერილი მაქვს, არამედ ხმაზეც ვიცანი და სხვა ვერბალურ მახასიათებლებზეც... ბატონმა გიორგიმ მითხრა, რომ საბჭოს მოსამართლე წევრებთან შეთანხმება იყო... საბჭოს წევრებთან იყო შეთანხმება, მათ შორის - ვადასტურებ, მოსამართლე წევრებთან“, - განაცხადა გაბინაშვილმა.

„თქვენი ტელეფონის დეტალური ამონაწერი, აი, იმ დღეების, თქვენივე ნებართვით რომ თხოვოთ მობილურ კომპანიას, რომ გამოაქვეყნოს, თანახმა იქნებოდით ამაზე?“, - ჰკითხა გიგა ბოკერიამ მერაბ გაბინაშვილს.

„არანაირი პრობლემა არ არის, გამომდინარე იქიდან, რომ ყოველდღიური შეხება მაქვს თითქმის ყველა კოლეგასთან... რა პრობლემაა?!“, - უპასუხა დეპუტატს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა.

„და ეს რას დაადასტურებს, ბატონი გიგა“, - საპასუხო შეკითხვა დასვა მერაბ გაბინაშვილმა.

„ან დაადასტურებს, ან გამორიცხავს - ისე გკითხეთ... ვისთან გქონდათ კომუნიკაცია? მაგალითად, აი, (ლევან) მურუსიძე ხომ არ იყო ის, ვინც გირეკავდათ ხშირად იმ დღეებში?“, - მიმართა ბოკერიამ კანდიდატს.

მერაბ გაბინაშვილმა დეპუტატის სხვა შეკითხვების საპასუხოდ განაცხადა ასევე, რომ კვლავაც სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს განცხადების დაწერის გზით საკუთარი კანდიდატურის მოხსნას მას შემდეგ, რაც 2018 წლის დეკემბერში პარლამენტში დიდი პრობლემები შეექმნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გადაგზავნილ 10-კაციან სიას. გაბინაშვილი არ თვლის, რომ გიორგი მიქაუტაძის საქციელმა ზიანი მიაყენა მოსამართლეების შერჩევის პროცესსა და სასამართლოს ავტორიტეტს.

„ეს იყო კანონიერი პროცესი... კანონიერი პროცესი ზიანს ვერ მიაყენებდა“, - უპასუხა მერაბ გაბინაშვილმა დეპუტატ ბოკერიას შესაბამის შეკითხვას.

„ყველაფერი წესრიგში იყო? აბა რატომ დაწერეთ განცხადება?“, - დამატებით იკითხა გიგა ბოკერიამ.

მერაბ გაბინაშვილის თქმით, გიორგი მიქაუტაძისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება - მოეხდინა უზენაესი სასამართლოს კანდიდატების ნომინირება, „გამომდინარეობდა კონსტიტუციის პრინციპიდან“, ხოლო "სასამართლოსთვის ზიანი შესაძლებელია შეფასდეს მხოლოდ ერთ კონტექსტში, რომ ამას მოჰყვა ძალიან არასასურველი აჟიოტაჟი და შეილახა სასამართლოს ავტორიტეტი უსაფუძვლოდ“.

„მე მაინტერესებს, შელახა თუ არა მიქაუტაძისა და სხვების მიერ მიღებულმა (მოდით, მივცემ ასეთი ეჭვის „ბენეფიტს“) ამ გაუთვლელმა გადაწყვეტილებამ უზენაესი სასამართლოსა და მთელი ამ პროცესის ავტორიტეტი?“, - დასვა კიდევ ერთი შეკითხვა გიგა ბოკერიამ.

„ამ შეგნებულმა გადაწყვეტილებამ სხვა ადამიანების მხრიდან გამოიწვია იმის პროვოცირება, რომ მათ პიროვნული თავდასხმები განახორციელეს კანდიდატებზე, ატყდა აჟიოტაჟი, რამაც შელახა სასამართლოს ავტორიტეტი“, - განაცხადა მერაბ გაბინაშვილმა.

10-კაციანი სიის პარლამენტში ჩავარდნის შემდეგ, 2019 წლის 4 სექტემბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, კენჭისყრის შედეგად შედგა ახალი, 20-კაციანი სია. მერაბ გაბინაშვილი იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა როგორც პირველ, ასევე მეორე სიაში, სხვა ოთხი კანდიდატის მსგავსად. მათ შორის არის თამარ ალანიაც, რომელსაც იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წინაშე 23 სექტემბერს წარსდგა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG